"სიყვარულის სახელით" — ეროტიკული სახელმძღვანელო, რომელმაც სსრკ-ში სექსი შეიტანა
მკაცრი ცენზურის გამო 1980-იანი წლების ბოლომდე სექსზე ღიად საბჭოთა კავშირში არავინ საუბრობდა. შედეგად, ახალგაზრდა წყვილებს ინტიმური ურთიერთობის სამყაროში გზის გაკვლევა დამოუკიდებლად უწევდათ. თუმცა მეტად ტრადიციული საბჭოთა რესპუბლიკებისგან მოშორებით, ლატვიაში მცხოვრებ ექიმსა და სექსოლოგს ახალდაქორწინებულებისთვის გზამკვლევის შექმნა დაევალა — ეს ამბოხების პატარა აქტი იყო, რომელიც ცვლილებებს მოასწავებდა.
1986 წელს, საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების სატელევიზიო სტუდიების ტელეკონფერენციისას მოსკოვის აუდიტორიის წევრმა, ლიუდმილა ივანოვამ წარმოთქვა სიტყვები, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. "საბჭოთა კავშირში ჩვენ სექსი არ გვაქვს!" — განუცხადა მან კამერებს, — "ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით!"
წლების განმავლობაში ივანოვას ამ ფრაზას გამუდმებით ციტირებდნენ საბჭოთა კავშირის პურიტანული ბუნების ხაზგასასმელად. თუმცა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს: ივანოვას რეალურად უნდოდა ეთქვა, რომ საბჭოთა კავშირში სექსზე საჯაროდ არ საუბრობენო.
მართალია, წიგნებსა და ჟურნალებში უამრავ რჩევას ნახავდით ისეთ საკითხებზე, როგორიც ბავშვის აღზრდა და ოჯახის შექმნაა, თუმცა სქესობრივი აქტის შესახებ თითქმის ვერაფერს ამოიკითხავდით. საბჭოთა ლიტერატურაში სიყვარულის ფიზიკურ მხარეზე არაფერი იწერებოდა და ფილმებშიც 1980-იანი წლების ბოლომდე არ ყოფილა სექსის სცენები. მაშინ, როცა 1970-იანი წლების დასაწყისიდან თითქმის ყველა ბრიტანულ და ამერიკულ საძინებელში ნახავდით ისეთ წიგნებს, როგორიცაა ალექს კომფორტის სექსის სიხარული, საბჭოთა კავშირში მსგავსი არაფერი მოიძებნებოდა — თუ არ ჩავთვლით ლატვიას.
1981 წელს ქირურგმა, იანის ზალიტისმა სიყვარულის სახელით (Mīlestības Vardā) გამოაქვეყნა — ეს იყო სექსის პირველი სახელმძღვანელო სსრკ-ში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით, ლატვიურ ენაზე, მისი მოქალაქეების გასანათლებლად დაიწერა.
მართალია, წიგნის გამოცემა უამრავმა პრობლემამ დააბრკოლა, მაგრამ საბოლოოდ იგი პოპულარული გახდა როგორც ლატვიის, ისე ლიეტუვის საბჭოთა რესპუბლიკებში. ამან კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირის განაპირას, ბალტიისპირეთში მოვლენები ხშირად წინ უსწრებდა იმპერიის ცენტრში არსებული კონსერვატიული კერებისთვის ნიშნეულ ცხოვრების დინებას.
ბოლშევიკების მიერ ყოფილი ცარისტული იმპერიის დამხობამ თითქოს საზოგადოებას სექსუალური თავისუფლებისკენ გაუხსნა გზა. ბოლშევიზმმა ქორწინების ბურჟუაზიული ინსტიტუტის მკაცრი კრიტიკა და ქრისტიანული მორალისა და ქცევის ნორმების უარყოფა მოიტანა — აბორტი და განქორწინება დაკანონდა და ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებიც აღარ ითვლებოდა დანაშაულად.
თუმცა კონსერვატიულმა მიდგომებმა სტალინურ 1930-იან წლებში კვლავ იჩინა თავი. ამ დროს ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის გაზრდა და სოციალური დისციპლინის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ინდივიდუალური თავისუფლება. შესაბამისად, საბჭოთა ქალის იდეალად ბავშვების აღმზრდელი გმირი დედა იქცა. სქესობრივი განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობდა და არც სექსუალური ქცევის შესწავლა წარმოადგენდა ინტელექტუალური საქმიანობის პრიორიტეტს.
საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1960-იანი წლებიდან დაიწყეს იმის აღიარება, რომ საბჭოთა მოქალაქეები ინდივიდები იყვნენ, პირადი ინტერესებითა და ინტიმური ცხოვრებით და არა — უბრალო მასალა სოციალიზმის მშენებლობისთვის.
ამის კვალდაკვალ მალევე გამოჩნდა სქესობრივი განათლების ბროშურები. თუმცა ისინი ბიოლოგიის მშრალ სახელმძღვანელოებს უფრო ჰგავდა, სადაც წყვილის ფიზიკურ სიამოვნებაზე ცოტა რამ ეწერა. მიღწევები ამ კუთხით მოკრძალებული იყო: 1964 წელს, მოსკოვში გამოქვეყნებული ვიაჩესლავ ჩეკალინის სიყვარული და ოჯახი ახალგაზრდა წყვილების ემოციური კუთხით დახმარებას ისახავდა მიზნად, თუმცა მასში სექსის როლზე სიტყვაც კი არ იყო ნახსენები.
საბჭოთა კავშირში ამ მიდგომით კმაყოფილი ყველა ნამდვილად არ ყოფილა. ემიგრაციაში მყოფი დისიდენტი მეცნიერი, მიხაელ შტერნი თავის 1980 წლის წიგნში, სექსი სსრკ-ში, აღნიშნავს, რომ 60-70-იან წლებში საბჭოთა კავშირში სექსუალური რევოლუციის მსგავსი რამ მოხდა — უბრალოდ, ცენტრალური ხელისუფლება ამას ჯიუტად არ აღიარებდა.
ამ სიტუაციის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯები საბჭოთა ძალაუფლების ცენტრებისგან შორს, დასავლეთით მდებარე რესპუბლიკის პარტიის წევრებმა გადადგეს. ლატვიის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ადგილობრივ მკვლევარს მიმართეს, რათა სექსზე თანამედროვე და გასაგები ენით მოსაუბრე წიგნი შეექმნათ.
კაცი, რომელმაც ეს გამოწვევა მიიღო, რიგაში მცხოვრები ქირურგი და ფსიქოთერაპევტი, იანის ზალიტისი იყო. 1933 წელს ლატვია-ესტონეთის საზღვარზე დაბადებული ზალიტისი კოლორიტული ფიგურა და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგი გახლდათ, რომელიც პაციენტების სამკურნალოდ ფსიქოანალიზსა და ჰიპნოზს მიმართავდა — რაც საბჭოთა სამედიცინო წრეებისთვის მთლად პატივსაცემი ამბავი არ იყო. ზალიტისმა ტომსკის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან დაწესებულებათაგან, სადაც ფსიქოანალიზს სერიოზულად აღიარებდნენ. ის, ამასთან, პრაქტიკას წითელი არმიის ვეტერანების მკურნალობით გადიოდა. ზალიტისის თქმით, ციმბირის ტუნდრაში ერთხელ მას შეხვდა შამანი, რომელმაც თავისი სამკურნალო ძალა გადასცა.
ლატვიაში დაბრუნებულმა ზალიტისმა ნაწლავის კიბოს შესწავლა გადაწყვიტა. იგი პაციენტების სამკურნალოდ როგორც ქირურგიას, ისე ფსიქოთერაპიასა და ჰიპნოზს მიმართავდა. მართალია, აღნიშნული მეთოდები ერთობ არატრადიციული იყო, თუმცა, როგორც ჩანდა, სასურველი შედეგები მაინც მოჰქონდა. მეტიც, ჰიპნოზის სამკურნალო საშუალებად გამოყენებამ ზალიტისი 1970-იანი წლების რიგაში საკულტო ფიგურად აქცია. იგი კერძო კონსულტაციებს უწევდა ლატვიის ელიტას; მის კარზე ყველა პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენლები, კულტურული მოღვაწეები თუ პარტიის წევრები აკაკუნებდნენ.
ზალიტისის ინტერესი სექსოლოგიის მიმართ მაშინ გაიზარდა, როდესაც ლატვიის სოფლებში სხვადასხვა სიმსივნის სიხშირის კვლევის პროექტში ჩაერთო. პაციენტების ცხოვრების წესით დაინტერესებულმა ზალიტისმა გააცნობიერა, რომ ინდივიდების სექსუალური ცხოვრება ხშირად დიდ გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ის მივიდა დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტად აკმაყოფილებთ ადამიანებს თავიანთი ინტიმური ცხოვრება, მით მეტი შანსია, რომ ზოგადადაც ბედნიერები იყვნენ.
როდესაც ზალიტისი საწერ მაგიდას მიუჯდა, გადაწყვიტა, რომ ნაშრომი განათლებაზე საუბრით დაეწყო. მისი მტკიცებით, თანამედროვე სამყაროში, რომელსაც არ აქვს რელიგიური ან კლასობრივი მიზეზები ოჯახების შენარჩუნებისთვის, ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია დაეყრდნო, სიყვარულია. თავისთავად სიყვარული კი არასოდეს იქნება საკმარისი, თუ არ იარსებებს შესაბამისი სქესობრივი განათლება. მიუხედავად მისი საკმაოდ კონსერვატიული გზავნილისა, რომელიც ქორწინების შენარჩუნებას სახავს მიზნად, ზალიტისის შესავალი, საბჭოთა თვალსაზრისით, ნოვატორული იყო, რადგან მან ადამიანის ინტიმურობის ფიზიკური მხარის აღნიშვნისა და შესწავლის საჭიროება წარმოაჩინა. წიგნი შეიცავდა ისეთ თავებს, როგორიცაა "ოჯახური ცხოვრების ეროტიზაცია — ოჯახის სიმტკიცის ერთ-ერთი წყარო".
წიგნის შემდგომ ნაწილებშიც კიდევ ბევრი ახალი რამ ითქვა. ზალიტისმა ახსნა ეროგენული ზონების როლი და სექსის რამდენიმე ძირითად პოზაზე განმარტებებიც გააკეთა. ზალიტისი იცნობდა დასავლელი სექსოლოგების კვლევებს, თუმცა მათ მიდგომებს სკეპტიკურად უყურებდა. მასტერსისა და ჯონსონის კვლევები (რომლის ფარგლებშიც სქესობრივი აქტი ლაბორატორიულ პირობებში შეისწავლეს) მისთვის ზედმეტად იყო ორიენტირებული დაკმაყოფილებასა და ტექნიკაზე. მის წარმოდგენებში, ამგვარი ხედვა პროსტიტუციამდე, პორნოგრაფიამდე და გრძნობების კაპიტალისტური ბაზრის პროდუქტად ქცევამდე მიგიყვანდა. ზალიტისს კი ამ ყველაფრის მიღმა არსებული ურთიერთობები უფრო აინტერესებდა.
1981 წელს, როდესაც სიყვარულის სახელით გამოიცა, მისი 99 ათასი ეგზემპლარი რამდენიმე დღეში გაიყიდა. ერთი წლის შემდეგ ახალი ტირაჟით 75 ათასი წიგნი დაიბეჭდა, რომლებშიც ილუსტრაციებიც შევიდა. ორივე გამოცემიდან დიდი ნაწილი ლატვიის სამოქალაქო რეესტრის ცენტრალურმა ოფისმა შეიძინა, რათა ახალდაქორწინებულებისათვის გადაეცათ. როდესაც მოსკოვის მთავრობის წარმომადგენლებმა წიგნის მეორე გამოცემა ნახეს, მათ ყურადღება სურათებზე გაამახვილეს და არა ტექსტზე (ტექსტი ლატვიურ ენაზე იყო და, შესაბამისად — მათთვის გაუგებარი). მათ ნაჩქარევად უარყვეს წიგნი, როგორც პორნოგრაფიული ნაწარმოები და ლატვიის ხელისუფლება იძულებული გახდა, მეორე გამოცემა გაენადგურებინა. თუმცა ყველას არ სურდა წიგნის დათმობა. ქალაქ ოგრეს ადგილობრივმა სამოქალაქო რეესტრის ოფისმა განაცხადა, რომ მათ უკვე გაევრცელებინათ ყველა ეგზემპლარი და წიგნების დაბრუნებაზე უარს ამბობდნენ. ეს ქმედება ლატვიის ზეპირსიტყვიერ ისტორიაში ადგილობრივი მმართველობის მიერ საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირების ერთ-ერთ მაგალითად შევიდა.
მოგვიანებით გამოჩნდა ლატვიური გამოცემები, სადაც საკამათო ილუსტრაციები ფოკუსში არმყოფი შიშველი ქალების ფოტოებმა ჩაანაცვლა. სიყვარულის სახელით გახდა წიგნი, რომელსაც ყველა ლატვიური ოჯახი ფლობდა (თუნდაც მისაღები ოთახის წიგნების თაროზე ღიად არ ყოფილიყო გამოფენილი). წიგნის ლიეტუვური თარგმანი 1985 წელს გამოჩნდა და მასაც დიდი წარმატება ხვდა წილად, თუმცა მოსკოვში მას ეჭვის თვალით უყურებდნენ და რუსულ ენაზე არც არასდროს თარგმნილა.
აღსანიშნავია, რომ ზალიტისის საოცრად დისკრიმინაციული შეხედულება ჰქონდა ჰომოსექსუალობაზე, რასაც იგი აღზრდის, ცუდი გავლენის ან ბავშვობის ტრავმის პროდუქტად მიიჩნევდა და არა — ბუნებრივ მოვლენად. იგი ქვიარმიზიდულობას განიხილავდა როგორც სოციალურ ავადმყოფობას — ალკოჰოლიზმის ან აზარტული თამაშის მსგავსად — რისი მკურნალობაც თანამედროვე ფსიქიატრიით იყო შესაძლებელი (უნდა ითქვას, რომ ზალიტისის აზრს ბევრი მისი დასავლელი კოლეგა 1970-იან წლებამდე მაინც იზიარებდა). ზალიტისი ვარაუდობდა, რომ ჰომოსექსუალობის განკურნება ჰიპნოზის საშუალებით შეიძლებოდა — იმ პირობით, რომ ჰიპნოზს პაციენტს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ჩაუტარებდა.
მსგავსი მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად, არასწორი იქნებოდა, არ აღგვენიშნა ნაშრომის გავლენა ლატვიელ მკითხველზე — წიგნი დიდ პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობდა სექსით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც ინფორმაციის მიღება მანამდე არსაიდან შეეძლოთ. საბჭოთა სკოლებში სქესობრივი განათლება არ ისწავლებოდა, ვერც ჟურნალებში ნახავდით მსგავსი სახის რჩევების სვეტს, რაც დღეისათვის ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ზალიტისის წიგნი უნიკალური იყო, ვინაიდან ლატვიელებს სექსუალური განათლების თავიანთ ენაზე მიღების შესაძლებლობა მისცა — ეს არ იყო საბჭოთა აკადემიკოსის ან დასავლელი პუბლიცისტის მიერ დაწერილი თარგმნილი სახელმძღვანელო, არამედ ადგილობრივი კულტურის პროდუქტი გახლდათ.
ძნელი დასადგენია, რამდენად ლიბერალური გახადა ზალიტისის წიგნმა საბჭოთა ლატვია. თუმცა, ცხადია, რომ წიგნმა შექმნა პლატფორმა უფრო თავისუფალი დისკუსიისთვის — განსაკუთრებით 1980-იანი წლების ბოლოს, როცა მიხეილ გორბაჩოვის საჯაროობის პოლიტიკამ ფაქტობრივად ერთ ადგილზე გაყინული მედია გამოაცოცხლა. 1988 წელს ლატვიურმა საბავშვო ჟურნალმა, Zīlīte, გაბედული ნაბიჯი გადადგა და სექსუალური განათლების კომიქსი გამოსცა, სადაც განმარტებული იყო, თუ როგორ იბადებიან ბავშვები. თავის მხრივ, ამან ლიტერატურულ ჟურნალს, Avots (ეს იყო ინოვაციური პუბლიკაცია, რომელიც ხშირად აპროტესტებდა კრემლის ძალაუფლებას კულტურაზე), უბიძგა, გამოექვეყნებინა სპეციალური "ეროტიკული" ნომერი, რომლის მიზანიც იყო, წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა კავშირის პურიტანული მიდგომებისთვის. ამ დროისთვის ზალიტისი ლატვიის პოპკულტურაში უკვე ცნობილი ფიგურა იყო და მოზარდებისთვის განკუთვნილ მის რჩევებს ხშირად შეხვდებოდით ახალგაზრდულ ჟურნალში, Liepsna (ალი).
ზალიტისი ლატვიის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გვალენიან ფიგურად რჩება — ადამიანად, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან მრავალი წიგნი დაწერა სექსისა და ჰიპნოზის შესახებ. მოგვიანებით ზალიტისი რიგის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ რაუნაში გადასახლდა, სადაც ხალხს ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებებისგან კურნავდა. სარისკო რეპუტაციისა და ჰიპნოზის სამკურნალო ძალის შესახებ საკამათო მოსაზრებების ქონის გამო, ზალიტისი არასოდეს ყოფილა ბოლომდე მიღებული სამეციდინო სფეროში. იგი 2007 წელს გარდაიცვალა.
სტუმრები 1950-იანი წლების ლატვიურ ქორწილში.
ფოტო: Europeana / Latvian National Library under a CC licence
თუმცა ლატვია არ ყოფილა ერთადერთი ქვეყანა, სადაც საბჭოთა პურიტანიზმს ებრძოდნენ — მას ამ საქმეში აღმოსავლეთ ბლოკის სხვა სახელმწიფოებიც უერთდებოდნენ. პოლონეთში კაზიმეჟ იმელინსკი წამყვანი ფიგურა იყო მეცნიერთა მცირე ჯგუფის, რომლებიც ავითარებდნენ სექსოლოგიას როგორც კვლევის ინტერდისციპლინურ დარგს. მან სექსის შესახებ მრავალი ისეთი წიგნი დაწერა, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის იყო განკუთვნილი — მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ ოჯახებში უკვე იყო მიხალინა ვისლოცკაიას Sztuka Kochania (სიყვარულის ხელოვნება). ვისლოცკაიას ეს წიგნი 1960-იან წლებში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება 1976 წლამდე ვერ მოხერხდა — ამ დროისთვის ადამიანების უმეტესობას ის უკვე წაეკითხა არალეგალურად. გერმანელი სექსოლოგის, ზიგფრიდ შნაბლის 1969 წლის სახელმძღვანელო, Mann und Frau Intim (კაცის და ქალის ინტიმური ურთიერთობა) ბესტსელერი იყო აღმოსავლეთ გერმანიასა და ბულგარეთში, სადაც ის 1979 წელს გამოიცა. იუგოსლავიის ჯიხურებშიც იყიდებოდა ადგილობრივი წარმოების პორნოგრაფიული ჟურნალები. სოციალურ-პოლიტიკურმა ჟურნალმა, Start-მაც კი, რომელიც 1980-იან წლებში ზაგრების მთავარ მედიაპლატფორმას წარმოადგენდა, გარეკანზე შიშველი ქალი გამოსახა.
დღეისათვის ყველა ეს წიგნი — განსაკუთრებით, ზალიტისის ცნობილი სექსის სახელმძღვანელო — წინააღმდეგობის იმ ნიმუშებად ითვლება, რომლებიც საბჭოთა რეჟიმისადმი ღია დაუმორჩილებლობას თუ არ ავლენდნენ, იმას მაინც ააშკარავებდნენ, თუ რამდენად დისფუნქციური იყო ცვლილებებისადმი მტრულად განწყობილი სისტემა. 1980-იან წლებში ბალტიისპირეთის რესპუბლიკები — ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, რეჟიმში წარმოშობილ ბზარებს სულ უფრო მეტად აქცევდნენ დამოუკიდებელი მოქმედების ველად. ეს იყო პროცესი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის ფართო აჯანყებით დასრულდა. შესაძლოა, სიყვარულის სახელით არ იყო ის, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლა განაპირობა, თუმცა მისი ისტორიის მიღმა დატოვება შეცდომა იქნებოდა.
კომენტარები