პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები კაზინოებთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი არ არის. საუბარია აგვისტოში გაჟღერებულ ინიციატივაზე, გონიოში ახალი ქალაქის აშენების შესახებ და მტავრობის ბოლო სხდომაზე გამოთქმული იდეა, ონლაინ კაზინოების აკრძალვაზე.

"გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. ჯერ ერთი, მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა — მთავარი პრობლემა ეს არის. 2 და 3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში, ბუნებრივია და ეს პრობლემა არ არსებობს. მეორე, გონიოში ჩემი იდეაა, გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის, ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს და მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისი თქმით, კონკრეტულ ხედვებს ამ საკითხზე უახლოეს რამდენიმე თვეში წარადგენს.

"ვარჩევთ საუკეთესო კომპანიებს, უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ "მასტერპლანს" გონიოს განვითარების და რეალურად, ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის "გემბლინგ სითი" უნდა გაკეთდეს, შეიძლება კაზინოებიც იყოს, შეიძლება ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, "რეზიდენშელ" აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ.", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა და რეკლამების აკრძალვა, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა სურს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.

17 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა გონიოში ახალი ქალაქის აშენება დააანონსა, "თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით".