რიცხვებში მოქცეული მექანიკური ცხოვრება — რატომ არ უნდა ვითვლიდეთ ყველაფერს?
ბოლო პერიოდში ჩვენი თითოეული ქმედება რიცხვებთან ასოცირდება, რასაც დიდწილად თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქა უწყობს ხელს. ჩვენ მხოლოდ დროსა და ფულს აღარ ვითვლით, არამედ ნებისმიერი აქტივობა თუ ფიქრი ზუსტად ფიქსირებული რიცხვების სამყაროს ნაწილი ხდება. ჩვენ ვითვლით სოციალურ ქსელებში რეაქციებისა თუ გამომწერების რაოდენობას, მიღებულ ქულებს, კალორიებს, საჭირო თუ ზედმეტ კილოგრამებს, მოსაუბრის შეტყობინებებს შორის დროის სხვაობას, დღის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებს, წაკითხული გვერდების რაოდენობას და გაუცნობიერებლად ამ საკითხებზე ფიქრის დროც კი განსაზღვრული გვაქვს, რომ შემდეგ ისევ რუტინას დავუბრუნდეთ.
ერთი შეხედვით, მუდმივი კონტროლი იმის განცდას გვიტოვებს, რომ ყველაფრის გაუმჯობესება და შეცდომების მარტივად აღმოჩენა შეგვიძლია, მაგრამ, მეორე მხრივ, რიცხვებისადმი თანამედროვე საზოგადოების ობსესიური მიდრეკილება სრულიად საპირისპირო ვითარებაზე მიგვითითებს.
თუ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოთვლისა და გაზომვის კულტურა არ არსებობდა, ადამიანებს ამის გამო მუდმივი შფოთვა არ აწუხებდათ. მაგრამ რა მოხდება ჩვენს შემთხვევაში? რამდენადაა შესაძლებელი, რომ ერთ დღესაც ყველა ჩვენი გამომთვლელი მოწყობილობა გვერდით გადავდოთ და ამ მანკიერი წრისგან თავის დაღწევა ვცადოთ? დიდი შანსია, რომ მტკიცე სურვილის მიუხედავად, ჩვენი გონება მაინც გააგრძელებს გამოთვლას, კონტროლსა თუ რიცხვებზე დაკვირვებას, რადგან იმ აკვიატებისგან გამოწვეული შფოთვა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოვტოვებთ, არ არის მარტივად გადასალახი.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შეკითხვა სწორად დავსვათ, რათა მართებულ გადაწყვეტილებამდეც მივიდეთ: ყველაფრის გამოთვლა და კონტროლი მეტ თავდაჯერებულობასა და კომფორტს გვიქმნის თუ, პირიქით, ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება ნაკლებად სტრესული იქნებოდა? კარგი იქნება, თუ ასე ფორმულირებულ კითხვას ჩვენს თავებს ხშირად გავუმეორებთ. მე კი ჩემი მხრიდან იმის ახსნას შემოგთავაზებთ, თუ რატომ არ უნდა ვითვლიდეთ ყველაფერს და ჩვენ მიერ მოხელთებული რიცხვები, რეალურად, რას გვაკარგვინებს:
1. იდეალურობის სტანდარტი ყოველთვის ზრდადია
ხშირად იმას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მოგვწონს, იმის იმედით ვეგუებით, რომ იდეალურ ვერსიაში აუცილებლად გამოსწორებული იქნება. იგივე მიმართება გადაგვაქვს საკუთარ თავზეც და თან, თუ სამყარო იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ იდეალურობის დონე რიცხვებში, თვეებში და ყოველდღიურად წუთებშიც კი ვითვალოთ, ეს გარკვეულწილად ოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს, მაგრამ მუდმივ კალკულაციაზე დამოკიდებულს გვხდის.
ახლა კი დავფიქრდეთ, ნამდვილად მივაღწევთ იმ იდეალურობას, რაც დღეს მხოლოდ ჩანაფიქრში გვაქვს? რადგან ადამიანებს მიზნების დასახვა და მათკენ ლტოლვა უფრო დიდი ენთუზიაზმით გვავსებს, ვიდრე მიღწეული შედეგი, დიდი შანსია, რომ იდეალურობის სტანდარტი თავადვე ვცვალოთ და მით უფრო მიუღწევადი გავხადოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი თავით კმაყოფილი ვერასდროს ვიქნებით და მეორე, მუდმივ გამოთვლებში ის რეალობა გვისხლტება, რომელშიც ვცხოვრობთ.
დავუშვათ მივაღწიეთ ისეთ "იდეალურ მეს", რომელიც ფიზიკური თუ გონებრივი პარამეტრებით ერთ დროს ჩვენთვის სასურველი იყო. და მერე რა ხდება? რამდენი დღე ან უკეთეს შემთხვევაში, თვე დავჯერდებით იმ იდეას, რომ ყველაფერი კარგადაა? არც ისე დიდი ხანი, რადგან შემდეგ სასწორზე სხვა მონაცემების დანახვის სურვილი გვიჩნდება ან იმ ადამიანის შესაძლებლობების ქონა გვინდება, რომელიც "რიცხვებში" ჩვენზე უფრო წარმატებული ჩანს. ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ დაუსრულებელ თვლას და ამ პროცესით ვცდილობთ, იმაზე ფიქრი ავიცილოთ თავიდან, რომ ჩვენი შეჩერების ნიშნული განუსაზღვრელია.
2. ყველაფრის გამოთვლა მეტ სტრესს იწვევს
თუ გამოთვლაზე დამოკიდებულება თქვენთვის ნაცნობი პრობლემაა, მაშინ გეცოდინებათ, რა "სასიამოვნო" გრძნობაა, როცა რაღაც რიცხვებში ზუსტად იცი. მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს "სიამოვნება" მეტ სტრესს შეიძლება იწვევდეს, ვიდრე რაღაცის არცოდნა? იქნებ ძილის წინ მაღვიძარამ დარეკვამდე დარჩენილი 3 საათი რომ არ გამოგითვალოთ, ის მცირე დრო ნაკლები შფოთვის გარეშე დაიძინოთ? ან იქნებ მეგობრებთან ყოფნისას ყველა საკვებისა თუ სასმლის კალორია ზეპირად რომ არ იცოდეთ, თითოეულ ლუკმაზე თავის მიმართ გაცილებით ნაკლები სიძულვილი იგრძნოთ? არც ის არის გამორიცხული, რომ თქვენი სწავლისა თუ სამუშაოს ეფექტიანობას ის ფაქტორიც ამცირებდეს, რომ მუდმივად აკონტროლებთ წუთში რამდენ სიტყვას წერთ, თარგმნით თუ კითხულობთ. თუ თქვენს პირად მაგალითებსაც ამ ჩარჩოს მიუსადაგებთ, დიდი შანსია, დაინახოთ, რომ გამოთვლა ხშირად უფრო მეტ სტრესს იწვევს, ვიდრე რიცხვების დაიგნორება.
ალბათ, ისეთი შემთხვევები ყველას გვეპარება, როცა გამოთვლის ნაცვლად რეალობით ვტკბებით, თუმცა რიცხვებისადმი დამოკიდებულების პრობლემა იმიტომაა კომპლექსური, რომ ნებისმიერი ტიპის ამოვარდნას თან სდევს დანაშაულის შეგრძნება. ამის "გამოსწორება" კი გამოტოვებული წუთების დროს დაშვებული "შეცდომების" თავიდან გადათვლით მთავრდება ხოლმე.
მართალია, ჩვევის გამოსწორება რთულია, მაგრამ რაციონალურ დონეზე თუ გავაანალიზებთ, სამყაროსა და ჩვენი თავი გამოთვლის პროცესი რამდენ რამეს გვაკარგვინებს, არ არის გამორიცხული, ჩვენს სტანდარტებს გადავხედოთ და ცვლილებაზე ვიფიქროთ.
3. შეჯიბრს იქ ხედავ, სადაც ამის საჭიროება არ არის
რიცხვებისადმი მიდრეკილებას, ალბათ, აზრი დაეკარგებოდა, მხოლოდ ჩვენს თავს რომ ვეჯიბრებოდეთ და კონკურენციას სხვა ადამიანების მიმართაც არ განვიცდიდეთ. ჯანსაღი კონკურენცია რომ პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება, ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა მეორე საკითხია, რიცხვებით შეპყრობილი ადამიანი რამდენად სწორად ხედავს შეჯიბრის საჭიროებას. მეგობრების რაოდენობა, საყვარელ ადამიანთა ლაპარაკში გატარებული დრო, ქუჩაში სეირნობისას თქვენკენ მოპყრობილი მზერა, ახლობლების მოკითხვებში სიტყვების რაოდენობა შეიძლება იმის ინდიკატორად გექცეთ, თუ რამდენად სასურველი ან მიუღებელი ადამიანი ხართ. ეს კი შეცდომაა, რადგან მსგავსი მიმართებები რიცხვებში არ იზომება.
თუ იმაზე ფიქრი გტანჯავს, მეგობარი რომელ ადგილზე გაყენებს და თქვენზე მეტად ვისთან უფრო სასიამოვნო დროს ატარებს, შეიძლება, თავს ზედმეტად ითრგუნავდეთ, რადგან ადამიანები ჩვენი გრძნობების გამოხატვისას სტატისტიკაზე ნაკლებად ვფიქრობთ. არც სატელეფონო ზარისას წუთების დათვლაა მართებული, რადგან სალაპარაკო თემებს წინასწარ არ ვგეგმავთ, რათა დღიური კვოტა შევავსოთ, რომელიც ურთიერთობის ხარისხს დაგვიდგენდა და სასიამოვნო ადამიანების წარმოსახვით სიაში ჩვენს ადგილს გვაპოვნინებდა. ეს ყველაფერი რიცხვებზე დამოკიდებულების გვერდითი ეფექტია, რომელსაც რაც უფრო ადრე გაუსწორებთ თვალს და შედარებით გამოთვლადი მოვლენებისგან გაარჩევთ, მით უფრო გაგიმარტივდებათ ცხოვრება.
4. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე რიცხვები არაფერს გვეუბნება
ვერ უარვყოფთ, რომ უმრავლესობის აზრები ჩვენს გადაწყვეტილებებზეც ხშირად ახდენს გავლენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ბევრი ეთანხმება, ის ავტომატურად სწორი პოზიციაცაა. არსებობს გარკვეული აბსტრაქტული ღირებულებები, რომლებიც ათი მცნებასავით მზამზარეული არავის მოუცია, თუმცა შინაგანად გვჯერა, რომ ეს სწორია და მათ შესაბამისად ვმოქმედებთ. ამის კარგი მაგალითი მორალთან დაკავშირებული საკითხებია: შეიძლება, უმრავლესობას საერთოდ არ ადარდებდეს ან მეტიც, თვალს ხუჭავდეს იმ ფაქტზე, რომ ჩვენს ლანგარზე მორთმეული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ამ არსებების ტანჯვას პირდაპირპროპორციულად უკავშირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტილება სწორია და ამ საკითხს ეჭვის თვალით არ უნდა ვუყუროთ.
შეიძლება, დღეს სამყაროს შესახებ ნაკლები გვცოდნოდა, კიდევ უფრო მეტი საუკუნით გეოცენტრული სისტემის ჭეშმარიტება რომ დაგვეჯერებინა, რომელსაც უმრავლესობა უჭერდა მხარს, ან ქალების ცხოვრება ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების ჩარჩოში დარჩენილიყო, რაზეც უმეტესობა თანხმდებოდა. თუმცა ეს ის უმცირესობებია, რომლებიც არ ცდებოდნენ და რიცხვებით დამტკიცებულ მოსაზრებებს არ დასჯერდნენ. ასე რომ, კაცობრიობის ისტორიაც ბევრ ისეთ შემთხვევას გვთავაზობს, რომლებიც მოგვიწოდებს, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, გვეუბნება თუ არა რიცხვები რამეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
5. თანდათან იდენტობას კარგავ
მონეტის ერთი მხარეა, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი იდეალური რიცხვებისკენ მივისწრაფვით, მაგრამ მეორეა, თუ საერთოდ საიდან გაჩნდნენ ეს ნიშნულები ჩვენს ცხოვრებაში. ვინ გვითხრა, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სხეული? ან რა წანამძღვრების დაკმაყოფილება გულისხმობს იმ დასკვნას, რომ წარმატებული ცხოვრება გვაქვს? რამდენი ასეული "ლაიკის" შემდეგ ითვლება ადამიანი პოპულარულად ან მისი აზრი გავლენიანად? ჩვენ უმეტესად ამ სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ და კმაყოფილებას განვიცდით, თუ ჩარჩოებში მცირე გადაცდომებით მოვთავსდით, თუმცა უფრო დიდ ხანს თუ დავფიქრდებით, იყო ეს ნამდვილად ჩვენი სურვილი?
რთულია ამის გაცნობიერება, მაგრამ ხშირად თუ "როგორი გვინდა ვიყოთ" მაინც იმას ახმოვანებს, თუ "როგორი უნდა საზოგადოებას, რომ ვიყოთ". ეს ფორმები, რიცხვები, სტანდარტები და კატეგორიები ჩვენს ცნობიერებაში ყოველწამიერად შემოდის და რა თქმა უნდა, დიდი ნაწილის გაფილტვრას ვერ ვასწრებთ. შემდეგ კი გვეჩვენება, რომ ეს ჩვენი მიგნებები და სურვილებია, რაზეც სხვადასხვა იდენტობას ვაშენებთ, რომლითაც თავს განვსაზღვრავთ. ჩვენ, თითქოს, ვიცით, როგორია "წარმატებული ადამიანი", "ნამდვილი მამაკაცი", "მოდის ქალღმერთი", "ცნობილი ინფლუენსერი" და ასე შემდეგ, რომელთა მიხედვითაც საკუთარ თავს მუდმივად ვზომავთ და ამას დასასრული არ უჩანს. ამ პროცესში კი ის გვეკარგება, თუ რა გვინდა რეალურად და როგორი იქნებოდა ამ იარლიყების გარეთ არსებული ნამდვილი ცხოვრება.
ნებისმიერი პრობლემისთვის თვალის გასწორება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავს გამომთვლელი მანქანის როლში აღმოაჩენ. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, თითქოს, ის ემოციები და პროტესტის განცდა, რომელიც ობსესიური ჩვევის გადალახვაში უნდა გვეხმარებოდეს, მას კიდევ უფრო ავსებს და აძლიერებს. ამ სტატიის მიზანი მეორე უკიდურესობაში გადავარდნის მოთხოვნა არ არის, რომელიც გვეტყოდა, რომ საკუთარი თავი და სამყარო საერთოდ არ ვაკონტროლოთ. ყველა ეპოქასა თუ ტექნიკურ მიღწევას თავისი დადებითი მხარე აქვს, მთავარი მისი სწორად აღქმა, ჩვენ სასიკეთოდ გამოყენება და ზომიერების პრინციპის დაცვაა, რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში იმაზე მეტად დაგვეხმარება, ვიდრე უსიცოცხლო რიცხვების მუდმივი დარაჯი.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები