მთავრობა წელს საქართველოს ეკონომიკის 9,5%-ით გაზრდას ელოდება — ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ეკონომიკური ზრდის აქამდე არსებული პრგონოზი 7,7% იყო.

"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაკორექტირდა, რომელიც იყო 7,7% და გაიზარდა 9,5%-მდე. ეს არის ის პროცესი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეკონომიკური ზრდა მიდიოდა პოზიტიური სცენარისკენ, რომელიც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა მომდევნო წლების პროგნოზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა 2022 წლისთვის ეკონომიკის 6%-ით, ხოლო შემდეგ წლებში 5,5%-ის ფარგლებში ზრდას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა. ივლისში ეკონომიკის წლიური ზრდა 9,9%, ხოლო აგვისტოში 10,3% იყო. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 12% შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,2%-ით შემცირდა, რის გამოც მიმდინარე წლის ზრდის მაჩვენებლებში თავს იჩენს ე.წ. საბაზისო ეფექტი. იქიდან გამომდინარე რომ, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის წლიური ვარდნა 5,6% იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის პირველი რვა თვეში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 5,7%-ით არის გაზრდილი.

გაიგეთ მეტი: