ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად კლინიკის წინ შეიკრიბნენ. მედიკოსები საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით ბოლქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

როგორც სამედიცინო პერსონალი ამბობს, საქმე ეხება თვეების წინანდელ ფაქტს, როდესაც კლინიკაში ადგილების არარსებობის გამო, პაციენტის მიღება ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, ბოლქვაძის პასუხი სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის — "მინისტრთან წაიყვანეთ" — მხოლოდ სიტყვის მასალა იყო და ამის გამო თანამდებობიდან გათავისუფლება უსამართლობაა.

ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ექიმმა სრული სიმართლე თქვა და ის, რომ კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ქართულ სამედიცინო სივრცეში სიახლე არაა.

"აჭარა თაიმსის" ცნობით, ექიმები აცხადებენ, რომ 2026 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება პირადად მოსთხოვა.

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი მის გათავისუფლებას არ უდევს და ჩვენი პროტესტის ძირითადი, მიზანი ზუსტად ეს არის, რომ რეალურად ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება და ჩვენ ვდგავართ ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

რესურსის არარსებობა კლინიკაში, ეს არის გადაჭარბებული მომართვიანობის გამო, ეს არახალია ზოგადად ქართულ სამედიცინო სისტემაში, მათ შორის აჭარაშიც. ყველა კლინიკის კრიტიკული მიმართულების განყოფილებები უმეტეს შემთხვევაში არის გადავსებული და ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა იყო, ის, კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ემერჯენსის განყოფილება იყო აბსოლუტურად სავსე, არანაირი რესურსი, რომ პაციენტი ადეკვატურად მართულიყო, არ იყო, ასევე რეანიმაციული განყოფილება იყო სავსე და ეს ყველაფერი პორტალზე დაფიქსირებული იყო.

შესაბამისად, პაციენტის ადეკვატური მართვა იყო შეუძლებელი და ამის გამო იყო, რომ ითქვა თავდაპირველად უარი პაციენტის მიღებაზე", — აცხადებენ ადგილზე შეკრებილები "აჭარა თაიმსთან" საუბრისას.