სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

აფხაზეთში საწვავის ნაკლებობამ შესაძლოა რეგიონების ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვიოს, რაც დიდწილად საწვავის კომპანიების საგადასახადო გამოქვითვების შედეგად ყალიბდება.

ამის შესახებ აზიდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ადამირ გაბუნიამ აფხაზეთის პრემიერმინისტრი ივნისში გააფრთხილა, როდესაც აფხაზეთს საწვავის დეფიციტი შეეხო.

ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის დეფიციტი სექტემბრის დასაწყისში მთელს აფხაზეთში კვლავ გამოჩნდა.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ არსებული ვითარება ახსნა და რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

კერძოდ, უწყების განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი აფხაზეთში ჩამოსული ტურისტების "რეკორდული რაოდენობაა". როგორც ტურისტებმა, ასევე ტურიზმის სექტორში მომუშავე აფხაზეთის მცხოვრებლებმა საწვავზე მოთხოვნაზე გავლენა მოახდინეს.

გარდა ამისა, აფხაზეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რაოდენობის ზრდამ, მათ შორის ბენზინით, ტვირთების მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

აფხაზეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის, არსოუ ჭითანავას თქმით, 15 სექტემბრის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე სამგზავრო მიმოსვლის შემცირების ხარჯზე, სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს.

აფხაზეთის საწვავის ბაზარზე დეფიციტი 2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან იყო მოსალოდნელი, როდესაც რუსეთში ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციები შეიმჩნეოდა. თუ ადრე აფხაზეთს ბენზინი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოჰქონდა, დღეს რუსეთი საწვავის და საპოხი მასალების ერთადერთი ექსპორტიორია. სახელმწიფო კომპანია მთელ საწვავს რუსული Rosneft-ისგან ყიდულობს.

რამდენიმე წელია, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა არ შეცვლილა. ამჟამად, ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, ამ კვოტების გაზრდის მიზნით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რეაქციები საწვავის კრიზისზე

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თემურ ნადარაის თქმით, მთავრობას საწვავის ბიზნესით დაკავებული მეწარმეებისთვის იმპორტის დღგ უნდა გაეუქმებინა. მისი აზრით, ამ განსხვავებაზე გათამაშებით ბენზინის ღირებულების ასეთი სწრაფი ზრდის შეკავება იქნებოდა შესაძლებელი.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამაც ისაუბრა და მთავრობის დაგვიანებული ქმედებები გააკრიტიკა.

"ჯერ კიდევ მაისში, ნავთობკომპანიები დაუკავშირდნენ ეკონომიკის სამინისტროს და გააფრთხილეს, რომ ასეთი სიტუაცია იქნებოდა, თუ მთავრობა რეაგირებას დროულად არ მოახდენდა. ჩვენთან არასოდეს ყოფილა სოჭში არსებულ ფასზე მაღალი. ჩვენი ფასი ლიტრ საწვავზე ყოველთვის 3-დან 4 რუბლით დაბალი იყო, ვიდრე მეზობელ რეგიონებში", — თქვა არძინბამ.

ადგილობრივი მცხოვრები ოდიკ კაკალია თითქმის 50 წელია მანქანას მართავს. მისი აზრით, დეფიციტში დამნაშავე არაკეთილსინდისიერი მეწარმეები არიან.

"ისინი ბენზინს 100%-ით მალავდნენ და ფასების ზრდას ელოდებიან. მათ უბრალოდ მომენტის ხელში ჩაგდება სურთ, მაგრამ უბრალო ხალხი არავის აინტერესებს. ახლა ფასი მოიმატებს და ბენზინი ყველგან გამოჩნდება", — უთხრა მან OC Media-ს.

აფხაზეთში საწვავის პრობლემა Facebook-ზეც აქტიურად განიხილება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების ფონზე ფოტოებს აქვეყნებენ და ბენზინის ნაკლებობასთან დაკავშირებით ჩივიან.

ბენზინგასამართი სადგურების აღმასრულებლები და ეკონომისტები გვპირდებიან, რომ სიტუაცია ტურისტული სეზონისა და რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე გაუმჯობესდება.

თუმცა, ზოგი ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს.

"ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ჩვენთან იაფია: შუქი, ბენზინი. ჩვენ თითქოს კვლავ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ, მაგრამ არა. თქვენ უბრალოდ პატარა ან ელექტრო მანქანებზე უნდა გადახვიდეთ, — თქვა კაკალიამ.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.