ამელი — ფილმი, რომელმაც მაყურებელი თავისი უჩვეულო სტილით მოაჯადოვა
ეს უცნაური რომანტიკული კომედია ოცი წლის შემდეგაც კი არ კარგავს აქტუალობას. უფრო მეტიც, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ამელისეული მაგია ამ სამყაროში.
ოცი წლის წინ ერთმა ტანმორჩილმა გმირმა პარიზის მონმარტრის უბნიდან მომენტალურად დაიპყრო მაყურებელთა გულები. ამელი პულენს, რომელიც ჟან-პიერ ჟენეს მეოთხე ფილმის მთავარი პერსონაჟია, წარმოსახვის დიდი უნარი აქვს. ის მიმტანად მუშაობს მომცრო კაფეში და ბედნიერებასა და სიამოვნებას ყოველდღიურობის პატარა დეტალებში პოულობს — იქნება ეს მარცვლეულის ტომარაში ხელის ჩაყოფა თუ კრემ-ბრიულეს ზედაპირის კოვზით ჩატეხვა. ამისდა მიუხედავად, ამელი ზოგჯერ თავს სხვებისგან განცალკევებულად გრძნობს. მარტოდ გატარებული ბავშვობის შემდეგ ის ცდილობს, მის გარშემო მყოფ ადამიანებთან კავშირები დაამყაროს.
ჟენეს არაორდინარულ რომანტიკულ კომედიაში ამელი უცნაური ადამიანების ცხოვრებაში გვახედებს და საფრანგეთის დედაქალაქის უცნობ თუ ნაცნობ ადგილებში გვამოგზაურებს. ამ მომაჯადოებელი პერსონაჟებისა და გარემოს წყალობით, ფილმმა გამოსვლისთანავე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება და მას ორი ათწლეულის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა. სწორედ მისი შთაგონებით დაიდგა მიუზიკლი. უფრო მეტიც, ბაყაყის ახლად აღმოჩენილ სახეობას ფილმის მთავარი გმირის პატივსაცემად ამელი დაერქვა. და მაინც, რა არის კინემატოგრაფიის ამ ნიმუშში ასეთი განუმეორებელი, რომ ის დღემდე არ კარგავს ხიბლს?
ჟან-პიერ ჟენეს ამელის გადაღებამდეც ჰქონდა სახელი განთქმული კინემატოგრაფიაში. 1991 წელს მან მარკ კაროსთან ერთად გადაიღო დისტოპიური ფილმი, დელიკატესების მაღაზია, რომელიც საკულტო ნამუშევარი გახდა (სიუჟეტის მიხედვით, ყასაბი ადამიანის ხორცით კვებავს კორპუსის ბინადრებს). 1995 წელს კი მან ძალები სამეცნიერო ფანტასტიკაში მოსინჯა და მისი დაკარგული ბავშვების ქალაქი კანის კინოფესტივალზეც აჩვენეს.
აი, ჰოლივუდში სახელის მოპოვების მისი პირველი მცდელობა კი დიდად წარმატებული არ ყოფილა: როცა ჟენემ ლოს-ანჯელესში ფილმების ცნობილი სერიის, უცხოს მეოთხე ნაწილი სიგურნი უივერისა და უაინონა რაიდერის მონაწილეობით გადაიღო, ნამუშევარს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ჟენე ამელის როლზე ბრიტანელ ემილი უოტსონს განიხილავდა, თუმცა ამ უკანასკნელის ფრანგული არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი და რეჟისორს სხვა მსახიობის პოვნა მოუწია. ოდრი ტოტუ პირველივე მსახიობი იყო, რომელიც მან სინჯებზე დაიბარა — ჟენეს ის ფრანგული რომანტიკული ფილმის, ვენერას სილამაზის აკადემიის პოსტერზე ჰყავდა შემჩნეული. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ენერგიითა და გულწრფელობით განასახიერებს ოდრი თავის პერსონაჟს, რთულია ამ როლზე სხვა მსახიობის წარმოდგენა. პერსონაჟში ჩვენ ვხედავთ როგორც გულთბილ, ასევე მოუსვენარ ხასიათს, მისი გონება კი გადართულია პატარ-პატარა არეულობების შექმნაზე, რათა ირგვლივ მყოფი ადამიანები ცხოვრების ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან გამოაფხიზლოს.
ამელი თავის ცხოვრებას სხვების გაბედნიერებას უძღვნის. მართალია, ეს ერთი შეხედვით უანგარო გადაწყვეტილებაა, მაგრამ მსგავსი საქციელით ის, ამავე დროს, თავის შინაგან მარტოობასთან გამკლავებას ცდილობს. მან დედა ადრეულ ასაკში დაკარგა, მამამისის კარჩაკეტილ ცხოვრებას კი ვერ შეეგუა. ამ მიზეზთა გამო ადამიანური ემოციებსა და ურთიერთობების დანაკლისს პერსონაჟი ირგვლივ მყოფთაგან ივსებს.
მაყურებელი ამელის პარიზულ თავგადასავალს სიამოვნებით ადევნებს თვალს. ბრუნო დელბონელის კინოოპერატორული ხედვა პარიზის ქუჩებს სიცოცხლით სავსედ წარმოაჩენს. ეს თავბრუდამხვევ ატრაქციონს ჰგავს, რადგან დელბონელისთვის მთავარი მუდმივი მოძრობაა. ფილმში პარიზის ისეთ ხედებსა და კადრებს ვაწყდებით, როგორებიც მხოლოდ საფოსტო ბარათებზე თუ გვინახავს. ამელის სავიზიტო ბარათი მისი ფერთა გამაა. რთულია, რომელიმე სხვა ფილმში აგვერიოს მისთვის დამახასიათებელი წითელი და ყვითელი ფერები, რომლებიც პერსონაჟის ცხოვრებით ტკბობას უსვამს ხაზს.
ფილმისთვის დამახასიათებელ რომანტიკასა და მაგიურობას თან სდევს იან ტერსენის მუსიკალური კომპოზიციები. მისი ნაწარმოებები ამელის ახირებული ხასიათის ხაზგასასმელად იდეალურ დროს გვევლინება და თავისი ჯადოსნური ნოტებით უკეთესად განგვაცდევინებს პერსონაჟის ცხოვრებას. ფილმი არ გვანახებს რეალურ პარიზს. სანაცვლოდ, ესაა მეოცნებეთა ქალაქი, ფანტასტიკური ადგილი, სადაც მაგია ყველა ქუჩასა თუ მეტროს სადგურში იმალება. ჟენე და მისი შემოქმედებითი გუნდის წევრები ამ ფილმით ეცადნენ, შეექმნათ სტრესული რეალობის შემსუბუქებული ვერსია, სადაც ხელოვანებსა და მეოცნებეებს გარე ძალების ზემოქმედების შედეგად ფრთები ჯერ კიდევ არ შეკვეციათ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა ამელი სახლში მარტო რჩება, მისი სამყარო მიწიერდება, მისი მარტოსულობა კი თვალშისაცემი ხდება. იზოლაციის მსგავსი განცდა ყველასთვის ნაცნობია, ვისაც დიდ ქალაქში უცხოვრია — იქ, სადაც ხალხით ხარ გარშემორტყმული, მაგრამ ახლო ურთიერთობების ფორმირება ერთობ რთულია. გლობალური პანდემიის ფონზე კი იზოლირება ჩვენთვის კიდევ უფრო ახლო და მტკივნეული თემაა, რადგან საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებით განცდილი ბედნიერება ყველას შემოგვაკლდა.
ოდრი ბრისონი, რომელიც ამელის მიუზიკლში მთავარ როლს ასრულებს, მიიჩნევს, რომ ფილმის აქტუალობას სწორედ ეს მიზეზი განაპირობებს: "ჩვენ ყველამ გამოვცადეთ კარანტინი პანდემიის გამო, რის შედეგადაც მოგვიწია საყვარელ ადამიანებთან კავშირის გაწყვეტა. ასეთ დრო კი მარტოობის გრძნობა განსაკუთრებულად შესამჩნევი ხდება. ამელი არის ამბავი ისეთ პერსონაჟებზე, რომლებიც ერთმანეთთან ვერ ამყარებენ მათთვის სასურველ ურთიერთობებს. ფილმის გმირები სწავლობენ, თუ როგორ დაარღვიონ თავიანთი პირადი საზღვრები და დაუახლოვდნენ ერთმანეთს".
ამელის მიუზიკლის ვერსიის პრემიერა 2015 წელს შედგა, ბროდვეიზე კი ის 2017 წელს დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჟენე არ აღიარებს ფილმის ბროდვეისეულ ვერსიას, აშკარაა, რომ ამელი სცენიდანაც განაგრძობს მაყურებელზე ზემოქმედებას.
მეოცნებეთა ქალაქი
ფილმის პრემიერა ამერიკაში 2001 წლის ნოემბერში შედგა და ოკეანის გადაღმაც უპრეცედენტო წარმატება მოიპოვა. ამის მიზეზად ზოგი 11 სექტემბრის ტერაქტსაც მიიჩნევს, რადგან მოსახლეობას რეალობისაგან გაქცევა სურდა და მათ ამის შესაძლებლობა სწორედ პარიზის ქუჩებში იპოვეს ამელის პერსონაჟებთან ერთად.
ფილმის ბიუჯეტი $10 მილიონს შეადგენდა, ხოლო შემოსავალმა $174 მილიონს გადააჭარბა. ამან ნათელი გახადა, რომ ამელიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მაყურებელთა მოხიბვლა. ის დიდი ხნის განმავლობაში მაღალშემოსავლიანი უცხოური ფილმების კატეგორიაში მესამე ადგილს იკავებდა მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონისა და ცხოვრება მშვენიერიას შემდეგ.
მსგავსი პოპულარობის გამო გამოჩნდნენ რეჟისორები, რომელთაც ამელისთვის დამახასიათებელი მუხტისა და ენერგიის გადმოცემის სურვილი დაებადათ. ამის მაგალითია ბრაიან ფულერის სერიალი, გარდაცვლილთა გაცოცხლება (Pushing Daises), რომელიც სწორედ ფრანგული ფილმის შთაგონებით შეიქმნა. ეს მხიარული კომედია მოგვითხრობს მცხობელზე, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანების უკან, დედამიწაზე დაბრუნება შეუძლია. ამელი ფულერის საყვარელი ფილმია: "ყველაფერი, რაც მიყვარს, ამ ფილმშია თავმოყრილი. ეს არის ფილმი, რომელსაც შეუძლია იმიტომ ამატიროს, რომ წარმოუდგენელ სიკეთეს ასხივებს", — განუცხადა მან The New York Times-ს.
ბუნებრივია, ფილმი ბევრ მაყურებელს გაწბილებულსაც დატოვებდა. მაგალითად, The Guardian-ის ჟურნალისტმა, ფილ ჰოუდმა 2011 წელს განაცხადა: "მე დღემდე მგონია, რომ ოდრი ტოტუს მიერ განსახიერებული პერსონაჟის აბეზარ ქცევაში ფსიქოზის ნიშნები ილანდება". რა თქმა უნდა, ამელი ამ სიტყვებს გულთან ახლოს არ მიიტანდა ან უბოროტო გეგმას დასახავდა რევანშის ასაღებად — ზუსტად ისე, როგორც ეს ხილ-ბოსტნეულის გამყიდველთან გააკეთა, რომელიც თავის მშვიდ დამხმარე გოგოს ცხოვრებას უმწარებდა.
რა თქმა უნდა, ფილმმა პოპულარობა მოუტანა იმ ადგილებსაც, სადაც მოქმედება ვითარდება. მონმარტრის ქუჩები და ის კაფე, სადაც ამელი მუშაობდა, ტურისტებისა და ფანების საყვარელ ადგილად იქცა.
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ამელი კანის კინოფესტივალზე არ მიიღეს. ჟილ ჟაკობმა, რომელიც ფესტივალის პროგრამას ადგენდა, ფილმს უინტერესო უწოდა. ამ წლის ივლისში კი, როგორც იქნა, ამელი კინოფესტივალის ღირსად მიიჩნიეს, როცა კანში მისი განსაკუთრებული, საიუბილეო ჩვენება შედგა. შედეგად, ასობით ადამიანი სანაპიროზე შეიკრიბა და მას ღია ცის ქვეშ, ვარსკვლავების ფონზე, ისეთივე რომანტიკულ გარემოში უყურა, როგორიც თვითონ ფილმში გვხვდება.
მართალია, ამელისეული პარიზი რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ეს მის მშვენიერებას არაფერს აკლებს. ფილმი ფანტაზიაა, რომელიც იწვევს მნახველებს, დროებით მოწყდნენ თავიანთ ყოველდღიურობას და მაგიის შეგრძნებით დატკბნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში აღწერილ თავდაპირველად ზღაპრულ ისტორიებს საბოლოოდ ყოფითი ახსნა აქვთ (მაგალითად ავიღოთ ის სიუჟეტური ხაზი, როცა ამელი ეძებს იდუმალ კაცს, რომელიც გამუდმებით ხვდება ფოტოჯიხურებში, ძებნის შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ ის, უბრალოდ, ამ ჯიხურების შემკეთებელია), ეს სულაც არ აკნინებს ამ ამბავთა მნიშვნელობას — განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც პანდემიური იზოლაციისათვის ჯერ კიდევ ვერ დაგვიღწევია თავი.
ოდრი ბრესონისთვის ამელი სცენის მიღმაც რჩება მისი ცხოვრების ნაწილად. "ამასწინათ ჩემს ბანკს დავურეკე და ოპერატორს ველოდებოდი", — იხსენებს ის, — "მუსიკა, რომელიც ლოდინის დროს ყურმილში გაისმა, ფილმის ერთ-ერთი კომპოზიცია იყო". ეს ადასტურებს, რომ ამელი პულენის მაგიას იქ ვხვდებით, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით ხოლმე.
კომენტარები