რა ხდება ქაბულში — განახლებადი
ყველა დიდი ქალაქის აღების შემდეგ, თალიბანი ავღანეთის დედაქალაქს, ქაბულს მიადგა. პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდა, შეშინებული მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობს, საელჩოებმა ევაკუაცია დაიწყეს. ნახეთ განახლებად რეჟიმში, როგორ ვითარდება მოვლენები ქაბულში.
ბოლო სიახლეები:
ავღანელმა ქალმა ქაბულიდან ევაკუაციისას, თვითმფრინავში იმშობიარა. CNN-ის ინფორმაციით, ქალს მშობიარობა დედამიწის ზედაპირიდან 8 534 მეტრზე დაეწყო და მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა გახდა. სწორედ ამიტომ, პილოტმა გადაწყვიტა ფრენა უფრო დაბალ სიმაღლეზე გაეგრძელებინა, რამაც ხელი შეუწყო ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციას და მისი და ახალშობილის სიცოცხლის გადარჩენას. გამოცემის ინფორმაციით, რამშტაინის ბაზაზე დაშვების შემდეგ დედა და ბავშვი ახლომდებარე საავადმყოფოში, სადაც, ამ ეტაპზე, ორივე თავს კარგად გრძნობს.
როდის და რატომ დაიწყო აშშ-მ ომი ავღანეთში და რა ხდებოდა ბუშიდან ბაიდენამდე? ვინ არიან თალიბები და რა ბედი ელის ავღანეთს? რას ნიშნავს თალიბანის გამარჯვება ალ-ქაიდასთვის და როგორი იქნება ამერიკის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში? ნახეთ პასუხები ამ და სხვა კითხვებზე:
სასოწარკვეთილი მდგომარეობა ქაბულში — ადგილობრივი აქტივისტი ავრცელებს აეროპორტთან გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აწვდიან ავღანელები ბავშვს ჯარისკაცებს, რათა მისი ევაკუაცია შეძლონ.
თალიბანის მებრძოლებმა, რომლებიც გერმანული მედიის, Deutsche Welle-ს ჟურნალისტს ეძებდნენ, მისი ოჯახის ერთი წევრი მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაშავდა. DW-ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ამ დროისთვის გერმანიაშია. მისი სხვა ნათესავები თალიბანის სასტიკ რეჟიმს გაექცნენ და იძულებულნი არიან დაიმალონ.
ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გრძელდება. ავღანეთში ისევ არასტაბილური სიტუაციაა — პროტესტისა და წინააღმდეგობების დროს თალიბები მოქალაქეებს ესვრიან, მოკლულია რამდენიმე ადამიანი.
ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი ახალგაზრდა ავღანელი ფეხბურთელი ზაკი ანვარია. ამ ინფორმაციას ავღანეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გენერალური დირექტორატი ფეისბუქზე ავრცელებს.
DW-ის ინფორმაციით, თალიბებმა ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალი გერმანიის მოქალაქე დაჭრეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თალიბები ევაკუაციის მცდელობისას ხალხს ესვრიან.
"გერმანელ სამოქალაქო პირს ქაბულის აეროპორტში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დახმარებას იღებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მალე გაფრინდება", — განაცხადა მთავრობის წარმომადგენლის მოადგილემ ულრიკე დემერმა.
ავღანეთს საქართველოს ყველა მოქალაქე ტოვებს. აღნიშნულზე ინფორმაციას On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ქაბულში 16 ქართველი იყო დარჩენილი, დღეს დილით კი ისინი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს და ბრიტანეთის მიერ უზრუნველყოფილი რეისით მიდიან დუბაის მიმართულებით.
ასე ცდილობენ ავღანელები საკუთარი შვილების გადარჩენას — ფოტოები ქაბულის აეროპორტში სხვადასხვა დროს არის გადაღებული და ასახავს, როგორ გადაჰყავთ მშობლებს შვილები მავთულხლართებიან ღობეეებზე.
ახლა, როცა ავღანეთზე საუბრობენ, თვალწინ წარმოუდგებათ ხოლმე ომისგან, რელიგიური ფანატიზმისგან და სიღარიბისგან განადგურებული ქვეყანა, სადაც არა მარტო უამრავი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ილახება (განსაკუთრებით ქალების), არამედ ხშირად მათი სიცოცხლეც კი არაფრად ფასობს.
თუმცა ცენტრალურ აზიაში მდებარე ეს სახელმწიფო ყოველთვის ასეთი როდი იყო. ნახეთ ფოტოები, რომელიც ავღანეთის წარსულს შეგვახსენებს.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, ავღანეთიდან წამოსულ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა აიღონ. მისი თქმით, თურქეთი არ გახდება ევროპის "მიგრანტთა საცავი". ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ავღანეთიდან მალე კიდევ 6 000-მდე პირს გამოიყვანენ. მისი თქმით, აშშ-ს საკონსულო გუნდთან ამ ადამიანებმა პროცედურები უკვე სრულად გაიარეს და ქაბულის აეროპორტიდან მალე გამოემგზავრებიან. ამის შესახებ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
პენტაგონის განცხადებით, 14 აგვისტოდან, აშშ-ს მიერ ევაკუაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ავღანეთიდან 7 000 ადამიანი გამოიყვანეს და ევაკუაციის პროცესი ისევ გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ავღანეთიდან წამოსული ადამიანიების რაოდენობა, დაახლოებით 12 ათასს აღწევს. ამ დროისთვის კი ქაბულში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
ავღანეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასულ მოქალაქეებს თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს. Aljazeera-ს ინფორმაციით, ჯალალაბადში, ქუჩაში ავღანეთის დროშებით გასულ ხალხს ესროლეს და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა; ქალაქ ასადაბადში, კი თალიბანის დაჯგუფების წევრებმა სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დაჯგუფების წევრი დანით დაჭრა.
თალიბანმა ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. შესაბამისი დოკუმენტი დაჯგუფების პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნია, რომ თალიბანი ამ სახელს იყენებდა 1996-2001 წლებში, როდესაც ქვეყანას თავად მართავდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში იქამდე დარჩებიან, სანამ ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოიყვანენ.
"ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ამ პროცესის 31 აგვისტომდე დასრულებას შევეცდებით. თუ ამ ვადისთვის ამერიკელი მოქალაქეები კვლავ იქ იქნებიან, ჩვენ დავრჩებით, რათა ისინი გამოვიყვანოთ" — განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, გარდა 10 000-დან 15 000-მდე ამერიკელისა, რომელთა ევაკუაციაც არის საჭირო, 50 000-დან 65 000-მდე ავღანელია, რომელთა გამოყვანაც აშშ-ს სურს.
The Washington Post-ზე გამოქვეყნდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერის, აჰმად მასუდის წერილი, რომელშიც ის დასავლეთს დახმარებას სთხოვს, ავღანელი ხალხის თალიბებისგან დასაცავად. ის ავღანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი მხედართმთავრისა და ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის შვილია, რომელსაც განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული და პროგრესულ ძალად ითვლება.
მასუდი ამბობს, რომ მოჯაჰედის მეომრები საბრძოლველად მზად არიან და იბრძოლებენ, მაგრამ დასავლეთის დახმარების გარეშე დამარცხდებიან და ეს ავღანელების საბოლოო დაღუპვის ტოლფასი იქნება.
ოპ-ედის ქართული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ავღანელი უფლებადამცველი ქალი, საკუთარ გამოცდილებასა და იმ საფრთხეებზე ყვება, რომელიც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ ყოველდღიურად აყენებს:
"ამ ომის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. ჩვენ, იმის გამო, რომ ავღანეთიდან ვართ, ომის პერიოდში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ და ახლა, მშვიდობის მისაღწევად, იმავეს გაკეთება კიდევ ერთხელ მოგვიწევს. ავღანეთში ცხოვრება რისკის გარეშე წარმოუდგენელია. აქ ქალად ყოფნა მარტივი არ არის. ქალების უფლებების დაცვა საფრთხეს კიდევ უფრო იზრდის და ეს კარგად მესმოდა. წარმოიდგინეთ, როდესაც დილას სახლიდან გავდივართ, არ ვიცით, უკან ცოცხლები დავბრუნდებით თუ არა, არ ვიცით, ჩვენი ოჯახის წევრებს კიდევ თუ ვნახავთ. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა", — ამბობს ის Euronews-თან საუბრისას.
მითხრეს, რომ სხეული დამეფარა — ავღანელი ჟურნალისტი ქალი
ავღანელი ჟურნალისტი ქალი, საკინა ამირი ყვება, რომ თალიბანის ლიდერთან ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი და სანამ მას ელოდებოდა, მებრძოლებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ იმაზე, რომ ქალები მუშაობენ. ამირის თქმით, უპასუხეს, რომ "პირველ რიგში" არ ეთანხმებოდნენ იმას, რაც ეცვა და მას სრულად უნდა დაეფარა სხეული. მისივე თქმით, იგივე კითხვა თალიბების ლიდერსაც დაუსვა და იგივე პასუხი მიიღო.
ჟურნალისტი ამბობს, რომ თალიბანის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს არ არიან წინააღმდეგი ქალმა იმუშავოს, მაგრამ აუცილებლად მიაჩნიათ, რომ მას სხეული და სახე სრულად ჰქონდეს დაფარული. ამის შესახებ მან BBC-სთან ისაუბრა.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ჰქონდათ უნარი და გავლილი ჰქონდათ სწავლება იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ, მაგრამ ეს დამოკიდებული იყო სურვილსა და ხელმძღვანელობაზე.
"არც მე და არც სხვას ჯერ არ უნახავს, 11 დღის განმავლობაში ამხელა არმიის კრახი", — განაცხადა მან.
თალიბი და ქალთა "დაფარული" სახეები — ფოტო ავღანეთში მას შემდეგ არის გადაღბული, რაც თალიბანმა ძალაუფლება მოიპოვა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ტექსტს კითხულობს და ისევ აღნიშნავს, რომ ქვეყანა სისხლისღვრის ასარიდებლად დატოვა. იგივეს ამბობდა ის წერილშიც, რომელიც ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ფეისბუქზე დაპოსტა.
"მივმართავ ერს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით" — აწერს ღანის ვიდეოს, რომელიც ქვეყნიდან გაქცევიდან მესამე დღეს გაავრცელა და რომელშიც დაახლოებით 10 წუთი საუბრობს.
გაიგეთ მეტი: რა უთხრა აშრაფ ღანიმ ავღანელ ხალხს გაქცევიდან სამი დღის შემდეგ
საერთაშორისო მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თალიბები ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. გაიგეთ მეტი:
Aljazeera-ს ინფორმაციით, ჯალალაბადში საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ადგილობრივი მედიის მიერ ვრცელდება აქციაზე სროლის ვიდეოკადრები.
ჯალალაბადში ეროვნული დროშის დასაცავად აქცია გაიმართა. ჯალალაბადის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი წინააღმდეგობას უწევს ქალაქში ავღანეთის ეროვნული დროშის თალიბანის ბანერით შეცვლას. საპროტესტო აქციაც ამის გამო გაიმართა, რასაც თალიბანის მხრიდან სროლა და შედეგად მსხვერპლი მოჰყვა.
თალიბანის ლიდერები ისევ შეხვდნენ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდნტს, ჰამიდ კარზაის, რომელიც ქაბულის აღების შემდეგ თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. CNN-ის ინფორმაციით, თალიბანმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ავღანეთიდან 2 000-ზე მეტი ადამაინის ევაკუაცია განახორციელეს.
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. სალეჰი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებმაც ქვეყანა მას შემდეგაც არ დატოვეს, რაც თალიბანმა ავღანეთის 24 პროვინცია, მათ შორის, ქაბული აიღო. ვიცე-პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება:
"ახლა პრეზიდენტ ბაიდენთან ავღანეთის შესახებ კამათს აზრი არ აქვს. აცადეთ გაიაზროს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არ არის, ხოლო თალიბები ახლოსაც კი ვერ მივლენ ვიეტკონგელებისგან. ჩვენ ამერიკისა და ნატოსგან განსხვავებით, შემართება არ დაგვიკარგავს და წინ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას!".
საერთაშორისომედიების ინფორმაციით, თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელი მულა აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთში დაბრუნდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ავღანეთში არ ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში ყატარში იყო და აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
მედიები წერენ, რომ ხალხი მას ოვაციებით შეხვდა. კადრები The Telegraph-მა გაავრცელა.
Aljazeera-ს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტიდან განხორციელდა 25 საფრანგეთის მოქალაქისა და 184 ავღანეთის მოქალაქის ევაკუაცია.
გვიან ღამით ქაბულიდან ინდოეთის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც Aljazeera წერს საელჩოსთან, სადაც 150-ზე მეტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ევაკუაციას ელოდა, შეიარაღებული თალიბები მივიდნენ და აეროპორტამდე მიაცილეს.
ავსტრალიამ პირველი სამაშველო ოპერაცია განახორციელა და ქაბულის აეროპორტიდან 26 ადამიანი გაიყვანა.
CNN-თან საუბრისას ავღანეთში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ. ის აშშ-ს არმიაში თარჯიმნად მუშაობდა და ახლა აშშ-ს მოქალაქეა, თუმცა ავღანეთში ოჯახი ჰყავს. მისი თქმით, თალიბანის მმათველობაში მოსვლის შემდეგ მათი უსაფრთხობის გამო ეშინია.
თალიბანის დაპირებული "ამნისტიის" მიუხედავად, მას არ სჯერა, რომ დაჯგუფება ამ სიტყვას შეასრულებს.
ავღანეთში მყოფი საქართველო 6 მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მათი გადმოყვანა, უნგრულმა მხარემ უზრუნველყო.
ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ თალიბანმა მედიასთან პირველი პრესკონფერენცია 17 აგვისტოს გამართა, სადაც თალიბანის პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში.
"ისლამური საამირო შარიათის კანონის ფარგლებში მხარს უჭერს ქალთა უფლებებს. ჩვენს დებს აქვთ იგივე უფლებები, ისინი შეძლებენ, რომ ისარგებლონ ამ უფლებებით. შეეძლებათ დაკავდნენ აქტივობებით სხვადასხვა სექტორში, სფეროში ჩვენი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. ისინი ჩვენთან ერთად, მხარდამხარ იმუშავებენ და თუ საერთაშორისო საზოგადოება წუხს, ჩვენ გვსურს ისინი დავარწმუნოთ, რომ ქალების მიმართ არ იქნება რაიმე სახის დისკრიმინაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი წესების ფარგლებში", — თქვა პრესსპიკერმა.
Los Angeles Times-ის რეპორტიორის თქმით, ქაბულის აეროპორტთან შეკრებილ ხალხს თალიბებმა ცეცხლი გაუხდსნეს და ბასრი საგნებით ცდილობდნენ მათ დაშლას. რეპორტიო აცხადებს, რომ დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვი.
ქალებმა ავღანეთში საპროტესტო აქცია გამართეს. ეს პირველი აქციაა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება მოიპოვა.
გუშინ, 16 აგვისტოს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ტელევიზიაში ინტევიუს აძლევდა, რომელსაც მხოლოდ კაცი ჟურნალისტი ესწრებოდა. ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა და საერთაშორისო საზოგადოებან განიხილავდა, რომ ავღანელი ქალები ეთერებიდან ჩახსნეს.
"ჩვენ განვაახლეთ მაუწყებლობა ქალი წამყვანებით", — წერს დღეს TOLO News-ის ხელმძღვანელი.
ვრცელდება სხვა ჟურნალისტი ქალების ფოტოებიც, რომლებიც ქაბულის ქუჩებში მუშაობენ.
22 წლის ავღანელი სტუდენტი, აიშა აჰმადი ორშაბათს აეროპორტში იმ იმედით მივიდა, რომ თალიბანის სასტიკ რეჟიმს გაექცეოდა, მაგრამ ვერ შეძლო.
"ეს იყო განკითხვის დღე. ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს დასასრულია და მე მოვკვდებოდი", — ამბობს აჰმადი.
გაიგეთ მეტი:
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერთ-ერთ ინტერვიუში ავღანეთში შექმნილ სიტუაციას შეეხო და თქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს "შემაკავებელი მოდელი" მუშაობდა. პომპეოს თქმით, ბევრს მუშაობდნენ იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ თანმიმდვრული გარდამავალი პერიოდი, რათა ავღანელებს ჰქონოდათ მშვიდობა. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამაზე სასაუბროდ თალიბებსაც შეხვდა.
"ჩვენ 10 000-ზე მეტიდან 2 500-მდე შევამცირეთ ჯარისკაცების რაოდენობა. წელიწად-ნახევარზე მეტ ხანს არ გვყოლია არცერთი ამერიკელი მოკლული. ეს იყო ფაქტი — რომ ჩვენ გვყავდა ნამდვილი ამერიკული ხელმძღვანელობა და ვწუხვარ, რომ ჩვენ დღეს იქ არ ვართ", — განაცხადა მაიკ პომპეომ.
თალიბანმა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადა" და მთავრობაში ქალები მიიწვია. მათი თქმით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას.
"საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის, ამიტომ, უნდა შეუდგეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრული შემართებით", — ციტირებს AFP თალიბანის განცხადებიდან.
Euronews-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, ამირ ხან მუთაქი ქაბულში ჩავიდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მუთქაი განათლების მინისტრი იყო მაშნ, როცა თალიბანი ავღანეთს მართავდა.
რუსეთის და ჩინეთის შემდეგ ირანიც აცხადებს, რომ ავღანეთში საელჩოს ტოვებს და თავის დიპლომატებს ქვეყნიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თალიბანის მიერ ქაბულის აღებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანმა წინა კვირის უქმეებზე, 14-15 აგვისტოს, ოფიციალური განცხადების გარეშე ავღანეთში დახურა თავისი ხუთი საკონსულო და სამი დიპლომატი გადაიყვანა ქაბულში, რამდენიმე დიპლომატი კი თეირანში გაიწვიეს. თუმცა, ამ ინფორმაციას ირანი დღეს არ ადასტურებს. ირანის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ირანის საელჩო ავღანეთში ამჟამადაც "ღიაა და ფუნქციონირებს".
ასეთი სიტუაციაა ქაბულის აეროპორტში დღეს.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ლორა ბუში აცხადებენ, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო მათი გულები დამძიმებულია, როგორც ადგილობრივების გამო, რომელიც ძალიან დაზარალდნენ, ასევე ამერიკელებისა და NATO-ს პატრნიორების გამო, რომლებმაც ამ საქმეს ბევრი რამ შესწირეს. ისინი მადლობას უხდიან თავდადებისთვის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ მოხდებოდა ავღანელების ევაკუაცია, ამერიკის მოქალაქეებსა და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. შეერთებული შტატების მთავრობას აქვს ლეგალური უფლება, ჰუმანიტარული კრიზისისას მიგრანტებს მიღება გაუმარტივონ. და ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ისინი უსაფრთხო გასასვლელებით უზრუნველყოთ. ჩვენი ყველაზე მყარი პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მზად არიან, რომ დაგვეხმარონ.
მე და ლორა დარწმუნებულნი ვართ, რომ ევაკუაცია ეფექტური იქნება, რადგან მათ ახორციელებენ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, დიპლომატიური კორპუსის და სადაზვერვო სამსახურის შესანიშნავი კაცები და ქალები", — ნათქვამია ბუშის განცხადებაში.
თალიბანის მეომრები საბავშვო მანქანებზე, ბატუტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპორტულ დარბაზში — Twitter-ზე რამდენიმე ჟურანლისტმა და მედიამ გაავრცელა კადრები და წერენ, რომ თალიბანის წევრები ქაბულში "ერთობიან".
Facebook თალიბანთან დაკავშირებული კონტენის გავრცელებას კრძალავს. სოციალური მედიის გიგანტი განმარტავს, რომ თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ამიტომ მათ პლატფორმაზე არ დაუშვებენ კონტენტს, რომელიც დაჯგუფებას მხარს უჭერს.
კომპანიის განცხადებით, მათ ჰყავთ ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც თალიბანთან დაკავშრებულ კონტენტს გააკონტროლებენ და წაშლიან.
"აშშ–ის კანონმდებლობის საფუძველზე, თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას სანქცია დაეკისრა და ავუკრძალეთ მათ ჩვენი პლატფორმებით სარგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვშლით თალიბანისა და მათი სახელით შექმნილ ანგარიშებს, ვკრძალავთ მათ ქებასა და მხარდაჭერას", – აღნიშნა Facebook–ის წარმომადგენელმა BBC-თან ინტერვიუში.
ხელოვანი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება და წერს: "ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ოცნებები შავ ქოთანში გაიზარდა".
ნახეთ მისი კიდევ ერთი ილუსტრაცია მიმდინარე მოვლენებზე:
"მე ვადანაშაულებ ტრამპს ამ მომენტის დადგომაში და ბაიდენს ამ დამღუპველი დასასრულისთვის. მე არ ვარ არც ერთის მხარეს, რადგან ორივე მხარემ დაგაღალატათ თქვენ. ეს არის სიმართლე ავღანეთზე", — ასე ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს კონგრესმენი კინზინგერი.
ბოლო 24 საათში ავღანეთის ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 1,7%-ით გაუფასურდა.
"მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის გადაბრალებას არ ვაპირებ", — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთზე საუბრისას თავის პირველ საჯარო გამოსვლაში მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი თალიბანმა აიღო.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედროების ყოფნის დროს ორი ათწლეულის განმავლობაში "ბევრი შეცდომა" იქნა დაშვებული, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა და ის პასუხისმგებლობას მეხუთეს არ გადააბარებს.
ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი აქცენტები:
ქაბულის აეროპორტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონზე დაყრდნობით Aljazeera ავრცელებს.
პენტაგონის გენერლის, ჰენკ ტეილორის განცხადებით, ახლა, როცა აეროდრომი ღიაა, აშშ-ს მისიაა შეინარჩუნოს ეს მოცემულობა, რათა გაგრძელდეს და დაჩქარდეს ფრენები როგორც ავღანეთის მიმართულებით, ისე ავღანეთიდან.
ამ ფოტოს ჟურნალისტი მარკუს ვეისბერგი ტვიტერზე ავრცელებს და წერს, რომ ეკიპაჟმა ფრენის გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავით 640 ადამიანი გადაარჩინეს. ჟურნალისტი ჟულია მაკფლარენი კი ამბობს, რომ ამ ამერიკულმა თვითმფრინავმა დაშვებულზე 5-ჯერ მეტი მგზავრი გადაიყვანა.
გამოცემა Defence One თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაფრინდა.
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ურჩია ავღანეთის მთავრობას თალიბებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. მისი თქმით, ავღანეთის პრეზიდენტს სჯეროდა, რომ ჯარი იბრძოლებდა, თუმცა შეცდა.
ბაიდენმა უპასუხა საზოგადოების კრიტიკას იმაზე, რატომ დაიწყო აშშ-მ ევაკუაცია დაგვიანებით. მისი თქმით, ავღანელებს ადრე წასვლის სურვილი არ ჰქონდათ, გარდა ამისა, მთავრობას არ სურდა "ნდობის კრიზისი" გამოეწვიათ, რაც მასობრივი ევაკუაციის დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა.
მე ძალიან დამწუხარებული ვარ იმ ფაქტებით, რასაც ახლა ვაწყდებით, მაგრამ არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ავღანეთში ამერიკის საომარი ბრძოლების დასრულების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი "ყურადღებით აკვირდება" ავღანეთში არსებულ სიტუაციას. ის ამ წუთებში პირველად გამოდის ტელემიმართვით მას შემდეგ, რაც ავღანეთში ვითარება დაიძაბა და უკვე თალიბანის ხელში გადავიდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის მისია ავღანეთში "არასოდეს იყო ერის მშენებლობა", არამედ მიზნად ისახავდა "ტერაქტის თავიდან აცილებას აშშ-ის მიწაზე".
ემანუელ მაკორნის განცხადებით, საფრანგეთი არასდროს მიატოვებს ავღანეთს მარტო. მარკონის თქმით, მათი დაცვა, ვინც წლების განმავლობაში ეხმარებოდა საფრანგეთს აბსოლუტურად გადაუდებელი აუცილებლობაა. მისივე თქმით, 2 სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავს ქაბულში სპეცრაზმთან ერთად მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
ბორის ჯონსონი ავღანეთის საკითხზე G7-ის ვირტუალურ სამიტს გეგმავს. ჯონსონის თქმით, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად შეიმუშავოს მიდგომა ავღანეთთან დაკავშირებით, როგორც ნებისმიერი მომავალი მთავრობის აღიარების საკიხზე, ასევე, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და დევნილების კრიზისის პრევენციაზე.
წაიკითხეთ ავღანელი ქალების ისტორიები, რომლებიც მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ "არასწორად შეაფასა სიტუაცია".
"სალაპარაკო არაფერია. ჩვენ ყველამ — ფედერალურმა მთავრობამ, სადაზვერვო სამსახურებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ — არასწორად შევაფასეთ სიტუაცია", — განაცხადა მაასმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე.
ავღანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გულამ ისაკზაიმ უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მოითხოვონ ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს პატივისცემა.
"მე ვსაუბრობ მილიონობით ავღანელ გოგონასა და ქალზე, რომლებიც დაკარგავენ სკოლაში სწავლის, მუშაობისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას. მე ვსაუბრობ ათასობით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებზე, აკადემიური წრეებისა თუ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებიც ცხოვრობენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ. მე ვსაუბრობ ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირზე, რომლებსაც სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები და დაცვა ქაბულსა და სხვა ადგილებში", — განაცხადა ისაკზაიმ.
ვინ ელაპარაკება თალიბანს — ამ სათაურით აქვეყნებს BBC მასალას, სადაც აღნიშნულია, რომ ავღანეთთან ხელისუფლების დაცემის შემდეგ კონტაქტს მხოლოდ 3 ქვეყანა: ჩინეთი, რუსეთი და ირანი ინარჩუნებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ავღანეთში რჩებიან და ადგილობრივებს დაეხმარებიან.
"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ავღანელ ხალხს. მრავალკვირიანი მძიმე ბრძოლების გამო ჰუმანიტარული საჭიროებები გაზრდილია. ათასობით ადამიანი დაიჭრა, საავადმყოფოები კი დაზიანდა ან დაინგრა. არ შევამცირებთ ჩვენს წარმომადგენლობას. აქ 30 წელია ვმუშაობთ, ახლა არ გავჩერდებით" — წერია მათ განცხადებაში.
რისთვის დაიღუპნენ ჩვენი შვილები? — ამ კითხვით მიმართავენ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცთა მშობლები. ინგლისში მოითხოვენ, რომ პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადოს. ისინი აკრიტიკებენ ჯონსონს იმის გამო, რომ დროულად არ დაიწყო ევაკუაცია.
ისლამურმა ბოევიკების დაჯგუფებამ, ჰამასმა თალიბანს ავღანეთის სწრაფად აღება მიულოცა. AP-ის ინფორმაციით, ჰამასის განცხადებაში წერია, რომ "დასრულდა ამერიკის მიერ ავღანეთის ოკუპაცია" და ისინი დადებითად აფასებენ ამაში თალიბანის "გაბედულ" როლს.
ქაბულის დაცემა — ასე შეაფასა The Guardian-მა გუშინ ქაბულში განვითარებული მოვლენებია და დღევანდელი ნომრის ყდაზე დაბეჭდა.
თალიბანის მმართველობის დამყარების პირველი დღე — ქაბულის ქუჩებში ქალები აღარ ჩანან, ტერიტორიას შეიარაღებული მებრძოლები აკონტროლებენ, მაღაზიების დიდი ნაწილი დაკეტილია, ხალხი აეროპორტშია და გაქცევას ცდილობს.
ქაბულის აეროპორტში ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხალხი დაძრულ თვიმთფრინავზე ასვლას და ასე გაფრენას ცდილობს. როგორც მედიები წერენ, სიმაღლის აკრეფის შემდეგ ხალხი თვითმფრინავიდან ვარდება და ადგილზევე იღუპება.
გარადა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.
ავღანელი ქალები თალიბანის მმართველობაში მოსვლის შემდეგ მათ უსაფრთხოებასა და უფლებების შეზღუდვის საშიშროებაზე საუბრობენ. BBC-ს აქვეყნებს ანონიმურ ინტერვიუს მწერალთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტთან, რომელიც ამბობს, რომ ავღანეთში ქალების ოცნებები დაიმსხვრა.
"მე გატეხილი ვარ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე ისევ შევძლებ მუშაობას და იმის კეთებას, რაც მინდოდა. იმდენი ახალგაზრდა ქალია ჩემნაირად, ჩვენი ოცნებები დაიმსხვრა. ჩვენი იმედები უკეთეს მომავალზე სწრაფად ქრება", — ამბოს ის.
ქაბულის პირველი დილა თალიბანის მმართველობაში
ქაბულში მთელი ღამის განმავლობაში და დღისითაც დაძაბული სიტუაცია იყო. განსაკუთრებული აურზაური ქალაქის მთავარ აეროპორტშია, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა მოსახლეობის ევაკუაციას, ადგილობრივები კი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ.
ქაბულის ქუჩებს შეიარაღებული თალიბები აკონტროლებენ.
ჩინეთი ავღანეთიდან საელჩოს ევაკუაციას არ აპირებს. ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ სახლებში და სიფრთხილე გამოიჩინონ.
ქაბულის მთავარი აეროპორტიდან ყველა კომერციული რეისი გაუქმდა. ინფორმაციას Cnn ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ქაბულის აეროპორტში არ მივიდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქაბულში ჩარჩენილი ქართველები არიან ყოფილი სახმედრო მოსამსახურეები, საიდანაც 17 კაცი არის დასაქმებული კანადურ კომპანიაში, 6 კი ამერიკულში. მისივე თქმით, ისინი აეროპორტიდან 2 კილომეტრში არიან და მათ ევაკუაციას ცდილობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიგეგმა, რომ ქაბულში გაიგზავნოს ქართული ბორტი ჩენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცდილობენ ნებართვის აღებას ფრენისთვის. კითხვაზე, ავღანეთის მთავრობაში ვისთან აქვთ მოლაპარაკება, როცა მთავრობა გაქცეულია და თალიბანმა აიღო კონტროლი, ალექსანდრე ხვთისიშვილი პასუხობს, რომ ახლა უნდა იპოვონ ხალხი, ვინც ამაზე იქნება პასუხისმგებელი. მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორები ამ პროესში ეხმარებიან.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქაბულის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინული თვითმფრინავით გამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან მათ აეროპორტში მისვლა ვერ შეძლეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თურქეთს სთხოვეს დახმარება იმისთვის, რომ ისინი დაჯავშნული მანქანებით აეროპორტამდე მიიყვანონ.
"2 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ დროისთვის, როცა რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე. ამასთან ერთად ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ დაგვეხმარებიან ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და იუახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები წამოიყვანენ".
60-ზე მეტმა ქვეყანამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ისინი აღნიშნავენ, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად ცხოვრებას და საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად არის, რომ მათ დაეხმაროს.
განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩილე, საქართველო, ესპანეთი, სლოვენია და სხვა.
"უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნისა და ავღანეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხო გამგზავრებას, ვისაც წასვლა სურს. ძალაუფლების მქონე პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის, ქონების დაცვის, უსაფრთხოების და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა. აეროპორტში ქაოსი და დაძაბულობა გრძელდება. ხალხი ავღანეთიდან გაქცევას ცდილობს.
"ომი დასრულდა"
Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანის სპიკერმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". მანვე აღნიშნა, რომ მალევე გახდება ცნობილი, როგორ აპირებენ ავღანეთის მართვას. თალიბების თქმთ, იზოლაციაში ცხოვრებას არ აპირებენ და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას შეინარჩუნებენ.
"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა — ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ქალაქის დამოუკიდებლობას. არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ჩვენი მიწები ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენონ და არ გვინდა ვინმეს ზიანი მივაყენოთ", — განაცხადა მან.
The Guardian-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პირველი საევაკუაციო თვითმფრინავი ქაბულიდან გავიდა და პრაღაში დაბრუნდა. პრემიერის განცხადებით, ბორტზე 46 ადამიანი იყო. მათ შორის, ჩეხეთის მოქალაქეები, ჩეხეთის საელჩოს ავღანელი თანამშრომლები და სხვები, ვინც ჩეეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდნენ ნატოს მისიაში.
ფინეთის ავღანეთში საელჩოს ხურავს, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ქვეყნის შსს-ს განცხადებით, დიპლომატიური მისიის ევაკუაცია მოხდება.
დილით აეროპორტში ისევ დაძაბული სიტუაცია და ქაოსია. ათასობით ადამიანი ტერიტორიას არ ტოვებს და ქვეყნიდან გასვლას ყველა გზით ცდილობს.
ავღანეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
Twitter-ზე ვრცელდება ვიდეოები, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებულ ქაოსს ასახავს. ადგილზე მყოფი პირები წერენ, რომ პანიკაა და ტერიტორიაზე არავინაა, რომ სიტუაცია გააკონტროლოს. ისმის სროლის ხმაც
"ეს საიგონი არ არის" — ასე გამოეხმაურა აშშ-ის პირველი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი ქაბულიდან ევაკუაციის დაწყების შემდეგ ვიეტნამის ომთან გაჟღერებულ შედარებებს. მან განმარტა, რომ ავღანეთში 20 წლის წინ ერთადერთი მისიით შევიდნენ, რომ პასუხი გაეცათ იმ ხალხისთვის, ვინც 11 სექტემბერს ქვეყანას თავს დაესხა. მისი თქმით, ამ მისიაში წარმატებას მიაღწიეს.
დღეს ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება კოლაჟი, სადაც 1975 წელს საიგონში გადაღებულ ფოტოს დღეს ქაბულში გადაღებულ კადრს ადარებენ.
საიგონი 1975
ქაბული 2021
ფოტო: AP Photo/Rahmat Gul
გაზრდილი კრიტიკის ფონზე, ბლინკები იცავდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციას ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.
პენტაგონი ქაბულიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციისთვის სამხედროების რიცხვს 6 000-მდე, დამატებით 1 000 ჯარისკაცით ზრდის.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დიპლომატიური მისია ავღანეთიდან ევაკუირებულია.
ნახეთ, რა ხდება ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც თალიბანმა აიღო.
ავღანეთის პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და სისხლისღვრა აერიდებინა.
"ძვირფასო თანამოქალაქეებო!
დღეს მე დავდექი რთული არჩევანის წინაშე; უნდა დავრჩე შეიარაღებული თალიბების წინ, რომლებსაც სასახლის აღება უნდათ, თუ დავტოვო ძვირფასი ქვეყანა, რომლის დაცვასაც ბოლო ოცი წელი მივუძღვენი. თუ არ შევაჩერებდი, უამრავი პატრიოტი დაიტანჯებოდა, ქაბული განადგურდებოდა, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა ამ ექვსმილიონიან ქალაქში. თალიბანმა ნათლად მიმახვედრა, რომ მზად არიან თავს დაესხან მთელ ქაბულს და მის მოსახლეებს იმისთვის, რომ მე განმდევნონ. მე ვიფიქრე, რომ სისხლისღვრის ასარიდებლად, სჯობდა აქედან წასვლა", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
Aljazeera-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ თალიბანის წევრები პრეზიდენტის სასახლეში არიან.
თალიბანმა ქაბულში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე აიღო. ინფორმაციას ამის შესახეb The Guardian და CNN თალიბანის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ. CNN წერს, რომ თალიბანმა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გაავრცელა სასახლეში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს რომ შენობა ცარიელია.
ავღანეთში საფრანგეთის ელჩმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ქაბულიდან ევაკუაციის პროცესია ასახული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა დარჩენილი. უწყების განცხადებით, მათ დაბრუნებაზე მუშაობენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ და ისინი პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციით ცდილობენ მათ გამოყვანას. მათივე თქმით, განიხილება, რომ მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული საჰაერო ბორტით განხორციელდეს.
"სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას", — წერია განცხადებაში.
ესტონეთმა და ნორვეგიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრება მოითხოვეს ავღანეთს საკითხის განსახილველად.
კანადამ განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს დიპლომატიურ მოღვაწეობას ქაბულში და თანამშრომლები ქვეყნიდან წამოვლენ.
The Guardian-ის ინფორმაციით, ქაბულის მისადგომებთან შეტაკებების შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია ქაბულის რამდენიმე რაიონში სროლის შესახებ. როგორც გამოცემა წერს, თალიბანმა დაადასტურა, რომ მებრძოლები ქალაქში შევიდნენ "წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად"
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა, თუმცა Aljazeera მაშინ წყაროზე დარყდნობით ამ ამბავს უარყოფდა. ახლა კი Reuters შსს-ს შიდა წყარო უდასტურებს, რომ აშრაფ ღანი ტაჯიკეთში წავიდა.
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრები მალე გაემგზავრებიან დოჰაში, თალიბანთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
The Guardian ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში რჩება და ქაბულის აეროპორტში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის განხორციელებაში ეხმარება.
პაკისტანელი ჟურნალისტის განცხადებით, ქაბულიდან გამოფრენილი პირველი თვითმფრინავი, რომელშიც ევაკუირებული მოსხლეობა და რამდენიმე ქვეყნის დიპლომატი იყო, ისლამაბადში ჩაფრინდა.
ავღანეთის მთავრობა შეშინებული მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს. CNN-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ქაბულში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავენ. მისი თქმით, საერთაშორისო ძალები მზად არიან, დაეხმარონ ავღანეთის ხელისუფლებას ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
AP-ს ინფორმაციით, ბაგრამის რაიონის უფროსმა, დარვაიშ რაუფმა განაცხადა, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 5 000 პატიმარია, ავღანური ძალები ჩააარებენ თალიბანს. მათივე ინფორმაციით, ციხეში არიან როგორც თალიბანის, ასევე ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მეომრები.
მოსახლეობა აეროპორტში მიდის, რათა ქაბულიდან გაღწევა შეძლოს.
გაერთიანებული ამირატების ავიაკომპანია flydubai ორშაბათიდან ქაბულთან ფრენებს შეაჩერებს.
თალიბებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
CNN-ის ინფორმაციით, თალიბანის 9 წარმომადგენელი ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა.
Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა მოუწოდა თავის მეომრებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ქაბულის დატოვება სურთ, ამის საშუალება მისცენ.
ხალხი პასპორტების ოფისთან რიგში დგას და ცდილობს სამგზავრო დოკუმენტების აღებას, რომ ქაბული დატოვოს.
NBC NEWS-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტის განცხადებით, ხალხი სასოწარკვეთილია და ტირილით ითხოვს საბუთებზე დახმარებას.
AP ვაშინგტონში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი დიპლომატები ბაგრამის ავიაბაზაზე გადაჰყავთ, საიდანაც მათი ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციისთვის ქაბულში A400M თვითმფრინავებს და 30 სამხედროს გზავნის.
ავღანეთის საკითხის განსახილველად დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მომდევნო კვირაში შეიკრიბება. ქვეყნისა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა.
აშშ დიპლომატიური კორპუსის ევაკუაციას უახლოეს 72 საათში გეგმავს. CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ პერსონალის სრულ ევაკუაციას გეგმავს, მათ შორის მაღალჩინოსნებისაც.
Aljazeera წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის ქვეყანა არ დაუტოვებია და პირველ ლედისთან ერთად სასახლეშია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულთან თალიბანის მისვლის შემდეგ, ის გაიქცა.
მოსახლეობა ქაბულის დატოვებას ცდილობს
ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რა სიტუაციაა ქაბულში მას შემდეგ, რაც თალიბანი ქალაქის შესასვლელებთან გამაგრდა. მოსახლეობა ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.
ალბანეთი ავღანეთიდან დევნილებს მიიღებს
Reuters-ის ინფორმაციით, ალბანეთი დათანხმდა აშშ-ს, დროებითი თავშესაფარი მისცეს ავღანეთიდან დევნილებს, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად ვიზების აღებას ცდილობენ.
Reuters-ის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკენ დიალოგისკენ მოწოდება გაავრცელა, რათა ავღანეთში კონფლიქტი დასრულდეს და ხალხმა მშვდობასა და უსაფრთხოე გარემოში ცხოვრება შეძლოს.
რუსეთი ქაბულიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს
რუსეთი ქაბულიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს. ამის შესახებ პროსახელისუფლებო მედია RIA საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
"საელჩოს ევაკუაცია არ იგეგემება. მე მაქვს კონტაქტი ჩვენს ელჩთან და ისინი მშვიდად მუშაობენ, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას", — განუცხადა ზამიქ ქაბულოვმა RIA-ს.
იმავე ინფორმაციას ავრცელებდა 2 დღის წინ სახელისუფლებო სააგენტო TASS. საელჩოს წარმომადგენლეზე დაყრდნობით ისინი წერდნენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ამ ვარიანტს არ განიხილავს.
რუსეთისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებმა დიპლომატიური მისიებისა და მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში ჯარები გაგზავნეს მას შემდეგ, რაც თალიბანმა დიდი ქალაქების აღება დაიწყო. დღეს აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.
სიტუაცია ქაბულში
BBC ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ჩანს რა სიტუაციაა ქაბულის რამდენიმე დასახლებაში მას შემდეგ, რაც თალიბანი ქალაქის შესასვლელებთან გამაგრდა.
თალიბანი ქაბულში შევიდა
თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.
REUTERS-ს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მეომრები ქალაქში ყველა მხრიდან შედიოდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. AP ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თალიბები დედაქალაქის 3 რაიონში, კალაკანში, ყარაბაღსა და ფაღმანში არიან.
The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".
THE Guardian ასევე წერს, რომ ავღანეთის პრეზიდენტი საგანგებო მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სა და ნატოს წარმომადგენლებთან.
14 აგვისტოს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი, მაზარ-ი-შარიფი აიღო და კიდევ უფრო მიუახლოვდა ქაბულს, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები მათი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობდნენ. ამასთან, დაიკავა ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქი, პულ-ე-ლამიც. 13 აგვისტოს მათ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი აიღეს, ხოლო 12 აგვისტოს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათი, რის შემდეგაც აშშ-მ მოუწოდა ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად სამხედროების გაგზავნა გადაწყვიტა.
- ბაიდენი ავღანეთში გასაგზავნი სამხედროების რაოდენობას 5000-მდე ზრდის
- დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის 600 ჯარისკაცს გაგზავნის
ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.
კომენტარები