სტრატეგია აღმაშენებელი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

"სტრატეგია აღმაშენებელი მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. დაუშვებელია ხელისუფლების მცდელობა, რომ პრეზიდენტი გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში, სადაც ვერ იქნება დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. მითუმეტეს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი ყველა იმ ტექნოლოგიით, რაც აუცილებელია მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და სამკურნალოდ", — ამბობენ ისინი.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას დაკისრება.

"გასულ წელს 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი ციხიდან სამოქალაქო სექტორს პოლიპროფილურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის კურსის გასავლელად, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში ათასობით პატიმარი იქნა გადაყვანილი, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩასატარებლად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც საჭიროა სხვადასხვა კვლევებისა თუ მკურნალობის ჩასატარებლად.

ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გვერდზე გადაწიონ პირადი ანგარიშწორება და იზრუნონ მიშიმშილე პოლიტპატიმრის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას", — აცხადებს სტრატეგია აღმაშენებელი.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 27-ე დღეა შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".