მეცნიერებმა ძროხებს ტუალეტით სარგებლობა ასწავლეს — როგორ შეაფერხებს ეს გლობალურ დათბობას
თქვენი აზრით, გახდება თუ არა ფერმები მეტად ეკო-მეგობრული, თუკი ძროხებს ტუალეტით სარგებლობას ვასწავლით? როგორც ჩანს, მეცნიერები ასე ფიქრობენ.
როგორც წესი, გარემოსდაცვით პრობლემებს სამეურნეო ბიზნესი განიხილავს ხოლმე. ისინი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მიერ მეთანის გამოყოფას აქცევენ ყურადღებას — ამ კუთხით ძროხები ნამდვილად სახელგანთქმულნი არიან. მიუხედავად ამისა, ძროხის შარდი აირისა და მიწის სიჯანსაღისათვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ხშირად გათვალისწინებული არაა.
ძროხის შარდი უხვად შეიცავს ნიტრატს — ქიმიური ნივთიერება, რომელიც მიწასთან კონტაქტისას ხმელეთისა და ახლომდებარე მდინარეების დაბინძურებას იწვევს, თუ ადეკვატურად არ იქნა გამოყენებული. იგი ასევე გამოყოფს აზოტის ქვეოქსიდს, რომელიც, როგორც სათბურის აირი, ნახშირორჟანგზე 300-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არაა: შარდისა და ფეკალური მასების დაშლისას ამიაკი წარმოიქმნება, რაც მეტად ეხმარება სათბურის აირთა გამოყოფას.
მილიონობით ძროხას შეუძლია, მინდორზე ყოფნისას სურვილისამებრ შეარჩიოს მოსასაქმებელი ადგილი, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. ჟურნალ Cell Biology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში, ოკლენდის უნივერსიტეტისა და გერმანიის ფრიდრიხ-ლოფლერის ინსტიტუტის მკვლევრებმა ახლახან პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზა წარმოგვიდგინეს.
ადრეული ექსპერიმენტები ნაკლებად სრულდებოდა წარმატებით და იმაზეც მიანიშნებდა, რომ შეუძლებელია, ძროხებს ტუალეტით სარგებლობა ვასწავლოთ. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ შეუძლიათ, თავი შეიკავონ და მხოლოდ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოშარდონ. Scimex-ზე დაყრდნობით, ისინი ამ კუთხით დაახლოებით იმდენადვე საიმედონი არიან, როგორც პატარა ბავშვები.
MooLoo-ის ექსპერიმენტი
მეცნიერებმა 16 ხბოს ასწავლეს MooLoo-ის გამოყენება — კაშკაშა მწვანე, შემოღობილ ადგილის, რომელიც ცხოველებს ამ ადგილას მოშარდვისთვის საკვებით აჯილდოებს.
"ზოგი ადამიანი ბავშვებსაც ასე წვრთნის — უნიტაზზე სვამენ, მოშარდვას ელოდებიან და, გაკეთების შემთხვევაში, აჯილდოებენ", — გვიხსნის ლინდსი მეთიუსი, კვლევის მთავარი ავტორი — "აღმოჩნდა, რომ ეს ხბოების შემთხვევაშიც მოქმედებს. ძალიან სწრაფად, ზოგისთვის 5-10 მოშარდვის შემდეგ, ცხოველებმა აჩვენეს, რომ ესმოდათ კავშირი სასურველ ქცევასა და ჯილდოს შორის, რადგან ისინი საკვების მისაღებად მიდიოდნენ, როგორც კი შარდვას დაიწყებდნენ".
იმისათვის, რომ ცხოველები სხვა ადგილას მოშარდვისგან შეეკავებინათ, ფაქიზ ხერხებს, თუნდაც საყელოს ვიბრაციებსა და ცივი წყლის შხეფებს იყენებდნენ. 15 დღიანი წვრთნის შემდეგ, ხბოთა უმრავლესობა მიდიოდა MooLoo-ში, როცა კი მისი გამოყენების საჭიროებას იგრძნობდა.
მეცნიერების თქმით, MooLoo-ში შეგროვებული შარდიდან საკვები ნივთიერებების, აზოტისა და ფოსფორის მოშორება და თავიდან გამოყენებაა შესაძლებელი. ისინი თვლიან, რომ ამ პატარა ნაწილის შეკრებასაც კი შეუძლია, გარემოს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს. პროცესის მასშტაბების გაზრდა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ვინაიდან თითოეული ძროხის გაწვრთნა ფერმებისათვის ძალიან შრომატევადი იქნება; მიუხედავად ამისა, პროცესი, შესაძლოა, შარდის დეტექტორებითა და საკვების მარიგებელი მოწყობილობებით იმართოს, ადამიანის ჩარევის გარეშე.
"გამოყოფილი შარდის 10 ან 20 პროცენტიც რომ შევაგროვოთ, სათბურის აირთა გამოყოფა და ნიტრატის გამომარილება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძროხების გაწვრთნა შეიძლება, თანაც საკმაოდ მარტივად", — განაცხადა დუგლას ელიფმა, ოკლენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, რომელიც პროგრამის სრულყოფაში იყო ჩართული.
კომენტარები