7 წლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა თვითმფრინავებმა სომხეთის საჰაერო სივრცე პირველად გადაკვეთეს
აზერბაიჯანის ავიახაზების განცხადებით, ბაქო-ნახიჩევანის მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად კომპანიის თვითმფრინავები სომხეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ. ამ განცხადებას სომხურ ოპოზიციაში განგაში და განცხადებები მოჰყვა, რომ ეს შეიძლება ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შედეგი იყოს.
"აზერბაიჯანის ავიახაზებმა ბაქო-ნახიჩევან-ბაქოს მიმართულებით შიდა ფრენისას სომხეთის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის გამოყენება 6 ოქტომბრიდან დაიწყეს. ეს ნაბიჯი იმის დემონსტრირებაა, რომ აზერბაიჯანი ნამდვილად მზად არის გახსნას სატრანსპორტო კომუნიკაციები რეგიონში და ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს", — ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook პოსტში.
ფრენა დაემთხვა ინფორმაციას, რომ ირანმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისთვის ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დიპლომატიური და სამხედრო დაძაბულობის გამო.
სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის (ACAC) თანახმად, 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღის მეორე ომში საომარი მოქმედებების პერიოდის გარდა, აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ფრენების განხორციელება აკრძალული არ იყო.
ბოლოს აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავმა სომხეთის საჰაერო სივრცე 2014 წელს გადაკვეთა.
დეპუტატმა, ანნა გრიგორიანმა ოპოზიციური კოალიციადან მე მაქვს ღირსება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება და ფრენის ფაქტი დაგმო. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ "პირველი დერეფანი", რომელიც სომხეთის მმართველმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს "გადასცა".
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში, ბაქო ერევნისგან ითხოვდა, გაეხსნა "დერეფანი" სამხრეთ სიუნიკის გავლით, რათა ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს შორის პირდაპირი სახმელეთო კავშირისთვის ხელი შეეწყო.
ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა, თათულ ჰაკობიანმა იმავდროულად ივარაუდა, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიის გავლით ფრენების განახლება მიზნად ისახავდა ირანისთვის "სიგნალის" მიცემას და, შესაძლოა, "რაციონალურობის დაკარგვას" სომხეთ-ირანის ურთიერთობებში.
სომხეთი 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ხელომწერია, რომელიც უცხოური ავიაკომპანიების მიმართ ქვეყნებს დისკრიმინაციული ზომების მიღებას უკრძალავს.
ACAC-ის თანახმად, სომხეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლაზე აკრძალვა ისევ მოქმედებს. აკრძალვა თავდაპირველად 2020 წლის 9 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში მეორე ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ამოქმედდა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები