გრიგორი რასპუტინი — შეშლილი ბერი თუ არასწორად აღქმული მისტიკოსი
გრიგორი რასპუტინი ცნობილია როგორც საზარელი ფიგურა, რომელიც არა მარტო სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელობის რამდენიმე მცდელობას, არამედ დაამხო რუსეთის იმპერია და სამეფო ოჯახი. მისი ამგვარი პორტრეტი, ძირითადად, მისივე მკვლელის მიერაა შექმნილი, რაც აჩენს სამართლიან ეჭვს იმაზე, თუ რეალურად რამდენად იყო ის ისეთი დემონური, როგორადაც ისტორიაშია შესული. მისი შვილის მტკიცებით, ის არა შეშლილი ბერი, არამედ მცდარად აღქმული მისტიკოსი გახლდათ, რომელიც პროპაგანდას შესწირეს მსხვერპლად.
დეკემბრის ცივ ღამეს სტანისლავ ლაზოვერტმა გრიგორი რასპუტინს თავისი ავტომანქანით მიაკითხა და ისინი საერთო მეგობართან, ფელიქს იუსუპოვთან გაემართნენ. საშინლად მდიდარი დიდგვაროვანი, რომელსაც მეფის დისშვილი ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლად, წვეულებას აწყობდა; ხოლო რასპუტინს, რომელიც იშვიათად თუ იტყოდა გართობაზე უარს, დიდი მოლოდინი და ნულოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ იმავე საღამოს მოკლავდნენ.
გავრცელებული ისტორიის თანახმად, მოვლენები ასე განვითარდა: იუსუპოვის მდიდრულ ბიბლიოთეკაში მჯდარმა რასპუტინმა თავი ღვინოსა და ტკბილეულს მიუძღვნა. ყოველი ჭიქის შემდეგ ის უფრო და უფრო მხიარული ხდებოდა, რაც იქ შეკრებილებს უფრო და უფრო ანცვიფრებდა: ღვინოცა და ნამცხვრეულიც სასიკვდილო დოზით იყო მოწამლული. როდესაც, როგორც იქნა, ბერი წამოდგა და განაცხადა, რომ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მას ზურგში ესროლეს.
საზარელ გმინვასთან ერთად, რასპუტინი დაეცა. მას ტყვიით გაგლეჯილი მუცლიდან სისხლი გაუჩერებლად სდიოდა. მკვლელებმა ჩათვალეს, რომ საქმე დასრულებული იყო და რამდენიმე წუთით დატოვეს ოთახი. უკან დაბრუნებულებს საკუთარ სისხლში მცურავი რასპუტინი ჯერ კიდევ ცოცხალი დაუხვდათ. მომაკვდავი ბერი მანქანისკენ მიხოხავდა.
დაზაფრულებმა კიდევ ესროლეს — არა ერთხელ, არამედ ორჯერ. დარწმუნდნენ რა, რომ ამჯერად მაინც რასპუტინი ნამდვილად მკვდარი იყო, გვამი ნაჭერში გაახვიეს და საბარგულში ჩატენეს. ლაზოვერტმა მანქანა გაყინული მდინარე ნევას სანაპიროსთან გააჩერა. ყინული წრიულად ამოჭრეს და რასპუტინი სამარადჟამოდ მოიშორეს თავიდან.
მწვანე ხელი
საკვანძო დეტალების გარდა, რასპუტინის ცხოვრების ადრეულ წლებზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის 1869 წელს ციმბირის პატარა სოფელ, პოკროვსკოიეში დაიბადა. გრიგორის წერა-კითხვა არ უსწავლია და, შესაბამისად, არც განათლება მიუღია. ამასთან, ის მთელ რიგ წვრილმან დანაშაულშიც არაერთხელ ამხილეს იქამდე, სანამ გლეხ გოგოზე დაოჯახდებოდა. გრიგორი რასპუტინს — არც მეტი, არც ნაკლები — შვიდი შვილი ჰყავდა.
მისი ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გზით მიმდინარეობდა — ზუსტად ისე, როგორც სხვა ციმბირელი გლეხებისა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ოცდარვა წლის რასპუტინმა ღვთისმშობლის გამოცხადებების ხილვა დაიწყო. ამ გამოცდილებამ მას რელიგიური პილიგრიმობა გადააწყვეტინა, რამაც, საბოლოოდ, სანქტ-პეტერბურგსა და იქ მცხოვრებ სამეფო ოჯახში ამოაყოფინა თავი.
გრიგორი რასპუტინმა თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი მოსისხლე მტერი გაიჩინა. სწორედ მათ შორის იყო სტანისლავ ლაზოვერტიც. სამეფო არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა გახმაურებულ მკვლელობაზე The New York Times-თან ისაუბრა. მას, რა თქმა უნდა, არც იმ როლის შესახებ დავიწყებია მოყოლა, რომელიც ხსენებულ საქმეში თვითონ ითამაშა. მისი თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა სამყაროს "ეშმაკი" მოაშორეს და იმ გასროლისთვის, "რომელმაც რუსეთის ისტორიაში უდიდესი და წყვდიადით მოსილი ურჩხული განგმირა", ჯილდოსაც კი იმსახურებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ რასპუტინის ახლო წრე მას წმინდა, ღვთისნიერ კაცად მოიხსენიებდა, აშკარაა, რომ მასში ლაზოვერტი მხოლოდ შენიღბულ დემონს ხედავდა. რასპუტინის მკვლელების მიხედვით, ბერი "ავსტრიის მწვანე ხელის საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყო". მათი მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის და კერძოდ რასპუტინის გავლენა იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც გადაწყვიტა მეფემ პირველ მსოფლიო ომში ჩაბმა, რამაც რუსეთის ეკონომიკა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა.
ასევე გავრცელებული იყო ხმები მის სექსუალურ თავგადასავლებზეც. ამ ხმების თანახმად, მაშინ, როდესაც ის მეფეზე და მის სამხედრო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენით არ იყო დაკავებული, ან უკიდურესად თავზეხელაღებული ორგიების ორგანიზებით იქცევდა თავს, ან მდიდრულ წვეულებებზე თავისი დემონური შესაძლებლობებით ატყვევებდა მაღალი წრის ქალბატონებს, რომლებსაც მერე საკუთარ ნება-სურვილზე ატარებდა.
სულიერი მკურნალი
ლაზოვერტის მიერ დახატული პორტრეტი და მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული შემზარავი ცნობები მეტ-ნაკლებად აჯამებს იმას, თუ როგორ ადამიანად დაგვამახსოვრდა გრიგორი რასპუტინი. მას დღეს "შეშლილ ბერად" ვიცნობთ: უცნაურ თანაკვეთად დისნეის ბოროტმოქმედსა და სერიულ მკვლელს შორის, რომლის მიერ მეფის ყურში ჩაწვეთებულმა მოწამლულმა რჩევებმაც რუსეთის იმპერია დაანგრია.
თუმცა რასპუტინის ლაზოვერტისეული ვერსია, შეიძლება, იმაზე მეტად იყოს დაშორებული სიმართლისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბოლოს და ბოლოს, ისტორია გამარჯვებულების მიერ იწერება, რომლებიც ამ შემთხვევაში სწორედ სტანისლავ ლაზოვერტი და სხვა მკვლელები არიან. თუ დავფიქრდებით, აღნიშნული არცაა გასაკვირი — მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არც ისე ცოტა ისტორიული მნიშვნელობის ფიგურა ჰყავს, რომლის წარსული და მემკვიდრეობაც პროპაგანდის მსხვერპლი გამხდარა.
რასპუტინის ცხოვრების უფრო სიღრმისეული შესწავლა მეტ-ნაკლებად ფანტავს იმ მისტიკურობის ბურუსით მოცულ საფარველს, რომელიც მუდმივად ტრიალებს მის გარშემო. მართალია, რასპუტინმა სამეფო ოჯახის ნდობა ტახტის იმ მემკვიდრისათვის დახმარების გაწევით შეძლო, რომელიც ჰემოფილიით იტანჯებოდა, თუმცა ეს მაინც არ ამტკიცებს იმას, რომ მან ბავშვის განკურნება რაღაც არაამქვეყნიური, დემონური წარმოშობის ძალის გამოყენებით მოახერხა.
პირიქით, ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ავადმყოფ უფლისწულთან მიღწეული შედეგი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი დამთხვევა იყო და არაფერი სხვა. საქმე ისაა, რომ იქამდე, სანამ ბერი რიტუალებითა და სულიერი განკურნების ძალით ცდილობდა ბიჭის გადარჩენას, ექიმებს აკრძალული ჰქონდათ ავადმყოფისთვის იმ წამლის მიცემა, რომლითაც მას აქამდე მკურნალობდნენ. ეს წამალი ასპირინი გახლდათ, რომელიც სისხლს ათხელებს და არასოდეს და არცერთ შემთხვევაში ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს არ შეიძლება, რომ დაენიშნოს.
სამშობლოდან განდევნილი დიდებულის მემუარები
როდესაც ისტორიული წყაროს სანდოობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ ის სუბიექტური მხარე თუ პირადი შუღლი, რომელიც ავტორს შეიძლებოდა ჰქონოდა. ამის მაგალითია ეს შემთხვევაც, რადგან გრიგორი რასპუტინის შესახებ არსებული ცნობების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ფელიქს იუსუპოვმა, მკვლელობის ერთ-ერთმა მოთავემ, უავტორა მემუარების სახით.
ბევრი დიდებულის მსგავსად, იუსუპოვები ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პარიზში გაიქცნენ. იქიდან გამომდინარე, რომ სიმდიდრისა და ქონების დიდი ნაწილის უკან დატოვება მოუწიათ, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი წყვილი საფრანგეთში გადასახლებაში ყოფნისას კავშირებისა და წარსული დიდებიდან შემორჩენილი სახელის იმედადღა დარჩა. სწორედ ამის გამოა, რომ ისტორიკოსები ეჭვობენ, იუსუპოვმა ამბავს მეტი დრამატულობისთვის შეთხზული დეტალები დაურთო. მათი აზრით, ყოფილი თავადის მიზანი ის იყო, რომ მემუარებისთვის მეტ მკითხველს მიექცია ყურადღება და ამ გზით პოპულარობა მოეპოვებინა. "მკვლელის კვეხნა", ასე შეაფასა Time-მა 1928 წელს პრინც ფელიქს იუსუპოვის ტექსტი, რომელიც მკითხველს არწმუნებდა, თითქოს რასპუტინი იმ რაოდენობის საწამლავს გადაურჩა, რომელიც თავისუფლად მოკლავდა ზრდასრულ სპილოს.
არსებობს ვარაუდი, რომ იუსუპოვმა ამგვარი სურათი მხოლოდ თავისი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე არ დახატა. მნიშვნელოვანი როლი, ასევე, ამ ორი ადამიანის პირადმა ურთიერთდამოკიდებულებამაც ითამაშა. წიგნის, რასპუტინი: რწმენა, ძალაუფლება და რომანოვების აღსასრული, ავტორის, ისტორიკოს დაგლას სმიტის მტკიცებით, იუსუპოვს შურდა იმ ახლო ურთიერთობის, რომელიც რასპუტინსა და დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას ჰქონდათ.
რასპუტინის შვილი
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გრიგორი რასპუტინზე განსხვავებული სახის შეხედულებებიც გაჩნდა, რომელთა მთავარი დამცველიც მისი შვილი, მარია გახლდათ. ის თვლიდა, რომ მამამისი სიკვდილის შემდეგ აგორებული პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. "ისევე, როგორც ყველას, მამაჩემსაც ჰქონდა თავისი ნაკლები", — განუცხადა მან The New York Times-ს, — "მაგრამ ის იყო კარგი მამა და კარგი კაცი. მის სახელს სიამაყით ვატარებ".
მისი მტკიცებით, გრიგორი რასპუტინი მცდარად აღქმული სტარეცი, იგივე სოფლად გაზრდილი უხუცესი იყო, რომლის მოუხეშავმა მანერებმაც და არაორთოდოქსულმა ღვთისმსახურებამ ის არა მხოლოდ უცხო გარემოდან მოსულ საინტერესო, მიმზიდველ ადამიანად, არამედ დიდებულების თვალში პრობლემატურ განდეგილადაც აქცია.
1928 წელს, როდესაც იუსუპოვის მემუარები დაიბეჭდა, მარიამ, რომელიც იმ პერიოდში ასევე პარიზში იმყოფებოდა, ცილისწამების მუხლით უჩივლა რუს დიდებულს. მართალია, მამამისი ქარიზმატული და მოუხეშავი პიროვნება იყო, ამტკიცებდა მარია, მაგრამ მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის ორგიაში და მითუმეტეს არ ყოფილა სექსუალურ ურთიერთობაში დედოფალთან. ასევე მისი მტკიცებით, რასპუტინს არასოდეს ჰქონია ურთიერთობა სხვა ქალთან ცოლის ნებართვის გარეშე.
მარიამ 800 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვა იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მასა და მის ოჯახს იუსუპოვის მემუარების გამო მიადგა. თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ტექსტში განვითარებული მოვლენები არა საფრანგეთის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე ხდებოდა. მარია ამაზე არ შეჩერდა და აშშ-ში გადასვლის შემდგომ, სადაც ის ჯერ მექანიკოსად, შემდეგ კი ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა, საკუთარი წიგნიც გამოსცა. ამ ტექსტში რასპუტინი უდანაშაულო მისტიკოსად არის დახატული, რომელიც ბავშვებს თაფლაკვერებით უმასპინძლდება.
მართალია, მარიას მიერ შექმნილი რასპუტინის სახე ალბათ ისეთივე არასანდოა როგორიც — იუსუპოვის ვერსია, ეს შემთხვევა მაინც გვახსენებს, რომ ისტორიის ყველაზე შემზარავი გმირებიც კი იმაზე გაცილებით ჰუმანურები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ვიდრე ჩვენს წარმოდგენებში არიან.
კომენტარები