როგორი იქნებოდა დედამიწა, ადამიანს რომ არ ეარსება
ადამიანი, კერძოდ, ჰომო საპიენსის სახეობა, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, დედამიწაზე დაახლოებით 300 000 წლის წინ გამოჩნდა. ამ პერიოდში და უფრო ადრეც (მილიონობით წლის წინ) აქ კიდევ მრავალი ჰომინიდი ცხოვრობდა, თუმცა ისინი გადაშენდნენ, ადამიანი კი, დროთა განმავლობაში, პლანეტაზე გაბატონდა.
განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩვენი წინაპრები თავს ნანადირევითა და ველურ პირობებში მოპოვებული მცენარეული საკვებით ირჩენდნენ. მალევე მათ ქვის იარაღების დამზადება დაიწყეს და ცეცხლი აღმოაჩინეს, რამაც ისინი მეტად გააძლიერა. ცოტა ხანში ადამიანთა პოპულაციამ საგრძნობლად სწრაფი ტემპით დაიწყო, როგორც ზრდა, ასევე, ბუნებაში არსებული რესურსების ათვისება.
სამწუხაროდ, მსგავსმა ცვლილებამ დედამიწის ფლორაზე, ფაუნასა და კლიმატზე საკუთარი კვალი დატოვა და ბევრ ცხოველს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მათი საცხოვრებელი არეალის დიდი ნაწილის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება, უკონტროლო ნადირობა, სხვადასხვა რეგიონის ეკოსისტემაში არაენდემური სახეობების შეყვანა და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ადამიანის გავლენის გარეშე ახლა ჩვენი პლანეტის ბიოსფერო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.
ამ სტატიაში სწორედ იმის შესახებ გიამბობთ, თუ რა შეიცვლებოდა, ჰომო საპიენსს რომ არ ეარსება.
დედამიწის ბიომრავალფეროვნება
ასობით ათასი წლის წინ დედამიწა დღევანდლისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. აქ ძველად დიდი ზომით გამორჩეული უამრავი ცხოველი ბინადრობდა, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზე იყვნენ გავრცელებულნი და მდიდარ მეგაფაუნას ქმნიდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ფრინველი მოა, რომლის სიგრძეც 3.6 მეტრს, წონა კი 230 კილოგრამს აღწევდა. ისინი ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა იქ ჩვენი წინაპრების ჩასვლიდან 200 წელში ეს არსებები და მათზე მონადირე მტაცებელი ჰაასტის არწივები გადაშენდნენ. მათი ბედი გაიზიარა ხერხემლიანთა 25-მა სახეობამაც.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი კუნძულის ფარგლებში მოხდა, შესაბამისად, უფრო ფართო მასშტაბით ამაზე ბევრად უარესი შედეგი მივიღეთ. ყველაზე ნაკლებად ჰომო საპიენსის მიერ დასმული "დამღა" სუბსაჰარულ აფრიკაში, სერენგეტის ეკოსისტემაში შეიმჩნევა, სადაც არაერთი მსხვილი ძუძუმწოვარი გვხვდება. რომ არა ჩვენ, სხვა რეგიონებშიც მინიმუმ ამგვარი ბიომრავალფეროვნება იქნებოდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში უძველესი მეგაფაუნა შენარჩუნდებოდა — გლიპტოდონტებით დაწყებული და მეგათელიუმით დამთავრებული. ევროპის კონტინენტზე კი ლოსებთან და დათვებთან ერთად სპილოები, მარტორქები, უზარმაზარი ლომები და ვეფხვები იარსებებდნენ.
უნდა ვახსენოთ წყლის ბინადრებიც, რომლებზეც ასევე უარყოფითი გავლენა ვიქონიეთ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში. ეს მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებით, ოკეანეებისა და ზღვების დაბინძურებით, გამჟავიანებით, იქ ნავთობის ჩაღვრით, მომატებული ხმაურით, გადაჭარბებული თევზჭერით და დეოქსიგენაციით არის განპირობებული. ჩამოთვლილი ეკოლოგიური პრობლემები თევზებსა და სხვა მსგავს ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების დარღვევას იწვევს, როგორიცაა გამრავლება. ეს ყველაფერი კი მათ განვითარებას არ შეაფერხებდა, ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით.
დედამიწის მცენარეული საფარი
დედამიწის მცენარეული საფარის მკვეთრი ცვლილება 4 600-2 900 წლის წინ დაიწყო. ამის უმთავრეს მიზეზად მეცნიერები სწორედ ადამიანთა სამეურნეო საქმიანობას ასახელებენ, რა დროსაც ტერიტორიის გასათავისუფლებლად ცეცხლს ვიყენებდით. ეს და მეგაფაუნის წარმომადგენლების რაოდენობის შემცირება ნიადაგში საჭირო ქიმიური ელემენტების არასწორ გადანაწილებას დაედო საფუძვლად. კერძოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფოსფორი, კალციუმი და მაგნიუმი მიწაში თანაბარზომიერად აღარ გვხვდება, რაც მის ნაყოფიერებაზე ცუდად აისახება.
შედეგად, ხეები და ბუჩქები ნაყოფით ადრინდელივით უხვად არაა დახუნძლული. ასევე, ლანდშაფტის ხელოვნურად გადაკეთების გამო, კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი მცენარეები იქ ვეღარ ხარობენ. უკეთეს შემთხვევაში, ასეთ ადგილებში ისინი ახალ გარემოსთან ადაპტირებულმა სახეობებმა ჩაანაცვლეს, მათ კი სხვა გეოგრაფიულ არეალში გადაინაცვლეს.
საერთო ჯამში, ჩვენი ზემოქმედებიდან გამომდინარე, მსოფლიოში 600-მდე მცენარე გადაშენდა, რომ არაფერი ვთქვათ მასშტაბურ გაუტყეურებაზე. ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნებოდა ბუნება, ჩვენ წინაშე მთელი თავისი დიდებულებით რომ წარმდგარიყო — ტერიტორია, რომელიც ახლა შენობებს, გზებს, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, საწარმოებს, გადამწვარ ხეებსა თუ მეგაპოლისებს უკავია, მთლიანად სიმწვანეში ჩაეფლობოდა. მცენარეები საკმარის ხილსა თუ ბოსტნეულს გამოისხამდნენ ცხოველების გამოსაკვებად და ველურ პირობებში მათ თავისუფლად გადაადგილებას შეუწყობდნენ ხელს, ხოლო ბალახიანი მიწა და ბუჩქნარი ფერადი ყვავილებით დაიფარებოდა. რაც მთავარია, ატმოსფეროში სასარგებლო ნივთიერებები გამოიყოფოდა, მავნე აირები კი შთაინთქმებოდა.
დედამიწის კლიმატი
ადამიანთა სამრეწველო საქმიანობამ ჩვენს პლანეტაზე კლიმატის ცვლილება გამოიწვია, რომელიც საგანგაშო ტემპით მიმდინარეობს. ამის უკან მრავალრიცხოვანი პოპულაცია დგას, რომელიც ენერგიის დიდ მარაგს საჭიროებს და მას, ძირითადად, წიაღისეული საწვავის გამოყენების გზით იღებს. მისი მოპოვებისას და მოხმარებისას ჰაერში სათბურის აირები გამოიყოფა. ისინი ატმოსფეროში სითბოს აკავებენ, რის გამოც დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს.
ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატმოსფეროში დაგროვებული ნახშირორჟანგი, რომელიც ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავს და მას არა უკან, კოსმოსში, არამედ ხმელეთისა და ოკეანეებისკენ უშვებს. დედამიწის აირად გარსში მისი და სხვა ნივთიერებების კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ ამით პროვოცირებულმა გლობალურმა დათბობამ მომდევნო გამყინვარების პერიოდი დაახლოებით 100 000 წლით გადაწია, როცა ის 50 000 წელში უნდა დამდგარიყო.
ეს იმას ნიშნავს, რომ წესით ახლა სიცივის ხანგრძლივ ეპოქას უნდა ვუახლოვდებოდეთ, ანუ ასე მოხდებოდა, ჩვენ რომ არ ვარსებობდეთ. მყინვარები უფრო და უფრო მეტ ფართობს დაიკავებდნენ, არქტიკული წრის მიმდებარედ ტუნდრა შედარებით ვრცელ არეალზე იქნებოდა გადაჭიმული, ტაიგა დაპატარავდებოდა, ხოლო ჩრდილოეთის რეგიონებში ყინულოვანი საფარი გაიზრდებოდა.
არაა გამორიცხული ისიც, რომ თანამედროვე ადამიანის მონათესავე ნეანდერტალელებს დღემდე მოეღწიათ. მეცნიერთა ვარაუდით, 40 000 წლის წინ მათი გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ჩვენ ვიქეცით. შესაბამისად, შესაძლოა, მათ განვითარება გაეგრძელებინათ და დედამიწის რესურსები ზუსტად ისე აეთვისებინათ, როგორც ჰომო საპიენსებს. ამის უფრო მეტი შანსი კი დენისოველებს ჰქონდათ, რომლებიც კლიმატს უკეთ ეგუებოდნენ და შედარებით ფართო გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობდნენ.
ასე რომ, ვინ იცის, იქნებ ჩვენ გარეშეც იმავენაირად წარმართულიყო პლანეტის ბედი, როგორც ახლა? ან იქნებ კაცობრიობამ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეძლოს? საბედნიეროდ, ამ გზას უკვე ვადგავართ და ახალი ტექნოლოგიებისა თუ პროექტების მეშვეობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და მისთვის ძალების აღდგენაში დახმარებას ვცდილობთ.
კომენტარები