რა მოხდებოდა, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც რომ ისე ვსაუბრობდეთ, როგორც მენტალურზე
ადამიანის საერთო კეთილდღეობისთვის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მიუხედავად ამისა, თანამედროვე სამყაროში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უამრავი სტიგმა არსებობს.
საბედნიეროდ, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა იმ სირთულეებზე, რომელთან გამკლავებაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთ ყოველდღიურად უწევთ. თუმცა სამყაროში, სადაც კბილის ტკივილის გამო ყველა გითანაგრძნობს, თუმცა დეპრესია კვლავ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნასთან ასოცირდება, შენს გრძნობებზე გულწრფელად საუბარი მარტივი არაა.
"შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ", "ცოტა პოზიტიურად შეხედე", "პრობლემები ყველას აქვს" — ადამიანები ამ და სხვა "დასამშვიდებელ" ფრაზებს სხვების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ხშირად იყენებენ, რადგან არ სჯერათ, რომ აღნიშნული სირთულეები რეალურია.
10 "დასამშვიდებელი" ფრაზა, რომელიც გვარწმუნებს, რომ "ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"
იმის საილუსტრაციოდ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს საზოგადოება საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამს, გადავწყვიტე, აღნიშნული "დასამშვიდებელი" ფრაზები ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის მიმესადაგებინა. ვფიქრობ, აღნიშნული ფრაზების მსგავსი ინტერპრეტაცია კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ მათ უმეტესად მხოლოდ სხვების პრობლემებისგან თავის ასარიდებლად ვიყენებთ.
რა მოხდებოდა, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც რომ ისე ვსაუბრობდეთ, როგორც მენტალურზე? ამის საილუსტრაციოდ 10 მაგალითს გთავაზობთ:
1. -აუ, რაღაც კბილი მტკივა...
-შენი თავის კბილის ექიმი შენ ხარ!
კი, შეიძლება ნაცნობებში გაიკითხო, ტკივილგამაყუჩებლებიც დალიო, მაგრამ კბილის ექიმთან წასვლა ხომ საუკეთესო აზრია? როცა ადამიანს კბილი სტკივა, მაშინვე ექიმთან წასვლას ვთავაზობთ, მაგრამ როცა ვინმეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რატომღაც სულ იმის ცდაში ვართ, როგორმე საკუთარი ძალებით ვაიძულოთ იმ სირთულეების დაძლევა, რომელიც ხანდახანან მის ძალებს აღემატება. არა, შენი თავის ფსიქოლოგი შენ არ ხარ. ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან სიარული ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც კბილის ექიმთან ვიზიტი. "გონების ჰიგიენაც" ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პირის ღრუს ჰიგიენა.
2. სხვას შენზე მეტად სტკივა კუჭი!
ერთადერთი ადამიანი რომ არ ხარ, რომელსაც კუჭის ტკივილი გამოუცდია, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ შენი ტკივილი ყურადღების ღირსი არაა და ექიმთან არ უნდა წახვიდე. როგორც ეს ფრაზა არ შეგიმსუბუქებს კუჭის ტკივილის, ისე ვერ განიკურნება სხვაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისგან ფრაზით "სხვას შენზე მეტი პრობლემა აქვს".
3. -თვალები მტკივა, მგონი, შორსაც ვეღარ ვხედავ...
-პოზიტიურად შეხედე!
თვალების ტკივილს, სიტუაციისთვის პოზიტიურად შეხედვის ნაცვლად, ოფთალმოლოგი ზუსტად ისე სჭირდება, როგორც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. მართალია, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და საკუთარი თავის გამხნევება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების ხერხი თუ წამალი ნამდვილად არაა. პოზიტივთან ერთად, სირთულის დაძლევის გზებიც უნდა ვეძიოთ.
4. გაციების მიზეზი არ გაქვს
წარმოიდგინე, სიცხით, ცემინებითა და ხველებით საავადმყოფოში მისულს ექიმი არც კი გსინჯავს, რადგან, მისი აზრით, გაციების მიზეზი არ გაქვს. ტკივილი ყელს გიწვავს, თავიც გტკივა და დასუსტებულიც ხარ, მაგრამ რადგან სხვები თვლიან, რომ გაციების მიზეზი არ გაქვს, შესაძლოა საკუთარ მდგომარეობას აბუქებ ან სულაც არ ხარ გაციებული! რაღაც რიგზე ვერაა, არა?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზუსტად ასე გრძნობს თავს დეპრესიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც საზოგადოება ეუბნება, რომ დეპრესიის მიზეზი არ აქვს.
5. -მთელი კვირაა თავი მტკივა.
-თავის ტკივილის არაფერი გეტყობა.
ტკივილი რომ სახეზე არ გეტყობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად არ ხარ, ხომ ასეა? ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერ ადამიანზე განსხვავებულად აისახება. საზოგადოებაში ადამიანის ქცევა იმის გარანტია არაა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილს სხვები ვერ გამჩნევენ, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში დახმარების მიღებას მაინც იმსახურებ. როგორც ხედავ, ფრაზას "არაფერი გეტყობა" სხვის პრობლემების გადაჭრა არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია.
6. -გუშინ ფეხი მოვიტეხე.
-გაისეირნე და გაგივლის.
აშკარაა, რომ ფეხმოტეხილ ადამიანს ექიმთან ვიზიტი სჭირდებდა და არა — სეირნობა. ეს პატარა დიალოგი, ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენა, თუმცა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ხშირად სპეციალისტთან ვიზიტის ალტერნატივად გარეთ გასეირნებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, სეირნობა მშვენიერი და სასარგებლო აქტივობაა, თუმცა პრობლემის გადაწყვეტა ნამდვილად არ შეუძლია.
7. -ექიმმა მითხრა, რომ ტვინის შერყევა მაქვს.
-რამით დაკავდი, ჰობი იპოვე და გაგივლის.
კიდევ ერთი საინტერესო რჩევა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ძალიან ხშირად ესმით, ჰობის პოვნა და მუშაობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოების ნაწილის აზრით, დეპრესია "მოცლილ" ადამიანებს ემართებათ. ისინი თვლიან, რომ ვინც მუდამ დაკავებულია, ცუდად ყოფნის დროც არ აქვს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა, ნებისმიერმა ადამიანმა გამოსცადოს. სპეციალისტთან ვიზიტის მაგივრად, ჰობის პოვნა და საქმიანობა მხოლოდ ამ პრობლემის უგულებელყოფაა და ისეთივე არაეფექტურია, როგორიც ტვინის შერყევის შემთხვევაში იქნებოდა.
8. -ხელი ვიღრძე...
-რა დროს შენი ხელის ღრძობაა, ჯერ 15 წლის ხარ!
როგორც ხელის ღრძობას არ აქვს ასაკი, ისე — არც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. დეპრესია, შფოთვა თუ სხვა სახის პრობლემა შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეექმნას, ამიტომ ფრაზა "რა დროს შენი ცუდად ყოფნაა" მდგომარეობას ნამდვილად არავის უმსუბუქებს.
9. -ერთი თვეა ხერხემალი მტკივა.
-თავი ხელში აიყვანე და გაგივლის.
ხერხემლის ტკივილს თავის ხელში აყვანის ნაცვლად, ექიმთან ვიზიტი, შემდეგ კი სათანადო მკურნალობა სჭირდება. თავის ხელში აყვანა მკურნალობის ალტერნატივა არც ერთ შემთხვევაში არაა. იგივე შეიძლება ითქვას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზეც. როდესაც ცუდად მყოფ ადამიანს თავის ხელში აყვანისკენ მოვუწოდებთ, აღნიშნული ფრაზით მას მხოლოდ დახმარების თხოვნის გამბედაობას ვართმევთ.
10. -გულის პრობლემები მაქვს.
-დაიკიდე რა!
მეგობარს რომ გულის პრობლემები აწუხებდეს, მაშინვე მასთან ერთად კარგი კარდიოლოგის ძებნას დავიწყებთ, რადგან პრობლემის უგულებელყოფამ შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიიყვანოს. იგივე შეიძლება ითქვას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზეც. შესაძლოა ის უცხო თვალისთვის უჩინარია, თუმცა ადამიანისთვის არანაკლები ზიანის მიყენება შეუძლია. თუ შეამჩნევ, რომ შენს მეგობარსა თუ ნაცნობს მსგავსი პრობლემები აწუხებს, დაკიდების ნაცვლად, სპეციალისტთან ვიზიტი უნდა ურჩიო და შეახსენო, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.
საკუთარ და სხვის მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ისევე აუცილებელია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. გახსოვდეს, რომ თანაგრძნობასა და დახმარებას მათი პრობლემების ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს.
ამავე თემაზე:
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები