მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მამიდა მედიას მოუწოდებს, მკვლელობა კრიმინალური გარჩევით არ შეფუთონ, არ ისარგებლონ ოჯახის ტრაგედიით და არ დაამახინჯონ ფაქტები. ნანი კვარაცხელიას თქმით, მის ძმისშვილს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

"პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვარ თქვენიც, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს, ჩემს ძმას. ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში 5 შვილით არ აცხოვრებდა. ჩვენ მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ. არანაირი საფრთხე არავისგან არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი არ შეგვშინებია იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი. ნიკოს დაფასებისთვის, ჩემი უსაყვარლესი ძმისშვილის ხსოვნისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დამიმახინჯოთ სიმართლე", — ამბობს ნანი კვარაცხელია.

Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა, ასევე, ნიკას დედამ. დარეჯან კვარაცხელია წერს, რომ ის თავისი შვილის მკვლელებს პატიობს.

"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა".

ნიკა კვარაცხელია, რომელიც 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 21 წლის ა.ჭ. და 22 წლის გ.კ., ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

ნიკო კვარაცხელია Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში იყო. ის, ასევე, საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელია.