"ვინმეს მოსწონს თუ არა, ივანიშვილმა ააშენა ეკლესიები საქართველოში, რესტავრაცია გაუკეთა ასობით ჩვენს მონასტერს", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და კრიტიკას. ზარქუას მიაჩნია, რომ ივანიშვილს ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში.

"ივანიშვილმა დაამარცხა ტირანია 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად. ისევე, როგორც ევროპული გზა, რომელიც, სხვათა შორის, დაიწყო შევარდნაძემ თავის დროზე, ღირსეულად დააგვირგვინა ივანიშვილის დროს ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის უვიზო მიმასვლა, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ბაზართან", — განაცხადა მან იმედთან.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

უფრო კონკრეტულად, დიოგენეს გამოცემულ წიგნში ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესმა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ბიოგრაფიული ცნობა შესთავაზა და პოლიტიკური საქმიანობის გარდა, მისი ბიზნეს საქმიანობაც მიმოიხილა. ივანიშვილი, ბიზნესმენად და პოლიტიკოსად, ასევე, ქველმოქმედადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. წიგნში წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი, თუ რით იყო იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაკავებული, ტექსტში მის დაარსებულ ბანკები, მათ შორის, როსისკიი კრედიტი და ქართუ ბანკიც ნახსენებია.

გაიგე მეტი: