ღამეულების დედოფალი — როგორ შეცვალა ენ რაისმა ლიტერატურული სამყარო
"იქ წადით, სადაც ტკივილი გეგულებათ", — ასეთ რჩევას აძლევდა ამერიკელი მწერალი, ენ რაისი, ახალბედა მწერლებს, — "და კიდევ იქ, სადაც სიამოვნება გიცდით".
სწორედ ასე დაიწყო ლეგენდარული ავტორის კარიერა — ტკივილითა და სიამოვნების, ან უფრო სწორად, ნუგეშის, ძიებით. როცა 1972 წლის აგვისტოში, ენ რაისის 5 წლის შვილი, მიშელი, ლეიკემიით გარდაიცვალა, მომავალი მწერალი სასოწარკვეთილებასა და დიდ მწუხარებაში ჩავარდა. ადამიანის არსებობასა და მარადიულობასთან დაკავშირებული ეგზისტენციალური შეკითხვები, რომლებიც რაისს ყოველთვის აწუხებდა, კიდევ უფრო გამძაფრდა და ტკივილის სახე მიიღო. ამ ტკივილით დაიწერა ავტორის პირველი რომანი, ინტერვიუ ვამპირთან.
როცა 2021 წლის 11 დეკემბერს ენ რაისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მკითხველების გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო. ცხადია, ყველას ეტკინა გული, მით უმეტეს, რომ რაისი შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებდა, თუმცა, როგორც მისი შვილი, კრისტოფერი, გავრცელებულ განცხადებაში წერს, თავი შეგვეძლო იმით გვენუგეშებინა, რომ ენი ახლა "თავის იმ დიდ შეკითხვებზე პასუხების მიღებას შეძლებდა, რომლებმაც მისი ცხოვრება და კარიერა განსაზღვრეს".
მგრძნობიარე ურჩხულები
"დამწუხრებული, გულგატეხილი, სასოწარკვეთილი და ათეისტი ვიყავი, როცა ინტერვიუ ვამპირთან დავწერე", — ამბობდა რაისი, — "წერას მივეძალე და ვამპირების შესახებ ისტორია შევქმენი. მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ნაწერი მხოლოდ ჩემს შვილზე იყო, მის დაკარგვაზე და ცხოვრების გაგრძელების საჭიროებაზე მაშინ, როცა რწმენა გემსხვრევა. თუმცა, სინათლე ყოველთვის ბრუნდება, რამდენადაც უნდა ბნელოდეს. ახლა კი სამყაროს მშვენიერების წინაშე იმაზე მგრძნობიარე ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ — ამასთან, უფრო შეგუებულიც მარადისობის გაურკვევლობასთან".
ბავშვობაში გარდაცვლილი მიშელი წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კლაუდიას, რეალური პროტოტიპია; 5 წლის ხუჭუჭთმიანი გოგო ვამპირად მოაქციეს, ამიტომ იგი სამარადჟამოდაა ბავშვის სხეულში "გამომწყვდეული". თუმცა, რაისის მწუხარებისდროინდელი ფიქრები ბესტსელერად ქცეულ წიგნში მხოლოდ პერსონაჟის სახით არ წარმოჩინდა — ამ ფიქციური სამყაროსთვის ყველაზე დამახასიათებელი და იმჟამინდელი ფანტასტიკის პარადიგმისთვის უჩვეულო, მგრძნობიარე ურჩხულია. ლუი, რომელიც ვამპირის ქრონიკების პირველი წიგნის მთავარი მოქმედი გმირია, მხოლოდ ვამპირად მოქცევის შემდეგ იწყებს ფიქრს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა "ვინ ვარ მე?", "რატომ ვარ აქ?" და "საით მივდივარ?". საგულისხმო სწორედ ეს უკანასკნელია — ვამპირის ქრონიკების წიგნების უმეტესობა რაისმა მაშინ შექმნა, როცა ათეისტი იყო, შესაბამისად, ავტორისეული "ღმერთის ძიება" რომანებში თვალსაჩინოა: თუ ღმერთი არსებობს, ესე იგი, ვამპირები ბოროტების შვილები და დაწყევლილი არსებები არიან, რომელთაც ბედმა საუკუნო წარწყმედა არგუნა.
რით არის ვამპირის ქრონიკები გამორჩეული? პირველ ყოვლისა, ალბათ სწორედ იმით, რომ აქ ვამპირისადმი თანაგრძნობა და თანაგანცდა გიჩნდება. თუმცაღა იცი, ის მკვლელი ურჩხულია, იმაზე ფიქრდები, რომ საწუხარს იზიარებთ. არადა, მანამდე ვამპირებს ხელოვნებაში ცივ და უგრძნობ არსებებად წარმოაჩენდნენ, რომლებიც მხოლოდ მსხვერპლის არჩევაზე ხარჯავენ ფიქრის რესურსს.
უტეხი სული
ენ რაისმა წინანდელი ნარატივი თავდაყირა დააყენა. ვამპირები ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, ადამიანებსაც რომ იშვიათად აწუხებს. ისინი გრძნობენ და სულიერ ტკივილს განიცდიან, იმის მიუხედავად, რომ სული, ფაქტობრივად, არც გააჩნიათ.
ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც რაისს სადებიუტო რომანის გამოცემაზე დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს. ინტერვიუ ვამპირთან არაერთმა გამომცემელმა დაიწუნა. ავტორს, რომელსაც შემოქმედებით წერაში ჰქონდა მიღებული მაგისტრის ხარისხი, ურჩევდნენ, რომ უფრო "სერიოზულ" თემებზე ეწერა. "არასერიოზულობაში" ტექსტების დადანაშაულების მიზეზი, ცხადია, პერსონაჟებად მითიური არსებების გამოყვანა იყო. როცა დღესაც კი, ბევრი ფენტეზის "ლიტერატურული ღირებულების არმქონე" ჟანრად მიიჩნევს, გასაკვირი არაა, რომ 1970-იანი წლების სნობურ ლიტერატურულ წრეებში რაისს თავის დამკვიდრება გაუჭირდა.
თუმცა, კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც უკვე კლასიკოსად აღიარებული მწერალი ახალგაზრდა ავტორებს აძლევდა, შეუპოვრობა და სიჯიუტე იყო. რაისი იხსენებდა, რომ მას ბევრჯერ მისცეს შენიშვნები, როგორ შეეცვალა სადებიუტო რომანის ტექსტი ისე, რომ ის გამომცემლებს მოსწონებოდათ. თუმცა, ავტორმა მტკიცე უარი განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე და გამომცემლის ძიება განაგრძო. მალევე იპოვა აგენტი, რომელმაც ტექსტი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკულ გამომცემლობას მიჰყიდა და რაისმა უპრეცედენტო ჰონორარი მიიღო.
მიუხედავად ამ ფაქტით შექმნილი იმედებისა, წიგნის ინტერვიუ ვამპირთან წარმატებამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რომანი ბესტსელერად იქცა, ავტორმა კი მის გაგრძელებაზე დაიწყო ფიქრი, სადაც პირველ წიგნში ნახსენები სხვა პერსონაჟი გვევლინება მთავარ გმირად. მოგვიანებით, ეს გმირი — ლესტატ დე ლიონკური — მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვამპირი გახდა.
გარიყულების მეტაფორა
რაისის ნაშრომების "არასერიოზულად" მონათვლა ყველანაირად იყო აცდენილი სიმართლეს და ახლოს — ნეგატიურ წინასწარგანწყობასთან. დიკენსის, ვულფის, მილტონის, ბრონტეებისა და სარტრის გავლენამოხდენილი ავტორის პოეტური პროზა არც სიუჟეტურად და არც პერსონაჟების გააზრებით ტრაფარეტული არაა. ეს არც "იაფფასიანი" და "დროის გასაყვანი" ბელეტრისტიკა იყო და არც საოჯახო დრამა სოციალურ თემებზე, როგორც ეს მაშინდელ პროზას სჩვეოდა. მართალია, ჟანრის კანონის მოთხოვნისამებრ, ვამპირის ქრონიკები საშინელებათა კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა, არცერთი ტექსტის თვითმიზანი მკითხველის დაზაფვრა არაა, მით უმეტეს — იაფფასიანი ხრიკებით.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ენ რაისის ვამპირები ტიპური ურჩხულები არ არიან, რომლებიც მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მკითხველი შეშინდეს. როგორც მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, ვამპირი ერთგვარი მეტაფორა იყო — ერთი მხრივ, ადამიანური ვნებების, მეორე მხრივ კი "გარიყულების".
"ვამპირი ჩვენ აღსაწერად შესანიშნავი მეტაფორაა, რადგან ყველანი ცოტათი, მალულად მაინც ვგრძნობთ თავს ურჩხულებად", — აღნიშნავდა რაისი, — "ჩვენ ყველანი ჩვენებურად ვართ მტაცებლები. ყველანი გარკვეულწილად ვართ გაძევებულები".
გენდერული მრავალფეროვნება
თუმცა, "გაძევებულობის" განცდას რაისისთვის უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე, უბრალოდ, ინდივიდუალური ადამიანური ვნებებია.
"გეი აქტივისტი ვარ, კი", — დაეთანხმა მწერალი ინტერვიუერს, როცა ამ უკანასკნელმა ჰკითხა, საკუთარ თავს გეი აქტივისტად თუ მოიაზრებდა, — "გეი ადამიანების უფლებებს მხარს ვუჭერ — ყოველთვის ვუჭერდი. მათი პრობლემები ყოველთვის ახლობელი იყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ საკუთარი გენდერული იდენტობა მძაფრად არასდროს მიგრძნია. ზოგადად, გენდერის საკითხი ცოტათი გაურკვევლად მიმაჩნია, მე კი ქალის სტერეოტიპულ განსაზღვრებასთან შეგუება მიჭირდა".
ეს განცხადება გასაკვირი არც არავისთვის აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ რაისი ყოველთვის ღიად წერდა სექსუალობაზე, როგორც ეროტიკული ჟანრის რომანებში, ასევე ვამპირებზე შექმნილ ტექსტებში. ვამპირის ქრონიკებში ჰომოეროტიკული ხასიათი თვალსაჩინოა, ლუი და ლესტატიც ერთგვარად ერთი და იმავე სქესის წყვილია. პროფესორ ნინა აუერბახის აზრით, ამით რაისმა ვამპირის არსება თავის დაკარგულ საწყისებთან დააბრუნა.
იმავე ინტერვიუში რაისი ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მართალია, ბევრ ტრანსადამიანს არ იცნობდა, თუმცა, ვისაც იცნობდა, ერთიმეორეზე უკეთესი პიროვნებები იყვნენ და მათგან ბევრ რამეს ისწავლიდა.
"მათ ჩვენთვის ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ", — განაცხადა მწერალმა, — "როცა ადამიანები ამდენ რამეს სწირავენ და ამდენ რამეს იტანენ, რათა საკუთარი თავი იპოვონ და ის აკეთონ, რაც მიაჩნიათ სწორად, ვფიქრობ, მათ ჩვენთვის სულიერების გაკვეთილები ნამდვილად ექნებათ სასწავლებელი".
რწმენის ძიება
რაისი კათოლიკედ აღიზარდა და კათოლიკურ სკოლაშიც სწავლობდა, თუმცა, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ ათეისტი გახდა და 38 წლის განმავლობაში, როგორც თავად ამბობს, "რწმენის ძიებით" ცხოვრობდა. თუმცა, ეს არ იყო მაინცდამაინც რელიგიური რწმენის ძიება — მწერლის სადარდებელი კვლავაც ის შეკითხვები იყო, რომლებზეც ვერ იღებდა პასუხს. თუნდაც ის, თუ სად და რატომ წავიდა თავისი 5 წლის შვილი.
"რწმენა დავკარგე", — აღნიშნავდა რაისი, — "ვფიქრობდი, რომ რეალობა ღმერთის არარსებობა იყო. რეალობას მაშინ შევეჯახე, როცა ჩემი კათოლიკური ბავშვობიდან გამოღვიძება და სამყაროს რაობის შეცნობა მომიწია. სამყაროს რაობა კი ის იყო, რაც ალბერ კამიუმ, ჟან-პოლ სარტრმა და სხვებმა აღწერეს. თითქმის მთელი ცხოვრება გავატარე ათეისტად და ამ დროში ბევრი წიგნიც დავწერე. ამ წიგნებში ღმერთის ძიება აისახა".
მიუხედავად ამისა, 1998 წელს რაისი მიხვდა, რომ ღმერთის სჯეროდა. როგორც იგი ამბობს, ამას წინ არანაირი ნიშანდობლივი მოვლენა არ უძღოდა, მაგრამ დაბრუნების წინაპირობა "ყოველ კუთხეში მოსმენილი ღმერთის საგალობელი" გახდა.
კათოლიკე ეკლესიაში დაბრუნება რაისის შემოქმედებაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში მან ქრისტეს ბავშვობასა და ცხოვრებაზეც კი დაწერა ტრილოგია, სადაც პროტაგონისტი სწორედ იესო იყო.
"ორგანიზებულ რელიგიაში ბოროტება მოქმედებს"
თუმცა, კათოლიკურ რწმენასთან დაბრუნებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, 2010 წელს, ენ რაისი ეკლესიას კიდევ ერთხელ გაემიჯნა და ამის მიზეზად არაერთი ფაქტორი დაასახელა.
"ქრისტიანი აღარ ვარ. ამას გავემიჯნე. ქრისტეს სახელით, უარს ვამბობ, ანტიგეი ვიყო. უარს ვამბობ, ანტიფემინისტი ვიყო. უარს ვამბობ, შობადობის კონტროლს დავუპირისპირდე. უარს ვამბობ, ანტიდემოკრატი ვიყო. უარს ვამბობ, სეკულარულ ჰუმანიზმს დავუპირისპირდე. უარს ვამბობ, მეცნიერებას დავუპირისპირდე. უარს ვამბობ, ცხოვრებას დავუპირისპირდე. ქრისტეს სახელით, მე აღარ ვარ ქრისტიანი. ამინ", — დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე რაისმა.
მოგვიანებით, მწერალმა საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებზე უფრო ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ "ორგანიზებულ რელიგიაში ბოროტება მოქმედებდა". მაშინ რაისმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ბიბლიის შესწავლასა და ლოცვას განაგრძობდა — ოღონდ ეკლესიის გარეთ. ამის მიზეზი სწორედ ეკლესიის დამოკიდებულებები იყო — ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებები და ქმედებები.
ადამიანური ვნებები
თავის "ათეისტურ პერიოდში", გარდა ურჩხულებზე შექმნილი ტექსტებისა, რაისმა ეროტიკული ჟანრის წიგნებიც დაწერა, რომლებიც ფსევდონიმით გამოიცა. მძინარე მზეთუნახავის ტეტრალოგია, რომლის პირველი წიგნი 1983 წელს დაიბეჭდა, "ფროიდისეული სიმბოლიზმით იყო გაჯერებული". თუმცა, წიგნებმა სხვა რამის გამოც მიიქციეს ყურადღება — გრეის ორმოცდაათი ელფერის გამოცემამდე ჯერ კიდევ ათწლეულებით ადრე, რაისმა თავის ეროტიკულ რომანებში სექსუალური ურთიერთობის არატრადიციული ფორმა, BDSM, გამოიყენა, რამაც ზოგიერთს აფიქრებინა, რომ თავად ავტორს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ეს ხმები ავტორმაც და მოგვიანებით თავისმა ქმარმაც (პოეტი და მხატვარი სტენ რაისი) ნახევრად ხუმრობით უარყვეს. სამაგიეროდ, რომანების სერია კიდევ არაერთხელ მოხვდა განსასჯელი ტექსტების სიაში და აკრძალულ წიგნებშიც აღმოჩნდა. მოგვიანებით, როცა ორმოცდაათი ელფერის ტრილოგია მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რაისი აღნიშნავდა, როგორ შეცვალა ე. ლ. ჯეიმზის ტრილოგიამ ადამიანების დამოკიდებულება ეროტიკული ჟანრის ლიტერატურისადმი — მკითხველები მსგავს ტექსტებს უკვე დარცხვენის გარეშე კითხულობენ.
მდიდარი მემკვიდრეობა
ამ ყველაფერზე საუბრის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟანრული ჩარჩოების დარღვევაში ენ რაისმა დიდი წვლილი შეიტანა. "არასდროს იფიქროთ, რომ ძალიან უცნაური ხართ", — კვლავაც ურჩევდა რაისი ახალბედა მწერლებს, რადგან თავის დროზე მასაც მიიჩნევდნენ ზედმეტად "ახირებულ" ავტორად. მისი ტექსტები უპრეტენზიო არ ყოფილა — პროვოკაციული იყო და მკითხველს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობისკენ მოუწოდებდა.
თუმცა, საზღვრების დარღვევის გარდა, რაისმა მაინც ჟანრული პროზის განვითარებით გაითქვა სახელი და დამსახურებულად მიიღო "გოთიკის დედოფლის" წოდება. მწერლის რომანები, სადაც მთავარი პერსონაჟები ვამპირები, მაქციები, ჯადოქრები და მოჩვენებები არიან, დღეს უკვე კლასიკადაა ქცეული. თავისი წიგნების 150 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით კი ავტორმა თანამედროვე ლიტერატურაში განსაკუთრებული ნიშა დაიკავა.
ასევე გადაუჭარბებელი ნათქვამი იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ დღევანდელი ლიტერატურული ტენდენციებისა და ჟანრული პროზის სახის განსაზღვრაში რაისმა უდიდესი წვლილი შეიტანა. სხვა თუ არაფერი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვამპირის ქრონიკების გარეშე ჩვენი საყვარელი სხვა ისტორიები — ბინდი, ვამპირის დღიურები, ვამპირების აკადემია თუ დანარჩენი — ასეთი ფორმით არ იარსებებდა. რაისმა შეცვალა ღამეული ურჩხულების სახეც და მკითხველებისა თუ გამომცემლების დამოკიდებულებაც ამ მონსტრებისადმი.
რაისი ძალიან ნაყოფიერი მწერალიც იყო. ათობით გამოცემული ნაშრომის გარდა, ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენი დასრულებული თუ დაუსრულებელი ტექსტი ინახება მის სამუშაო კომპიუტერში. თუმცა, ერთი კი ვიცით — მწერალი თავისი უკანასკნელი დაანონსებული რომანის გამოცემას ვერ მოესწრო. 2022 წლის თებერვალში ავტორისა და მისი შვილის მიერ ერთად დაწერილი მეორე რომანი, რამსეს დაწყევლილი: ოსირისის სამეფო გამოვა. ვამპირის ქრონიკებისა და რაისის კიდევ ერთი ცნობილი გოთიკური სერიის, მეიფერის კუდიანთა ცხოვრების, მიხედვით გადაღებულ სერიალებსაც მაყურებელი მალე იხილავს.
ენ რაისის გამორჩეული შემოქმედების აღსანიშნავად კი მკითხველები და მეგობრები ავტორის მშობლიურ და მისი უკვდავი პერსონაჟების საყვარელ ქალაქში, ბნელით, მისტიკითა და კიდევ ბევრი ამოუცნობი გრძნობით მოცულ ახალ ორლეანში შეიკრიბებიან.
კომენტარები