როგორ აშუქებდა მედია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს — მონიტორინგის შედეგები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

14 დეკემბერს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით მოამზადა და მასში შესულია ტელე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაკვირვების შედეგები. ის 2021 წლის ივლისიდან პერიოდს მოიცავს და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება. მისი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა საარჩევნო პერიოდის გაშუქება.

სატელევიზიო ახალი ამბები

კვლევის შედეგად, რომელიც რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტებისგან შედგება, გამოიკვეთა, რომ მაუწყებელთა პოლარიზაცია წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა — ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ტელეარხების ნაწილი მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, მეორე ნაწილს კი ოპოზიციის მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად ეროვნული მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად არღვევდნენ სამართლიანი და თანაბარი გაშუქების პრინციპს. ამასთან, წელსაც გაგრძელდა ტენდენცია და მიკერძოება გამოიხატებოდა არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში. მონიტორების განცხადებით, სატელევიზიო ახალ ამბებში ხშირად გვხვდებოდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის ფაქტები.

ამასთანავე, გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლი, ხოლო ცვლილებები გამოიკვეთა რუსთავი 2-ში. კერძოდ, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მფლობელის შეცვლიდან ორი წლის თავზე არხი შეუერთდა იმ მაუწყებელთა რიგს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფითად აშუქებენ ოპოზიციას, მმართველ პარტია ქართულ ოცნებას და მთავრობას კი — დადებითად.

პირველი არხი

მონიტორები პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მოამბე 21 საათზე და გადაცემას ახალი კვირა აკვირდებოდნენ. მონიტორინგის პერიოდში მოამბეში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად პირველ — მიხეილ სააკაშვილი.

ფოტო: მედიამონიტორინგი

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ელი არხის საინფორმაციო გამოშვებაში ეთიკური სტანდარტები მეტ-ნაკლებად დაცული იყო, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მოამბე წელსაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებდა. მონიტორები მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთავრობისა და სახელისუფლებო გუნდის მიმართ კრიტიკა ძირითადად ოპონენტების შეფასებებში და კომენტარებში ისმოდა.

ამასთან, მოამბეში არ გადიოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ანდა სიღრმისეული და საგამოძიებო სიუჟეტები. გამონაკლისის სახით ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა ახალ კვირას, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა გვხდებოდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მონიტორინგის პერიოდში მოამბე ყველაზე დადებითად აშუქებდა პრემიერმინისტრისა და მთავრობის საქმიანობას, მათ შორის, საერთაშორისო დონის შეხვედრებს. გარდა ამისა, აქტიურად შუქდებოდა სიახლეები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთის და კრიტიკის გარეშე.

რაც შეეხება ოპოზიციას, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ფონზე საარჩევნო პერიოდში მოამბე საკმაოდ კრიტიკული იყო ოპოზიციის მიმართ. კვლევის ავტორების განცხადებით, რაოდენობრივი მონაცემებით ყველაზე უარყოფითად ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა — ექსპრეზიდენტის მიმართ პირველი არხის ნეგატიური განწყობა ჩანს წამყვანისა და ჟურნალისტების ტექსტებშიც.

ანგარიშში საუაბრია 5 ივლისის მოვლენების გაშუქებაზეც და აღნიშნულია, რომ ამ დროს პირველი არხი კრიტიკული არ ყოფილა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ გამოუკვეთავს.

"მასალაში, ერთი მხრივ, ნათქვამი იყო, რომ მედიის წარმომადგენლები ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი გახდნენ, თუმცა მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების დაწყებიდან 25 წუთის შემდეგ შესთავაზეს მაყურებელს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, რომელიც ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოძალადე ჯგუფის წახალისებად აღიქვეს", — ნათქვამია დოკუმენტში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

მონიტორები აკვირდებოდნენ 20 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვება მთავარს. მათი თქმით, ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო — ქართული ოცნება გაშუქდა ყველაზე ნეგატიურად და დროის 17% უარყოფითი ტონი იყო, ხოლო ყველაზე დადებითად — ადგილობრივი მთავრობა (დათმობილი დროის 21% დადებითი ტონით).

ფოტო: მედიამონიტორინგი

ანგრაიშში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბები ძირითადად ეთიკური სტანდარტების დაცვით შუქდებოდა, თუმცა არხისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ პოლიტიკური მოვლენების ზედაპირული გაშუქება და ანალიტიკური, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა რჩება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აჭარის ტელევიზიშიც ხელისუფლების პასუხისმგებლობის გამოკვეთის გარეშე და მხოლოდ სიძულვილის ჯგუფების ძალადობაზე მითითებით გაშუქდა 5 ივლისის მოვლენები. კერძოდ მას არხმა 20 წუთზე მეტი დრო დაუთმო, მაგრამ არსად თქმულა, რომ ამ დღეს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უმცირესობათა კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

მონიტორები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტებმა ყურადღება გამახვილეს
იმ მცირე რაოდენობის პოლიციელთა პოზიტიურ საქმიანობაზე, რომლებიც 5 ივლისს ქუჩაში იყვნენ, ამასთან "მიჩქმალეს" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოძალადე ჯგუფის წახალისებად აღიქვეს. მეტიც, მან ხელისუფლების პოზიცია მაყურებელს პოზიტიური კუთხით დაანახა.

ანგარიშის თანახმად, დადებითი ტონი შეინიშნებოდა, როგორც ბათუმის მერობის მაშინდელი კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის, ასევე, აჭარის მთავრობის და მისი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის აქტივობების მიმართაც.

მთავარი არხი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე, შაბათის მთავარს და პოსტ ფაქტუმს. ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 72 % ნეგატიური ტონი). ყველაზე უარყოფითად კი ბიძინა ივანიშვილი გაშუქდა ( 87% უარყოფითი ტონი). მთავარი არხი ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილს (დროის 22% პოზიტიური ტონი) და ნაციონალურ მოძრაობას (13% პოზიტიური ტონი) აშუქებდა.

ფოტო: მედიამონიტორინგი

ანგარიშის მიხედვით, მთავარ არხს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა — მკვეთრად უარყოფითად აშუქებდა ხელისუფლებას და პოზიტიურად წარმოაჩენდა ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, ვკითხულობთ, რომ არხის საინფორმაციო გამოშვებები ექსკლუზიური სიღრმისეული რეპორტაჟებით გამოირჩეოდა, რა დროსაც ხშირად არღვევდა ეთიკური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებს .

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გამოშვება თემების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. არხზე ფართოდ შუქდებოდა პანდემია, სოციალური პრობლემები, კორუფცია, თუმცა მათი უმეტესობა მკვეთრი პოლიტიკური აქცენტებით.

რაც შეეხება, 5 ივლისის მოვლენებს, აქ აღნიშნულია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტები
აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებშიდა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ 14 ივლისს მთავარმა არხმა პროტესტის ნიშნად, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

მონიტორების განცხადებით, ამ ფონზე მთავარზე ღიად უჭერენ მხარს ოპოზიციას, განსაკუთრებით კი, ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს, ნიკა მელიას. მათი თქმით, პარტიის მიმართ კრიტიკული სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა. ამასთან, კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში არხს პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის და აქტივობების გაშუქებისას შერჩევითი მიდგომა ჰქონდა — ის ძირითადად დროს ნაციონალური მოძრაობის აქტივობის გაშუქებას უთმობდა.

მედიამონიტორინგის შედეგებში ნათქვამია ისიც, რომ მთავარი არხი არ აშუქებდა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას, ხოლო ხშირად მმართველი პარტიის კანდიდატებად დასახელება გამოყენებული იყო მათი დისკრედიტაციისთვის. მონიტორები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების მიმართ ნეგატიურ და მათ მადისკრედიტირებელ სიუჟეტებს კამპანიური (46:45) ხასიათი ჰქონდა.

რუსთავი 2

მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან კურიერს. მათი თქმით, ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე დადებითად ადგილობრივი ხელისუფლება გაშუქდა (დროის 47 %). ყველაზე უარყოფითად წარმოჩნდა პარტია საქართველოსთვის (დათმობილი დროის 36%).

ფოტო: მედიამონიტორინგი

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამონიტორინგო პერიოდში რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, ხელისუფლების უკრიტიკოდ, პოზიტიურ ტონში გაშუქებით იმედის სარედაქციო პოლიტიკისკენ გადაიხარა — არხი მიკერძოებული იყო ხელისუფლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში მისი საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობდა. მათი დაკვირვებით, არხი განსაკუთრებით დადებითად აშუქებდა კახა კალაძის საქმიანობას. ასევე, დადებითად შუქდებოდა მთავრობის მიერ დაანონსებული 10-წლიანი გეგმა.

პარალელურად, მონიტორების დაკვირვებით, რუსთავი 2 კრიტიკულად და უარყოფითი ტონით აშუქებდა ოპოზიციის კანდიდატებს. მათი განცხადებით, ეს შეინიშნებოდა გიგი უგულავასა შემთხვევაში, რომლის წარდგენასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბარლდებები და შეფასებები ერთვოდა თან. მაშინ, როცა მათი განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია გააჟღერეს.

ამასთან, აქ აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებას დაემთხვა, მას 2 წუთიც არ დაეთმო. რაც შეეხება, მესამე პრეზიდენტს, მონიტორები მიუთითებენ, რომ არხზე მისი პატიმრობისა და შიმშილობის თემა აქტიურად და მიკერძოებულად შუქდებოდა — ჟურნალისტების შეფასებები და დასკვნები ძირითადად თანხვედრაში იყო მმართველი პარტიის მესიჯბოქსებთან.

იმედი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს ქრონიკა 8 საათზე და იმედის კვირა. იმედზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც მთავრობა გაშუქდა (დათმობილი დროის 34%-ით), ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი (დროის 68% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას) და პარტიებიდან ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა (დროის 59% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას).

ფოტო: მედიამონიტორინგი

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის არჩევნების მსგავსად, იმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. მისი სარედაქციო პოლიტიკა იყო ხელისუფლების დადებითად წარმოჩენა და ოპოზიციის დისკრედიტაცია. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არხი ხშირად ზუსტად იმეორებდა და პირდაპირ მიჰყვებოდა მმართველი გუნდის მესიჯბოქსს — მონიტორინგის პერიოდში იმედის მიკერძოება მმართველი გუნდისადმი ნათლად ჩანდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას, როგორიცაა 5 ივლისის მოვლენები, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება და, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ჩანაწერები.

მონიტორების დაკვირვებით, არხზე ყველაზე მეტად პოზიტიური ტონი შეინიშნებოდა პრემიერმინისტრისა და თბილისის მერის მიმართ. აქვე მითითებულია, რომ კახა კალაძის წარდგენას 30 წუთი დაეთმო, თუმცა ნიკა მელიას — 3 წუთი. ამასთან, ნიკა მელიას მიმართვიდან არ გასულა არცერთი სიტყვა.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შესამჩნევი იყო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ნეგატიური გაშუქება და როცა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თავი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, არხმა ეს შემთხვევა მისი დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.

მედიამონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ, რომ იმედი უკიდურესად ნეგატიურად აშუქებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

TV პირველი

მონიტორები ყოველდღიურ მთავარ საინფორმაციო გამოშვება პირველებს და ნოდარ მელაძის შაბათს აკვირდებოდნენ. მათი დაკვირვებით, ამ არხზე ყველაზე ბევრჯერ ქართული ოცნება გაშუქდა (დროის 68% უარყოფითი ტონით), ყველაზე უარყოფითი გაშუქება კი დათმობილი ჰქონდა მთავრობას (დროის 74% უარყოფითი ტონით). არხზე
ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა (დროის 18% დადებითი ტონით).

ფოტო: მედიამონიტორინგი

მედიამონიტორინგის ავტორების განცხადებით, TV პირველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ოპოზიციის მიმართ ლოიალური არხია. მონიტორინგის პერიოდში არხი მაუწყებლობდა ხელისუფლებასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და პროტესტის პირობებში. მათი თქმით, არხის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად 5 ივლისის მოვლენებმა განაპირობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებასთან კონფლიქტის რეჟიმში მუშაობის ფონზე TV პირველი საინფორმაციო გამოშვებებში არ იცავდა მიუკერძოებლობის, ბალანსისა და ინფორმაციის გადამოწმების ჟურნალისტურ სტანდარტს. საინფორმაციო გადაცემებში სამონიტორინგო პერიოდში გასული სიუჟეტების დიდ ნაწილში ირღვეოდა ბალანსი ქართული ოცნების, პრემიერმინისტრის, მთავრობისა ან ადგილობრივი მთავრობის საზიანოდ.

მონიტორების განცხადებით, ჟურნალისტები ხშირად სუსტ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მათივე თქმით, ეთიკური გადაცდომები ხშირად ვლინდებოდა ჟურნალისტებისა თუ წამყვანების ტექსტებში (ლექსიკაში) და განსაკუთღებით უარყოფითად ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი შუქდებოდა. ამასთან, მათი თქმით, არხი არ აშუქებდა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, განსხვავებული ვითარება იყო ოპოზიციის გაშუქების შემთხვევაში. კერძოდ, როგორ მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, არხი აქტიურად აშუქებდა არჩევნებს და არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ყველა საპროტესტო გამოსვლასა და აქციას. მონიტორების შეფასებით, ის ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრში და აქტიურად აშუქებდა ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის აქტივობებს.

"ასევე, გამოიკვეთა, რომ გარკვეულწილად დადებითად შუქდებოდა ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. პირველებში წარსულის კრიტიკა ნაკლებად ისმოდა და მუდმივად იმ კონტექსტში ჩანდა, რომ მისი რეიტინგი მაღალია და პოლიტიკოსების რეიტინგის ტოპ სამეულშია", — აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება სააკაშვილს, მათი თქმით, ექსპრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება და ამის შემდგომ განვითარებული მოვლენები იმგვარად შუქდებოდა, რომ სააკაშვილის ფიგურა, მისი როლი და მისია მკვეთრად დადებითად იყო წარმოჩენილი.

გარდა ამის, მონიტორები აკვირდებოდნენ რეგიონულ არხებსაც. მათ 9 არხი შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს, მკაფიო მინიშნების გარეშე. ამასთან, მონიტორების დაკვირვებით, კვლავ პრობლემად რჩება რეგიონულ მაუწყებლებში გასული სიუჟეტების ზედაპირულობა და სიღრმისეული მასალების არარსებობა. ამასთან, მათი უმეტესობის მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებდნენ არათუ საარჩევნო პროცესების, არამედ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ონლაინ მედია

მონიტორინგის მიხედვით, ონლაინ მედიის უმეტეს ნაწილში შეინიშნებოდა სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. შედეგად, ონლაინ მედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზა. მონიტორების განცხადებით, ონლაინ გამოცემები მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ხშირად და დიდი რაოდენობით მთავრობას (ადგილობრივი და ცენტრალური) და მმართველ პარტიას აშუქებდნენ, ხოლო ოპოზიციიდან — ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს.

ისნი მიუთითებენ, რომ მონიტორინგის სუბიექტების გაშუქების ტონი ონლაინ მედიაში უმეტესად ნეიტრალური იყო — გამოიკვეთა მხოლოდ რამდენიმე ვებ-გვერდი, რომლებზეც აშკარად შეინიშნებოდა დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის ან ოპოზიციის მიმართ.

მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება. ესენია:

  • ambebi.ge;
  • batumelebi.ge (აჭარა);
  • guriismoambe.com (გურია);
  • interpressnews.ge;
  • knews.ge (კახეთი);
  • kutaisipost.ge (იმერეთი);
  • livepress.ge (სამეგრელო);
  • mpn.ge;
  • netgazeti.ge;
  • news.on.ge;
  • publika.ge;
  • qartli.ge (შიდა ქართლი);
  • radiotavisupleba.ge;
  • reginfo.ge (საქართველოს რეგიონები);
  • sknews.ge (სამცხე-ჯავახეთი);
  • sputnik-georgia.com;
  • tabula.ge.

ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიის ყველაზე დიდ გამოწვევად მოვლენების ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა. მათი თქმით, მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას. უმეტესი ნაწილი კი მხოლოდ მიყვებოდა პოლიტიკოსთა დღის წესრიგს და ძირითადად, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსთა განცხადებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას აშუქებდა.

"საარჩევნო კანდიდატების გაშუქება უმეტეს შემთხვევებში ხდებოდა პარტიული დაპირისპირებების კონტექსტში და ნაკლებად გვხვდებოდა მათი საარჩევნო პროგრამებისა თუ მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვების ანალიზი", — ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მერობის კანდიდატთა გაშუქებისას, უმეტეს შემთხვევებში, დედაქალაქის თუ სხვა მუნიციპალიტეტების კანდიდატების გაშუქება ხდებოდა პარტიული დაპირისპირებების კონტექსტში.

ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2020 წელს განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მიერ გენდერულად სენსიტიური გაშუქება.

რაც შეეხება უშალოდ News.On.ge-ის, კვლევის მიხედვით, აქტიურად, მრავალმხრივად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ვებგვერდზე სუბიექტების გაშუქების ტონი უმეტესად იყო ნეიტრალური.

ფოტო: მედიამონიტორინ

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. რედაქცია ადეკვატურად და სტანდარტების შესაბამისად რეაგირებდა სუბიექტების მიერ სიძულვილის ენის, ჰომოფობიის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების გაშუქების დროს. ამასთან, ზოგჯერ ჟურნალისტურ ტექსტებში შეინიშნებოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება.

ბეჭდური მედია

ანგარიშის მიხედვით, ბეჭდური მედიის უმეტესი ნაწილი კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას — ისინი არ ცდილობენ მკითხველს ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია მიაწოდონ. ამასთან, როგორც მონიტორები აღნიშნავენ, ზოგიერთი გაზეთი დაუბალანსებელი და ტენდენციურია და, ხშირ შემთხვევაში, ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიებს სთავაზობს მკითხველს, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლევა.

"დაუბალანსებელი, მიკერძოებული და ცალმხრივი იყო არა მხოლოდ ცალკეული სტატიები, არამედ მთლიანად გამოცემები. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მრავალმხრივი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად საკმარისი არ არის მკითხველი მხოლოდ ერთ გაზეთს გაეცნოს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, აქვე მითითებულია, რომ ზოგიერთ გაზეთში უხეშად ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. გამოცემების ნაწილი კვლავაც იყენებდა სიძულვილის ენას და ჰომოფობიურ ტერმინოლოგიას. თუმცა, გენდერული ნიშნით საფრთხის შემცველი გამონათქვამები, რომლებიც 2020 წლის მონიტორინგის დროს ჟურნალისტთა ტექსტებში ხშირად გვხვდებოდა, წელს თითქმის არ გამოვლენილა.

დაკვირვება ხორციელდებოდა 11 გამოცემაზე:

  • რეზონანსი;
  • ახალი თაობა;
  • კვირის პალიტრა;
  • ალია;
  • ასავალ-დასავალი;
  • ქრონიკა+;
  • საქართველო და მსოფლიო;
  • გურია news;
  • ალიონი;
  • ჰო და არა;
  • ჩემი ხარაგაული.

მედიამონიტორინგის თანახმად, გაზეთების ნაწილის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, წლების მანძილზე გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება რჩება. ჟურნალისტები დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლების და პოლიტიკოსების მიმართ მძიმე ბრალდებების წაყენებას არ ერიდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი მსჯელობა სუბიექტურ მოსაზრებებს ემყარებოდა და რაიმე სახის ფაქტობრივი მასალით გამყარებული არ იყო. გადამოწმების გარეშე შუქდებოდა რესპონდენტთა მძიმე ბრალდების შემცველი განცხადებებიც.

"ზოგიერთ გამოცემაში პრობლემად რჩება პოლიტიკოსთა — როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, მისამართით ჟურნალისტების მხრიდან შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგიის გამოყენება. მსგავსი ტერმინები ხშირად გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებშიც, თუმცა ჟურნალისტები მათგან გამიჯვნას არ ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში, რესპონდენტთა შეურაცხმყოფელი განცხადებები სტატიის სათაურშიც იყო გამოტანილი", — ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება რეგიონულ გამოცემებს, მონიტორები მიუთთებენ, რომ მთლიანობაში დაბალანსებულია, არ გვხვდება შეურაცხმყოფელი, არაეთიკური ტერმინოლოგია და ფოტოთი მანიპულირების შემთხვევები, სუბიექტური, გადაუმოწმებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციები — გაზეთები ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობები, მერობის კანდიდატების ხედვები თანაბრად და მიუკერძოებლად შუქდებოდა.

თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ ჟურნალისტები მწვავე კითხვებს ნაკლებად სვამდნენ, რის გამოც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თავი დადებითად წარმოეჩინათ.

რადიო

2021 წლის მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ რადიომაუწყებლების უმეტესობა არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ მკვეთრად მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ გამოხატავდა. თუმცა, მონიტორები აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ახალ ამბებში გაიზარდა დაუბალანსებელი სიუჟეტების რიცხვი, სადაც ან უმეტესად ხელისუფლების პოზიციები შუქდებოდა ან ოპოზიციის.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რადიოარხებზე ნარჩუნდება დადებითი ტენდენცია, რომელიც პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვას ეხება — ჟურნალისტები სიძულვილის ენას არ იყენებენ, ეთერში არ ისმის სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან საფრთხის შემცველი განცხადებები და არც ხმით / მუსიკით მანიპულირების შემთხვევები ფიქსირდება.

თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რადიომაუწყებლების პრობლემად კვლავაც რჩება ექსკლუზიური, სიღრმისეული და ანალიტიკური სიუჟეტების სიმწირე. მონიტორების განცხადებით, ჟურნალისტები საკითხების განსხვავებული კუთხით წარმოჩენას, გაანალიზებას, ან ახალი პრობლემების წინა პლანზე წამოწევას ნაკლებად ცდილობდნენ. მათივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, რადიოების უმრავლესობაში მოიმატა ისეთი ახალი ამბების გაშუქებამ, რომლებიც მთლიანად ხელისუფლება - ოპოზიციის დაპირისპირებებზე იყო აგებული.

სოციალური მედია

რაც შეეხება სოციალური მედიის დაკვირვების შედეგებს, ის 15 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და შესულია, როგორც პოპულარუი Facebook-ჯგუფები, ასევე, მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო უწყებების გევრდები. კერძოდ:

მხოლოდ რაოდენობრივი დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე:

  • 6 სატელევიზიო არხის ფეისბუკ გვერდი;
  • 17 ონლაინ მედიასაშუალების ფეისბუკ გვერდი.

მხოლოდ თვისებრივი დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე:

  • 22 სახელმწიფო უწყების ფეისბუკ გვერდი;
  • 63 მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკ გვერდი;
  • 18 პარტიისა და 15 პარტიის თავმჯდომარის ფეისბუკ გვერდი

თვისებრივი და რაოდენობრივი დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე:

  • 307 პოპულარული გვერდი ფეისბუკში;
  • 167 ღია ჯგუფი ფეისბუკში.

კვლევის თანახმად, უკიდურესად პოლარიზებულია სატელევიზიო არხების მიერ Facebook- გვერდების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურ საკითხებზე. ამასთან, მონიტორინგის სუბიექტების გაშუქების ტონი ონლაინ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე
შედარებით უფრო ნეიტრალურია, ვიდრე Facebook-გვერდებზე;

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებები და მთავრობის წევრები Facebook-გვერდებს, ძირითადად, თავიანთი აქტივობებისა და ხელისუფლების საქმიანობის პიარისთვის იყენებენ. არის შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები Facebook-გვერდების საშუალებით ოპოზიციის დისკრედიტაციას მიმართავენ.

"პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ფეისბუკ გვერდებზე ხშირად ზიარდება პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალები", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, მონიტორინგის მიხედვით, პოპულარულ გვერდებსა და ღია ჯგუფებში გაზიარებული მასალებიდან ყველაზე მეტ ინტერაქციას გასართობი, რელიგიური და სპორტული მასალები იწვევდა. მაღალი ინტერაქციის მქონე მასალები იშვიათად იყო პოლიტიკასა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

როგორ ჩატარდა მედიამონიტორინგი?

2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული). მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე). იგი მოიცავს, როგორც თვისებრივ, ასევე, რაოდენობრივი კვლევის კომპონენტებს.

კვლევებში აღნიშნულია, რომ რაოდენობრივი მონიტორინგი განსაზღვრავს ისეთ ინდიკატორებს, რომლებიც შეიძლება დაითვალოს და გაიზომოს: სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, გაშუქების ტონი (დადებითი, ნეიტრალური, უარყოფითი), პირდაპირი/ირიბი გაშუქება (სუბიექტები თავად საუბრობენ, თუ მათზე სხვები საუბრობენ), სუბიექტის სქესი (კაცი თუ ქალი).

თვისებრივი მონიტორინგისას ყურადღება ექცევა ისეთ მაჩვენებლებს, რომელთა რაოდენობრივად გაზომვა რთულია: ფაქტების დროული გაშუქება, ინფორმაციის დამახინჯება, დაუბალანსებელი გაშუქება, ტენდენციურობა, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება, ხმით/მუსიკით მანიპულირება, ეთიკური ან პროფესიული სტანდარტების დაცვა, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხარისხის წარმოსადგენად.

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით — საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დონალდ ტრამპი: შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ

შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს…