თამაში, რომლითაც უკეთ გაიგებ, რა პრობლემებთან უწევთ ბრძოლა ლგბტ ადამიანებს საქართველოში
საქართველოში ლგბტ ადამიანები ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო არაერთ პრობლემას აწყდებიან. მათზე ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემუქრებიან, ხელს უშლიან დასაქმებაში, ყოველდღიურად ხდება დისკრიმინაცია. იყო ტრანსგენდერი ქალების მკვლელობების შემთხვევები.
მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი უფლებების შეზღუდვას არ აღიარებს. მეტიც, ზოგი ფიქრობს, რომ ასეც უნდა იყოს, რაც არ არის სწორი და უკანონოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
იმისთვის, რომ უკეთ გავიაზროთ, რა პრობლემებს აწყდებიან ლგბტ ადამიანები ყოველდღიურად, თანასწორობის თამაში შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს აჩვენებს იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ლგბტ ადამიანები არიან — ამ გზის გავლა მოთამაშეს თავად მოუწევს, იმ განსხვავებით, რომ ეს თამაშია, ლგბტ ადამიანებისთვის კი დისკრიმინაცია ხშირად ყოველდღიურობაა.
თამაში ორი ტურისგან შედგება: სამსახურის ძიება და სახლის ძიება. ამ გზებზე მოთამაშეს ხვდება როგორც წინაღობები, ასევე, მხარდაჭერა. წინაღობებს შორის შეხვდებით სახლიდან გამოგდებას, ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის სანათესაოში გავრცელბას, მათი მხრიდან ზეწოლას, რომ თუ სახლში დაბრუნება გინდა, "ნორმალური ცხოვრების წესს" უნდა დაუბრუნდე, ბინის მოქირავებაზე უარს, ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო სამსახურში დამცირებას, უარს სკოლაში მუშაობაზე და ა.შ.
თამაში ForSet-ისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებულ თანასწორობის ჰაკათონზე შეიქმნა, ავტორი კი გუნდი შატლია (Shuttle), რომელიც ერთ-ერთია ოთხ გამარვებულს შორის. მარიამ ჩხეიძე, ნატალი ჩხარტიშვილი, ნიტა გაბისონია და ალექსანდრე გაჩეჩილაძე ერთმანეთს აქამდეც იცნობდნენ, თუმცა პროფესიულად პირველად ითანამშრომლეს.
მარიამის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უთანასწორობისა და დისკრიმინაციის შესახებ აქამდეც იცოდნენ და ამას ყოველ დღე ნათლად ხედავდნენ, ჰაკათონის დროს ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებითა და თვისობრივი კვლევებით უფრო სავალალო სურათი დაინახეს, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს შეექმნათ თამაში, სადაც ყველა თავად შეეჯახება იმ პრობლემას, რომელთა წინაშეც ლგბტ ადამიანები დგანან.
"ჩვენი მიზანია, სახალისო და ჩამთრევი ფორმატის მეშვეობით შევუწყოთ ხელი სანდო კვლევების მიერ დადგენილი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში. განსაკუთრებით გვსურს, მივაწვდინოთ ხმა მათ, ვინც არ ინტერესდება ამ საკითხით და თემის წარმომადგენლების კეთილდღეობით. ვფიქრობთ, რომ ამ თამაშს შეეძლება თემისადმი მტრულად განწყობილ ჯგუფებსაც დაეხმაროს მათდამი თანაგრძნობის განვითარებაში. პროდუქტით ვაჩვენებთ, რომ ის, რაც ამ თამაშში ფანტაზიის ნაწილია, სინამდვილეში ვიღაცისთვის რეალობაა", — ამბობს მარიამი.
ჰაკათონზე მონაწილეები გუნდებად იყოფიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგ ციფრულ პროდუქტს შექმნის. ამისთვის სულ 48 საათი აქვთ და მათი მთავარი გამოწვევაა, რომ პროექტი, რომელსაც შექმნიან, საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრას ემსახურებოდეს და რაიმე ფორმით მხარს უჭერდეს ჩაგრულ ჯგუფებს.
ჰაკათონის მიზანი თანასწორობის ხელშესაწყობად ახალი ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებაა. წელს პროექტში 151 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 26 გუნდი ჩამოაყალიბეს. მას შემდეგ, რაც გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი ხდება, ForSet-ის გუნდი მათ იდეების განხორციელებაში ეხმარება. მენტორების დახმარებით, გუნდებმა 3-თვიანი ინკუბაციის პერიოდი გაიარეს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ დახვეწეს და დაასრულეს ციფრული პროდუქტები.
ფორსეტის თანადამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი, თეონა თომაშვილი ამბობს, რომ ჰაკათონის დასკვნით პრეზენტაციაზე გუნდები ჟიურის წინაშე არაერთი ღირებული და კრეატიული იდეით წარდგნენ, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება რთული იყო. საბოლოოდ, ჟიურის წევრებმა აარჩიეს 4 გუნდი, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.
"რადგან დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრისგან საქართველო, სამწუხაროდ, ძალიან შორსაა, ჩვენი, ფორსეტის, დიდი სურვილია, რომ თანასწორობის ჰაკათონი ყოველწლიურ ღონისძიებად იქცეს. ამ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველებისთვის იმის რჩევა შემიძლია, რომ თვალი ადევნონ ფორსეტს სოციალურ მედიაში. ყველა სიახლის შესახებ ინფორმაციას სწორედ ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით მიიღებენ", — აღნიშნავს ის.
თანასწორობის ჰაკათონი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ფორსეტის მიერ. ჰაკათონის პარტნიორები არიან: ღია საზოგადოების ფონდი, მაკ ჯორჯია, მედიის განვითარების ფონდი, ჩაიხანა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, NEWS.On.ge, აჭარა ჯგუფი და კრისტალი.
ითამაშე აქ:
კომენტარები