"მივიწყებული და უდაბური ადგილი იყო. როცა საქმეს ვიწყებდით, არავის სჯეროდა, რომ იქ რამე გამოვიდოდა. ყველა გვირჩევდა, რომ ინვესტიცია სტანდარტულ ბიზნესში გაგვეკეთებინა, თუმცა, ჩვენ საქმეს ნულს ქვემოდან შევუდექით: არც შუქი გვქონდა, არც გაზი და არც ინტერნეტი. ერთი წელი, ფაქტობრივად, სანთლის შუქზე ვიყავით, თუმცა დღეს ყველაფერია. ამით იმის ჩვენებაც გვინდა, რომ ადამიანს თუ სტიმული აქვს და მიზნისკენ ისწრაფვის, მას მიაღწევს", — იხსენებს თავისი საქმიანობის დაწყების ისტორიას ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელმაც დიდ ატენში ტურისტული სივრცე მოაწყო.

ვაჩეიშვილის მარნის სახელწოდებით, სივრცე მოიცავს, როგორც ღვინის საწარმოს, ასევე სასტუმროს, საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამების კემპინგს, საყველე და საჯემე სახლს, სადეგუსტაციო და საგამოფენო ნაწილებს. დაუსახლებელ ადგილას ასეთი თანამედროვე და მრავალფეროვანი სივრცის შექმნა ალბათ მართლაც იმის დასტურია, რომ ადამიანი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აუცილებლად შეძლებს, თუკი მას მოტივაცია ექნება.

სწორედ მოტივაციის გასაზრდელად არსებობს ბიზნესდაჯილდოება, რომელიც თიბისის თაოსნობით უკვე მეექვსედ იმართება. პრესტიჟულ კონკურსში, სადაც წლის საუკეთესო ბრენდებს სხვადასხვა ნომინაციაში ავლენენ, წელს 14 კომპანია გახდა ფინალისტი. მათგან ერთ-ერთი ვაჩეიშვილის მარანია, რომელიც კიდევ ორ ქართული ბიზნესის გვერდით, პრიზის აღებას რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლის შესრულებისთვის ეცდება.

ფოტო: iStockphoto

ახალი სიცოცხლე ადგილს და ერთ სივრცეში მოქცეული კულტურა

ფოტო: თიბისი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ატენში 2010 წელს დასახლდა, სამი წლის შემდეგ კი მარანიც ააშენა და პირველი 100 ბოთლი ღვინოც ჩამოასხა. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით მდიდარ მხარეში თავდაპირველად ტურისტული სივრცის შექმნა არც იგეგმებოდა, ეს, უბრალოდ, მეგობრებისა და ახლობლებისთვის იყო განკუთვნილი. მიზანი კი მათთვის ადგილის "განსაკუთრებულობის გაზიარება" იყო.

"ეს ჩემი ბავშვობის გამორჩეული ადგილი იყო, სტუდენტობისას სკოლაშიც ვასწავლიდი იქ და ექსპედიციებშიც ვმონაწილეობდი", — ამბობს ნიკოლოზი, — "ვინც ჩამოვიდა, შემდეგ, ყველამ იგრძნო ეს გამორჩეულობა".

ატენისთვის დამახასიათებელი დეტალების — გემოს და ატმოსფეროს — შესაქმნელად, ერთგვარად კვლავაც ეთნოგრაფიული ექსპედიცია დაიწყო. ასე აღმოაჩინეს ძველი გზები და ბილიკები, რომლებიც გაწმინდეს, რუკაზე მონიშნეს მნიშვნელოვანი ძეგლებიც და სხვა. განსაკუთრებული რეკლამა ადგილს არც დასჭირვებია — მალევე გახდა პოპულარული უცხოელ სტუმრებს შორისაც. აქვე გადაიღეს დოკუმენტური ფილმები მეღვინეობაზე, ვაჩეიშვილების მარნის საქმიანობაზე. საბოლოოდ კი, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ 2019 წელს სასტუმროს გაფართოება მოუხდათ.

აქ ტურისტები ოჯახებითაც კი ჩამოდიან თავს ისე გრძნობენ, როგორც შინ. ამაზე მეტყველებს ადგილის რეიტინგი Booking.com-ზეც — 9,7 ქულა.

"ჩვენ არ ვართ მომლოდინე ბიზნესი", — აღნიშნავს ნიკოლოზი და ამით ხსნის პანდემიური კრიზისის პერიოდში საქმიანობის "უსტუმროდ" გაგრძელებას. შემოსავლების კლების მიუხედავად, ძველებურად განაგრძეს ღვინის დაყენება, პურის გამოცხობა და მეურნეობის გაძღოლა. თუმცა, წლევანდელი წელი უკეთესი იყო, რადგან ადგილი თუნდაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებში, მათ შორის სხვა ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად სტუმრობენ ამერიკული და ქართული სასწავლებლებიც, სკოლები და უნივერსიტეტები.

ბიზნესის ასეთი შემართებით განვითარება შთამაგონებელი შეიძლება იყოს ბევრისთვის. ზუსტად ამ მიზნით გადაწყდა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებაც, ამიტომ ფინალში მოხვედრა დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული.

სამომავლოდ კი უფრო მეტი სიახლე იგეგმება. სივრცე იმგვარად მოეწყობა, რომ აქ ორ დღეში იქნება შესაძლებელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

"თუკი სტაბილური სიტუაცია იქნება, მომავალი წლიდან საგამოფენო სივრცის დასრულება გვსურს, რომელიც ახლა მშენებლობის პროცესშია", — დასძენს ნიკოლოზი, — "აქ გაიმართება გამოფენები, ჩვენი მეგობარი მწერლების, პოეტების და მხატვრების ღონისძიებები. არაორდინალური და შესაფერისი გარემოა ხელოვნებისთვის. ამასთან, გვსურს სამუზეუმო კომპონენტის დამატებაც.

"გარდა ამისა, დავამატებთ ველო და საცხენოსნო ტურებს, კლდეზე ცოცვას და ასევე იქნება პროექტი, "ღამის ატენი", ვარსკვლავებიანი ცის დასათვალიერებლად".

უნიკალური ბუნებრივი საგანძურით გამოცოცხლებული რეგიონი

ფოტო: თიბისი

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გაცოცხლებას დაისახავს მიზნად დასასვენებელი და სამკურნალო სივრცე Nunisi Forest Resort and SPA, რომელიც ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ ფინალისტებს შორის ერთ-ერთია. ეს ადგილი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან არის ცნობილი სამკურნალო წყლებით, პირველი აბანოები კი უკვე მე-19 საუკუნიდან გვხვდება. 1951 წლიდან ნუნისი საკავშირო მასშტაბის კურორტიც გახდა.

"ჩვენი ნუნისის მონახულების მიზეზი 2001 წელს იაპონელი ბიზნესმენის ზარი გახდა, რომელსაც ფსორიაზი აწუხებდა და საქართველოში მკურნალობა სურდა", — იხსენებს Nunisi Forest Resort and SPA-ის თანადამფუძნებელი, ირმა დაუშვილი, — "ადგილზე ჩასულები უზომოდ მოვიხიბლეთ ზღაპრული ბუნებით, საოცარი ფერებით. მიუხედავად იმისა, რომ კურორტი სრულად გაპარტახებული და მიტოვებული იყო, აბაზანებზე მაინც მოდიოდნენ სოფლის მცხოვრებები და ის ადამიანები ვისაც კანის დაავადებები ძლიერ აწუხებდა. ადგილობრივი მოსახლეობა ისეთი გულანთებულები საუბრობდა ამ წყლის ჯადოსნურობაზე, რომ გულგრილი ვერ დავრჩით. დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ ინვესტიცია ჩაგვედო ამ არაჩვეულებრივ იდუმალ ადგილში და ახალი სიცოცხლე მიგვეცა ნუნისისთვის. მართალია იაპონელი ბიზნესმენი ვერ ჩამოვიდა, თუმცა Nunisi Forest Resort and SPA დაარსდა".

ასე შეიკრა გუნდი: ერთი მხრივ, მაკა ვეზირიშვილი და თავისი მეუღლე დავითი, მეორე მხრივ კი, ირმა, თამუნა და თამაზი დაუშვილები ადგილის გამოცოცხლებას შეუდგნენ. მაკას და დავითს სამედიცინო სფეროში ჰქონდათ გამოცდილება, დაუშვილებს კი — ბრენდ დიოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს ადგილზე მობილური კავშირის ანტენების დადგმაც, სადგურიდან ნუნისამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ადგილობრივების დასაქმება, ახალი პატარა სასტუმროს აშენება და სხვა.

"ნუნისის წყალი უნიკალურია კანის სხვადსხვა დაავადებებისთვის, როგორიც არის ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ატოპიური დერმატიტი და სხვა. ამიტომ განვაახლეთ საპროცედურო და მინერალური წყლის აუზი, რის შემდეგაც მკურნალობა კიდევ უფრო კომფორტული გახდა", — აღნიშნავს ირმა.

"ნუნისმა წაახალისა ადგილობრივები მოეწყოთ ჰოსტელები, კურორტმა ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შესძინა რეგიონს და მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინა ახლო მდებარე სოფლები. თითქოს სული ჩავბერეთ ამ კუთხეს, თანდათან იზრდებოდა ნუნისის ცნობადობა: ვიწვევდით რეგიონის მწერლებს, მხატვრებსა და პოეტებს. ჩავატარეთ რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აღნიშნავდნენ ნუსისის წყლის უნიკალურობას კანის დაავადებათა სამკურნალოდ. უამრავი ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებმაც ჩვენთან შეძენილი გამოცდილების საფუძველზე განაგრძეს განვითარება".

პანდემიასთან ადაპტაცია რთული პროცესი იყო, მით უმეტეს, კვლავაც ტურისტული ბიზნესისთვის, თუმცა, ახალ პარტნიორთან თანამშრომლობა სცადეს, რამაც გაამართლა კიდეც. მაშინ, როცა საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას მოკლებულ ადამიანებს უქმეებზე დასვენება სურდათ, ბევრისთვის ნუნისი აღმოჩენად იქცა. ზოგმა კი დისტანციურად მუშაობა სუფთა ჰაერზე გადაწყვიტა.

"ნუნისი კი საუკეთესო ადგილია, მოსწყდე ხმაურიან ქალაქს და ისიამოვნო, შუაგულ ტყეში ჩამალული სილამაზით", — დასძენს ირმა.

გარდა საქმიანობის წარმატებისა, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაცია უკვე მიღებული გამოცდილებაც იყო — კომპანია დიო, რომელიც ნუნისის ერთ-ერთი დამფუძნებელია, 2017 წელს წლის საუკეთესო ბიზნესის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მეწარმეებისთვის და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონკურსია", — აღნიშნავს ირმა, — "აქ გამარჯვება მონაწილე კომპანიების ცნობადობას ზრდის. ვფიქრობ, ნუნისმა სწორედ რომ უდიდესი გავლენა მოახდინა, სრულიად გამოაცოცხლა და ჟრიამული შეიტანა ხარაგაულის ულამაზეს რეგიონი. ჩვენი საქმიანობით ეს რეგიონი ახლა უფრო პოპულარული და საყვარელი ადგილი გახდა".

რაც შეეხება გეგმებს, როგორც კი დამთავრდება ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ისინი სრულიად ახალი კონცეფციის სასტუმრო-დასასვენებელი კომპლექსის შექმნას გეგმავენ.

"ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას იმკურნალოს და დაისვენოს ამ ულამაზეს ადგილას", — ამატებს ირმა.

"დასაწყისშივე განწირული იდეის" დიდი წარმატება

ფოტო: თიბისი

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლის შესრულებისთვისაა წარდგენილი ბიზნესდაჯილდოების ფინალში, ლოპოტა სპა რეზორტია. დასასვენებელი სივრცე, როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, აქ 2008 წელს დაარსდა. ვაჩეიშვილის მარნის მსგავსად, გარშემომყოფები ამ იდეის წარმატებულად განხორციელება ვერ წარმოედგინათ.

"სამომავლო განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა სკეპტიციზმის მიუხედავად, მკაფიო და გრეძელვადიანი ხედვების მქონე ლოპოტა სპა რეზორტის დამფუძნებელმა, გოგა მაისურაძემ, ხორცი შეასხა იდეას და შექმნა საამაყოდ დამოუკიდებელი ქართული ბრენდი", — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი, ანრი კილაძე.

ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღეისთვის უკვე 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 15 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

როგორც ტურისტულ სექტორში მომუშავე ბრენდების უმეტესობა, ლოპოტა სპა რეზორტიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა პანდემიის გამო. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოსა და საზღვარგარეთ "აქტიური და რელევანტური კამპანიების" წარმოება გუნდური მუშაობით მაინც შეძლეს.

"დასაწყისშივე განწირული იდეის" წარმატებით განხორციელებამ და სირთულეების გადალახვამ კომპანიას ახალი გამოწვევებისკენაც უბიძგა, მათ შორის, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობისკენაც.

"მიგვაჩნია რომ ლოპოტა სპა რეზორტს ძალიან დიდი წვლილი აქვს კახეთის რეგიონის განვითარებაში შეტანილი", — აღნიშნავს ანრი, — "2008 წელს კახეთის ერთ-ერთ მიყრუებულ ტბასთან სასტუმროს აშენება დასაწყისშივე განწირულ და უიმედო იდეას ჰგავდა, თუმცა, როგორღაც პროექტმა თავი გაიტანა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მივიწყებული გუბურა ტირიფებითა და საოცარი გედებით გარშემორტყმულ, მშვენიერ ტბად იქცა, ხოლო პირველმა მოკრძალებულმა კოტეჯებმა პრემიუმ ხარისხის სერვისსა და შთამბეჭდავ ინფრასტრუქტურას დაუთმო ადგილი. ჩვენ ყოველ წელიწადს 40 000-ზე მეტ ტურისტს ვმასპინძლობთ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს გუნდს, 70 პროცენტზე მეტი ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული".

სამომავლო გეგმები ლოპოტა სპა რეზორტსაც მრავლად აქვთ. აქ ყოველწლიურად ცდილობენ, სტუმრებს სიახლე დაახვედრონ და სიურპრიზებით გაანებივრონ, თუმცა, როგორც ანრი აღნიშნავს, მათთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტუმრებისთვის აქ გატარებული დრო დაუვიწყრად აქციონ".


ბიზნესდაჯილდოება 2021-ის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულს ხუთ კატეგორიაში გამოავლენს, თითოეულ მათგანს კი კვლავ ექნება საშუალება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ სასურველი პრიზი. ჯილდოების ასორტიმენტი კი ისევ მრავალფეროვანია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.