ერთწლიანი უმოქმედობის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აქტივისტის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დააკავა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა კაცი, რომელიც 17 წლის აქტივისტის, სანაი იაგმურის გაუპატიურებაშია ბრალდებული. გოგო პოლიციაში ერთი წლის წინ მივიდა, მაგრამ ხელისუფლების უმოქმედობას წააწყდა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტმა სამართალდამცავი ორგანოების დაუდევრობის გამო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასგარ აგაევი 19 ოქტომბერს საღამოს დააკავეს. ამავდროულად პროკურატურაში დაიბარეს მსხვერპლის დედა, მწერალი ზუმრუდ იაგმურიც.
12 ოქტომბერს სანაი იაგმურმა Facebookზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ გააუპატიურეს ერთი წლის წინ. პოსტი სწრაფად გავრცელდა და მისი მხარდამჭერი ჰეშთეგების ტალღაც მალევე გამოჩნდა. პოსტმა, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების აშკარა უსამართლობის გამო აღშფოთებაც გამოიწვია.
სანაის თქმით, შემთხვევა 2020 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ის დეიდასთან იმყოფებოდა. მისმა ბიძაშვილმა, 29 წლის ასგარ აგაევმა სასმელში ნარკოტიკი შეურია, რის შემდეგაც გოგომ გონება დაკარგა და მასზე სექსუალურად იძალადეს.
ორი დღის შემდეგ, სანაი და დედა პოლიციაში წავიდნენ. სამი ცალკეული სამედიცინო გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მას სექსუალური ძალადობის შესაბამისი ნიშნები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, აღმოჩენილი დნმ-ის კვალი აგაევის დანაშაულზე მიუთითებდა.
სანაისა და მისი ახლობლების თქმით, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, მათ შორის ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და აუდიო-ვიდეო მასალებისა, ბაქოს იასამალის რაიონის პროკურატურამ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა.
პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს სანაის დედა გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, ერთი კვირის შემდეგ კი ბრალდებული დააკავეს. სანაის დედის თქმით, პროკურორის მოადგილემ, მაჰირ აბასოვმა უთხრა, რომ მისი ქალიშვილის გაუპატიურების საქმეს განიხილავენ.
"გენერალურმა პროკურორმა, ქამრან ალიევმა ამ საკითხზე სპეციალური ბრძანება გასცა, [საქმე] მისი პირადი კონტროლის ქვეშ განიხილება", — განუცხადეს მას პროკურატურაში.
ზუმრუდი OC Media-სთან საუბარში თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების უმოქმედობას მათ ოპოზიციურ აქტივობას უკავშირებს.
"ვინაიდან მე და ჩემი ქალიშვილი სანაი საზოგადო-პოლიტიკური ფიგურები ვართ, გენერალური პროკურატურა ამ საქმეს სერიოზულად არ ეკიდება, უსაფუძვლოდ აჭიანურებს პროცესს და მის შესაჩერებლად ყველა ღონეს ხმარობს", — განაცხადა ზუმრუდმა.
ხელახალი ტრავმირება
18 ოქტომბერს სოციალურ ქსელში მიმდინარე აღშფოთების ფონზე, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რაც ზუმრუდს უთხრეს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ახლა საქმე "გენპროკურატურის კონტროლს" ექვემდებარება და "გამოძიების გაგრძელება საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა".
ფსიქოლოგმა და ფემინისტმა აქტივისტმა, ნარმინ შაჰმარზადემ OC Media-ს განუცხადა, რომ ერთი წლის აშკარა უმოქმედობის გარდა, ხელისუფლებამ გამოძიების დროს მრავალი შეცდომა დაუშვა, რასაც სანაის ხელახალი ტრავმირება შეუძლია.
"კანონის თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იმავე სქესის ექიმმა უნდა გასინჯოს", — თქვა მან და აღნიშნა, რომ ორი ექიმი, ვინც გამოკვლევა ჩაატარა, სანაის თქმით, კაცი იყო.
გარდა ამისა, შაჰმარზადეს მიაჩნია, რომ ძალადობის გასაჯაროების გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურას განცხადება უნდა გამოექვეყნებინა, რომელიც სანაის თავდასხმებისგან და სოციალურ ქსელებში ზეწოლისგან დაიცავდა..
დამოუკიდებელმა ადვოკატმა ბაქოში, როვშანა რაჰიმლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით, "საეჭვოა", რომ გამოძიებამ სავარაუდო დამნაშავის მიმართ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რაიმე "საბოლოო ქმედება" არ მიიღო.
"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პროკურატურისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლი (გაუპატიურება) გამოძიებისთვის სერიოზული საფუძველია", — განმარტავს რაჰიმლი.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები