დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო.

ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა.

კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.

სოზარ სუბარმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.

ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.