პირველი დღე სკოლაში, გასაუბრება საოცნებო სამსახურში, სიტყვით გამოსვლის შიში — არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შფოთვა არ გამოუცდია, რადგან ის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია სტრესზე. ჩვეულებრივ, სტრესის გამომწვევი მოვლენის ჩავლის შემდეგ შფოთვაც ქრება. თუ შფოთვა არ ქრება, მუდმივად თან გდევს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხელს გიშლის, შესაძლოა საქმე შფოთვით აშლილობასთან ან მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემასთან გვქონდეს.

ასეთი ტიპის შფოთვის დროს შიში არ გტოვებს და შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უხეშად ერევა. გაიძულებს, უარი თქვა ყოველდღიური პასუხისმგებლობების შესრულებაზე ან იმის კეთებაზე, რაც აქამდე გიყვარდა. შეიძლება, წარბებიც შეიჭმუხნოს და გითხრას, რომ გარეთ გასვლა საშიშია, მუცლის ტკივილი განუკურნებელი დაავადების მთავარი სიმპტომია, შენი არსებობით სამყაროს ამძიმებ და ა.შ.

შფოთვა სხვადასხვა აშლილობის ერთგული თანამგზავრია. შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ტიპი არსებობს, ამასთან, ყოველი კონკრეტული ადამიანის გამოცდილებაც ინდივიდუალურია, შესაბამისად შეუძლებელია, ერთ სტატიაში მოვუყარო თავი ყველა ტყუილს, რომელსაც ვერაგი შფოთვა გვეუბნება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სხვების გამოცდილების წაკითხვა და იმის გააზრება, რომ მარტო არ ხარ, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩამოვთვალო 10 ტყუილი, რომლის მოსმენასაც შფოთვა ხშირად გვაიძულებს:

1. საკმარისად კარგი არ ხარ

ფოტო: maryanne nguyen / Dribbble

"კარგი მეგობარი არ ხარ", "ცუდი შვილი ხარ", "საშინელი თანამშრომელი ხარ და მალე გაგაგდებენ", "ცუდად გამოგდის და სჯობს, გაჩერდე" — ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შფოთვა გვეჩურჩულება. სინამდვილეში, ამ ტყუილებს რეალობის შექმნა არ შეუძლია. შენ გვერდით მყოფი კარგი ადამიანები, კარიერული მიღწევები და თვისებები, რომლებიც შენში უყვართ ქარს ნამდვილად არ მოუტანია — შენ საკმარისად კარგი ხარ და ეს ყველაფერი დაიმსახურე.

2. შენს შეცდომებს ყველა ამჩნევს — ისინი გიყურებენ და დაგცინიან

ფოტო: Glenn Thomas / Dribbble

ხანდახან გვგონია, რომ სხვები ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. ერთი წაბორძიკებაც და დასრულდა — ყველა დაგვცინებს და გაგვრიყავს. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ფიქრი ტყუილია, ძალიან მარტივი ხერხი არსებობს. საკუთარ თავს ჰკითხე: ამჩნევ სხვა ადამიანების ყველა შეცდომას? დასცინი ან ზურგს აქცევ მათ ამ შეცდომების გამო? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში, ადამიანები საკუთარ თავს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე სხვებს, ამიტომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ შეცდომები, რომელთა გამოც ასე ვნერვიულობთ, სხვებს სულაც არ შეუნიშნავთ ან პრობლემად არ მიაჩნიათ.

3. ადამიანებს არ მოსწონხარ

ფოტო: Kim Cowie / Dribbble

"იმდენად უცნაური/სულელი/გამაღიზიანებელი ვარ, რომ ნამდვილად ყველას ვძულვარ" — ეს ფიქრი, ალბათ, უცხო არავისთვისაა, რადგან შეუძლებელია, ყველას მოსწონდე. ამის მიუხედავად, საკუთარი თავისთვის გამუდმებით იმის დაჯერება, რომ სხვებს ეზიზღები, ნამდვილად შფოთვის დამსახურებაა.

კონკრეტული თვისება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ ემოციას აღძრავს, შესაბამისად, ირგვლივმყოფების ნაწილს მოსწონხარ, მეორე ნაწილს კი — არა. თუ შენი საყვარელი ადამიანები შენთან ყოფნისთვის დროს გამოყოფენ, ლოგიკურია დასკვნა, რომ მათთვის ძვირფასი ხარ. თუ მეგობრები არ გყავს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ გიპოვია ის ადამიანები, რომლებიც კარგად გაგიცნობენ და შეგიყვარებენ. გული არ გაიტეხო — ისინიც აუცილებლად გამოჩნდებიან.

4. თუ სხვას დახმარებას სთხოვ, შეაწუხებ და თავს შეაძულებ

ფოტო: Glenn Thomas / Dribbble

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგჯერ სტუმრად მისულს მასპინძლისთვის წყლის მოტანაც არ მითხოვია, რადგან მისი "შეწუხება" არ მინდოდა. კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც შფოთვა თავს გვახვევს ისაა, რომ დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანია და ამით სხვებს აუცილებლად შევაწუხებთ. სინამდვილეში, ერთმანეთის დახმარება ყველას გვჭირდება — სხვანაირად მეგობრობის, ოჯახისა და რომანტიკული ურთიერთობების საჭიროება არ იარსებებდა.

იმის დასამტკიცებლად, რომ დახმარების თხოვნა ცოდვა არაა, უკვე ნაცნობი ტესტის ჩატარება დაგჭირდება: სხვამ რომ დახმარება გთხოვოს, ამის გამო შეიძულებ? რა თქმა უნდა, არა.

5. თუ ყველაფერი კარგადაა, მალე რაღაც ძალიან ცუდი მოხდება

ფოტო: Kubra Aslan Ertap / Dribbble

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სამყარო ცუდ და კარგ მოვლენებს კონკრეტული გეგმის მიხედვით გვიგზავნის. სასიხარულო ამბავი იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება. მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ ბედნიერებას თან ყოველთვის უბედურება მოჰყვება, უბრალოდ დროის კარგვაა — ცხოვრებაში კარგი ამბებიც ხდება და ცუდიც. განსხვავება ისაა, რომ მუდამ ცუდი ამბების შიშში ცხოვრება კარგი ამბებისგან სიამოვნების მიღების უფლებასაც არ გვაძლევს.

6. ყველა შენი შიში რეალურია და მუდამ საფრთხეში ხარ

ფოტო: Boaz Balachsan / Dribbble

"მუცელი გტკივა? მომაკვდინებელი დაავადება გაქვს", "მალე გაგიჟდები", "საკუთარ ქმედებებზე კონტროლი რომ დაკარგო?", "დედაშენი ტელეფონს არ იღებს? ალბათ, ავარიაში მოხვდა", "გარეთ თუ გავალ, შეიძლება მანქანა დამეჯახოს" — შფოთვა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მუდმივად საფრთხეში ვიმყოფებით და ჩვენი ყველა შიში აუცილებლად ახდება.

ამ დროს ობიექტური ფაქტების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუცლის ტკივილს უამრავი მარტივი მიზეზი იწვევს, დედაშენი კი ტელეფონს, ალბათ, იმიტომ არ იღებს, რომ ხმა აქვს გამორთული. შიშები და საფრთხის მუდმივი შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს განსაკუთრებულად გვიშლის. მათი დამარცხება მარტივი არაა, თუმცა სპეციალისტის დახმარებითა და მონდომებით — შესაძლებელი.

7. წინასწარ თუ ინერვიულებ, იმედგაცრუებისთვის მზად იქნები

ფოტო: Sasha Kolesnik / Dribbble

ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენა შესაძლოა, გარკვეულწილად, რეალობის აღქმაში დაგვეხმაროს, თუმცა მხოლოდ მასზე ფიქრს სარგებელი არ მოაქვს. ჩვენს ცხოვრებაში ცუდი ამბები იმის მიუხედავად ხდება, ვნერვიულობთ თუ არა მათზე წინასწარ. ამიტომ სჯობს ეს შფოთვა იმ შემთხვევისთვის შემოვინახოთ, თუ თავს ცუდი ამბავი დაგვატყდება, შემდეგ ღრმად ჩავისუნთქოთ და პრობლემის მოგვარების გზები ვეძიოთ. შენი შფოთვა გატყუებს, როცა გეუბნება, რომ წინასწარ უსაფუძვლოდ ნერვიულობას პრობლემების მოგვარება შეუძლია.

8. პროფესიონალის დახმარებას არ იმსახურებ

ფოტო: Zollna / Dribbble

ზოგჯერ შფოთვა გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია და მასთან გამკლავებაც დამოუკიდებლად უნდა შეგვეძლოს. ეს მისი კიდევ ერთი მზაკვრული ხერხია. სინამდვილეში, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ისეთივე ყურადღებას იმსახურებს, როგორსაც — ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, თუ ხვდები, რომ შფოთვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლის, აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიმართო — დახმარებს სხვების მსგავსად შენც იმსახურებ.

9. მარტო ხარ და შენი არავის ესმის

ფოტო: Mai Bhumiwat / Dribbble

აშშ-ის შფოთვისა და დეპრესიის ასოციაციის მიხედვით, შფოთვითი აშლილობა ამერიკაში ყველაზე გავრცელებული აშლილობაა და მასთან გამკლავებას დაახლოებით 40 მილიონი ზრდასრული ცდილობს. აშკარაა, რომ ერთადერთი არ ხარ, ვის მოტყუებასაც შფოთვა ცდილობს. შესაძლოა, ასეთი ადამიანი შენთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე გგონია. ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილებისა და გასაჭირის გაზიარება მნიშვნელოვანია, თუმცა გახსოვდეს, რომ ეს პროფესიონალის დახმარებას მაინც ვერ ჩაანაცვლებს.

10. შფოთვას თავს ვერასდროს დააღწევ

ფოტო: Hayden Aube / Dribbble

პატარ-პატარა შიშებს ხშირად ყველაზე დიდ შიშამდე მივყავართ — გამოსავალი არ არსებობს და მთელ ცხოვრებას ასე გავატარებთ. ეს ვერაგი შფოთვის მორიგი, ყველაზე საძაგელი ტყუილია, რომელშიც ეჭვის შეტანა წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. შფოთვასთან ბრძოლის გზა ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსეა, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობითა და ფსიქოლოგისა თუ ფსიქიატრის დახმარებით შფოთვის ტყუილებში გამოჭერა ნამდვილად შესაძლებელია.

ამავე თემაზე: