ბოლო რამდენიმე წელია, ჩინეთში ანდროიდების მწარმოებლებმა Vivo-ს მიბაძვა დაიწყეს და ფლაგმანურ სმარტფონებს ე. წ. ტელეკონვერტერ ლინზებს ამატებენ. ეს შორ მანძილზე გადაღების საშუალებას იძლევა, რასაც მხოლოდ ტელეფონი ვერ გასწვდება.

სიახლეს ამჯერად Huawei გვთავაზობს, რომელმაც თავისი ფლაგმანი სმარტფონისთვის, Mate 90 Pro Max-ისთვის, მისამაგრებელი ლინზა გამოუშვა. ახალი ობიექტივი, რომელსაც შორს გადაღებისთვის ცვლადი საფოკუსე მანძილი აქვს, კომიკურად დიდი ზომისაა და გამოსახულების თავისივე სენსორი აქვს.

კამერას Ruiying Z10 ჰქვია. შიგნით მას 1-დუიმიანი ტიპის 50-მეგაპიქსელიანი RYYB სენსორი აქვს. იგი იმაზე დიდია, ვიდრე ტელეფონს შიგნით არსებული ნებისმიერი სხვა სენსორი, და კამერის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ცვლის. ასევე, სხვა ტელეკონვერტერებს აქამდე ფიქსირებული საფოკუსე მანძილი ჰქონდა, თუმცა Huawei-ს ეს ლინზა 24-240 მმ-ს ფარავს, ცვლადი დიაფრაგმით f/2.0-f/4.5.

შეიძლება ითქვას, Ruiying Z10 ცალკე კამერაა და ტელეფონს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისთვის, მონაცემების დამუშავებისთვისა და ენერგიისთვის იყენებს.

Mate P90 Pro Max-ის დიზაინი

ფოტო: Huawei

სხვათა შორის, Huawei-მ კამერა ისე დააპროექტა, რომ თავსებად ტელეფონებს იგი პირდაპირ უკავშირდება და მისამაგრებლად ცალკე "ქეისი" არაა საჭირო. ცხადია, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ Z10 ტელეკონვერტერების სტანდარტებითაც კი უზარმაზარია.

ჯიბეში ეს ნივთი ვერ ჩაგეტევათ, თუმცა იგი 346 გრამს იწონის და სხვა უსარკო კამერებთან შედარებით მაინც პატარა და პორტატიულია. სავარაუდოდ, მისი შეტანა ისეთ სივრცეებშიც — თუნდაც კონცერტებზე ან თამაშებზე — იქნება შესაძლებელი, სადაც კამერის ქონა, ზოგადად, დაუშვებელია.

მისამაგრებელი კამერა $895 ღირს — იმაზე ძვირი, ვიდრე ზოგიერთი ფლაგმანი. Huawei-ს განცხადებით, Z10 კამერა Mate 90 Pro Max-ის კოლექციონერულ მოდელთან და მის Mate 90 RS ვარიანტთანაა თავსებადი. Mate 90 სერიაში მხოლოდ ამ ორ მოდელს აქვს კამერის ბლოკის გარშემო ხრახნიანი სამაგრი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.