ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები
ერთია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, მეორე კი — სოციალური მეწარმეობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საზოგადოებრივ საჭიროებებზე ზრუნვა მთავარი საქმიანობას შეთავსებული დავალება კი არ არის, არამედ ბრენდის ყოველდღიურობა და ძირითადი მისიაა.
სწორედ ამას უსვამს ხაზს გიორგი ასათიანი, რომელიც ქართულ ბრენდს, ბებიას, წარმოადგენს. ყველაფერი კი ბებიის მოქსოვილი ორი ქუდით დაიწყო. გიორგის თქმით, იგი ნაწილობრივ ბებიის გაზრდილია და სწორედ მან აჩუქა თავისი მოქსოვილი ორი ქუდი. სამწუხაროდ, მან ერთი გააჩუქა, მეორე კი დაკარგა. როცა ბებოს კიდევ ერთი ქუდის მოქსოვა სთხოვა, მან ეს ვეღარ მოახერხა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა.
"მაშინ მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის ბებიაჩემის ხელით მოქსოვილი ქუდები", — იხსენებს გიორგი, — "თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ მართალია, მე ბებია აღარ მყავდა, სხვა ბებიები არსებობდნენ, რომელთაც თავიანთი სითბოს, სიყვარულისა და დადებითი ემოციის ჩაქსოვა შეეძლოთ ქუდებში. ეს ქუდები კი, სხვა, თუნდაც იმავე მასალით დამზადებულ პროდუქციაზე ღირებული იქნებოდა".
ასე გაჩნდა სოციალური საწარმოს შექმნის იდეაც. ეს საწარმო, ერთი მხრივ, პროდუქციას, ნატურალური მასალით დამზადებულ ქუდებს, შექმნიდა, მეორე მხრივ კი, დაასაქმებდა და დამატებით შემოსავალს გაუჩენდა უამრავ ხანდაზმულ ადამიანს, რომელთაც ქსოვა შეუძლიათ.
ამ მისიით ბრენდი წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებს შორის აღმოჩნდა. თიბისის წარმატებული პროექტი წელს უკვე მეექვსედ იმართება. ბოლო სამი წელია, კონკურსზე ნომინაცია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის უცვლელია, თუმცა მისი ნომინანტებისა და გამარჯვებულების მიზნები — განსხვავებული.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში სულ ორი ფინალისტია: კოდალა და ბებიას. იმის მიუხედავად, თუ რომელი მათგანი გახდება გამარჯვებული, ორივე მათგანის ამბავი ცხადყოფს, რა როლი აკისრია ბიზნესს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება, ერთი კეთილი იდეა წარმატებულ საქმიანობად იქცეს.
სიყვარულით შექმნილი პროდუქცია ხანდაზმულების დასახმარებლად
"ბრენდი ბებიას დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში და მას შემდეგ უკვე სამი სეზონია, ვმუშაობთ", — იწყებს გიორგი, — "2020-21 წლების სეზონი პანდემიას დაემთხვა, თუმცა, ადაპტაცია მაინც მოვახერხეთ და სრულიად ონლაინგაყიდვებზე გადავედით. ახლა კი, როცა 2021-22 წლების სეზონი დადგა, გვექნება, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში გაყიდვის შესაძლებლობა. გავაუმჯობესეთ ვებგვერდი, დავხვეწეთ მარკეტინგული გეგმა, გავზარდეთ წარმოება — პირველ წელთან შედარებით სამჯერ, ხოლო გასულ წელთან შედარებით ორჯერ — ასევე ჩვენმა სოციალურმა მისიამ, ბებიების დასაქმებამ, უფრო მასშტაბური სახე შეიძინა".
ბრენდის პროდუქცია ნატურალური მასალით, თუშური შალით, მზადდება და საგანგებოდ შერჩეულ ფერებშია გადაწყვეტილი. შალის ძაფები ახმეტაში, ზემო ავანში მზადდება, შემდეგ კი მათი დისტრიბუცია ხდება ბებიებამდე. ბებიები, რომლებიც სახლში მუშაობენ, იქვე იღებენ ძაფებსაც და იარლიყებსაც, დამზადებული პროდუქცია კი, მოგვიანებით, იფუთება და ონლაინ და ფიზიკურ ბაზარზე იყიდება.
გიორგის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ბრენდისთვის სოციალური მისია მამოძრავებელი ღერძია.
"სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრიც ვართ — ჩვენი მთავარი საქმიანობა სოციალური მისია, ხანდაზმული ადამიანების დასაქმებაა", — ამბობს გიორგი, — "ხანდაზმული ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში, მათ გააჩნიათ მხოლოდ პენსია, რომელიც წარმოუდგენლად დაბალი დღიური შემოსავალია. ჩვენი მთავარი მიზანი მათი დახმარებაა. არც მოგებაზე ვართ ორიენტირებულები და თანამშრომლების უმეტესობაც მოხალისეობრივად მუშაობს, რათა საწყის ეტაპზე ბრენდის განვითარება შევძლოთ".
სწორედ განვითარებისკენ სწრაფვა იქცა კომპანიისთვის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაციად. იმის მიუხედავად, რომ ბრენდის წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, მათ ცნობადობის ამაღლება მაინც სჭირდებათ, რათა მომავალ სეზონებზე წარმოების გაზრდა შეძლონ.
"სამი წლის განმავლობაში ბევრგან ვცადეთ ბედი", — აღნიშნავს გიორგი, — "თუმცა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოვახერხეთ მცირე გრანტის მიღება, რომელიც წელს თავის გატანაში დაგვეხმარა. იმის გამო, რომ დაფინანსების ინტერესი ძირითადად მიემართება ინოვაციურ საწარმოებს, ჩვენი კომპანია იშვიათად ახერხებდა ხოლმე მის მოპოვებას".
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიზეზი კი თიბისის პრიორიტეტებზე ინფორმაციის შეტყობა გახდა. გიორგის თქმით, იგი რამდენიმე პრეზენტაციაზე ყოფილა, საიდანაც გაიგო, რომ თიბისისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, უკვე 2022 წლიდან ბრენდი საზაფხულო პროდუქციის წარმოების დაწყებას აპირებს — ისეთის, რომლის დამზადებას კვლავ ბებიები შეძლებენ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი წლევანდელი წელი წარმატებულად ჩამთავრდება, სამომავლოდ კი შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ.
"დიდი გეგმები გვაქვს, რომელთაც აუცილებლად მივაღწევთ გრძელვადიან პერსპექტივაში", — დასძენს გიორგი, — "უკვე ვყიდით პროდუქციას აშშ-ში, თუმცა, გვსურს ევროპის დიდი ქალაქებიც მოვიცვათ. იქ, სადაც ცივი კლიმატია; დავიწყებთ, მაგალითად, ნიდერლანდებში, მოგვიანებით კი უფრო ჩრდილოეთით, ნორვეგიის და შვედეთისკენ, შესაძლოა, გაერთიანებული სამეფოსკენაც გადავიდეთ.
"საქართველო ერთგვარი სატესტო ბაზარია, სადაც, გვწამს, რომ მომხმარებელს კარგი გემოვნება აქვს. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენთან ბაზარი პატარაა, მისი საზღვარგარეთ გაფართოება ჩვენთვის პრიორიტეტულია".
მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა
კიდევ ერთი სოციალური საწარმო, რომელიც წელს ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებში აღმოჩნდა, კოდალაა. ბრენდის უმთავრესი სოციალური მისია შშმ პირების სოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობაა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის წარმოებული პროდუქცია, რომელიც სათამაშოებსა და დეკორატიულ ნაკეთობებს მოიცავს, ეკომეგობრულია.
"საქმიანობა ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ", — ჰყვება კოდალას წარმომადგენელი, კოტე სვანაძე, — "ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, შშმ პირების ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა იყო, მეორე მხრივ კი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის, ამ შემთხვევაში, სათამაშოების, შექმნა გვსურდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისათვის. მუშაობა სწორედ ამ ორი იდეის გარშემო დავიწყეთ, სულ რაღაც ხუთი თანამშრომლით, მოგვიანებით კი, შევძელით, რომ წარმოებაც და დასაქმებულების რაოდენობაც გაგვეზარდა".
დღეის მდგომარეობით ბრენდს უკვე 50-ზე მეტი შშმ პირი ჰყავს გადამზადებული ახალი პროფესიისთვის. საწარმოში 16 მათგანი მუშაობს, რომლებიც მათთვის შექმნილ პოზიტიურ გარემოში არჩეულ პროფესიას ეუფლებიან.
კოდალა ძირითადად ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვასა და მეხსიერებას. საღებავი ხის ნაკეთობას ბოლომდე არ ფარავს, რათა ბავშვმა ხის ენერგეტიკა შეიგრძნოს. ზედაპირი სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქითაა დაფარული, რომელიც უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს. წარმოებაში გამოიყენება საქართველში დამზადებული ნატურალური ხის მასალა, უმეტესად, წიფელი.
საინტერესოა ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბრენდმა საწარმოს გაფართობა შეძლო. გარკვეულ ეტაპზე კოდალას სამუშაო ადგილების შემცირება მოუხდა, თუმცა, მიმდინარე წელს პოზიციები აღიდგინეს, რამაც მათ ხელი შეუწყო ექსპორტის ხაზის გაგრძელებასა და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებაში.
მხარდაჭერის მოპოვება კი კვლავაც სამუშაო ადგილების გაზრდას ემსახურება — კომპანიის შემოსავლების ინვესტირებაც ხომ ამ საქმეში ხდება. სწორედ ეს იყო წინაპირობა, რატომაც ბრენდმა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
"ფინალში მოხვედრის მოლოდინი გვქონდა, ხოლო უკვე გამარჯვების შემთხვევაში იმის იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შესახებ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს", — დასძენს კოტე, — "ბრენდისა და პროდუქციისადმი ინტერესის ზრდა, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება წარმოების გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას, განსაკუთრებით იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ორიენტირია".
სამომავლოდ ბრენდი აპირებს, რომ გარდა სათამაშოებისა, მომხმარებელს საბავშვო დეკორატიული ავეჯის ხაზიც შესთავაზოს, რომელიც "თავისი შინაარსით განსხვავებული და უნიკალური" იქნება. ამასთან, პროდუქცია გაფორმებული იქნება ქართული სიმბოლიკითა და ელემენტებით, რაც, როგორც ბრენდის, ასევე ქართული ნაწარმის ექსკლუზიურობას გაუსვამს ხაზს.
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულს ხუთ კატეგორიაში გამოავლენს, თითოეულ მათგანს კი კვლავ ექნება საშუალება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ სასურველი პრიზი. ჯილდოების ასორტიმენტი კი ისევ მრავალფეროვანია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
კომენტარები