თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ელჩების გაწვევას აღარ გეგმავს. ამის შესახებ უცხოური პრესა, მათ შორის, politico წერს. მედიის ცნობით, ერდოღანი აცხადებს, რომ მათი მიზანი არა კრიზისის შექმნა, არამედ ქვეყნის უფლებების, კანონების, პატივისა და სუვერენიტეტის დაცვაა.

"ახალი განცხადება, რომელიც საელჩოებმა გააკეთეს, იყო უკან დახევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცილისწამებისგან. მე მჯერა, რომ ეს ელჩები ბევრად ფრთხილად იქნებიან მათ განცხადებებში თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.

გამოცემის ცნობით, საელჩოებმა ორშაბათს გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს იცავენ.

ერდოღანმა დასავლური ქვეყნების 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ბრძანება 23 ოქტომბერს გასცა. მათ შორის იყვნენ: აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და ახალი ზელანდიის ელჩები. მიზეზი ელჩების მხრიდან ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ მოწოდება გახდა.

ელჩებმა, რომელთა პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ერდოღანი ითხოვდა, 18 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თურქეთის ხელისუფლებას სამართლიანი მართლმსაჯულებისა და კავალას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ ისინი საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა. უწყებამ ელჩების განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ოსმან კავალა 4 წელია ციხეშია. მას 2013 წელს საპროტესტო აქციის დაფინანსება და გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.