ისრაელის საელჩო საქართველოში Flydubai-ის რეისზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, შოთა მუსაევს, რომელმაც მძიმედ დაჭრილ პილოტს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

"ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი — შოთა მუსაევი.

ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.

ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა", — წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, Flydubai-ის რეისზე ქართული წარმოშობის ისრაელელმა ექიმმა შოთა მუსაევმა მძიმედ დაშავებულ კაპიტან სმიტ მაჩჰარს სიცოცხლის შემანარჩუნებელი სამედიცინო დახმარება გაუწია.


ცნობისთვის, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, დუბაი-თელ-ავივის Flydubai-ის FZ1073 რეისზე ერთ-ერთმა პილოტმა კაპიტანს დანით მიაყენა ჭრილობები, რის შემდეგაც თვითმფრინავმა სწრაფად დაკარგა სიმაღლე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი მართვა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. დაჭრილმა კაპიტანმა კაბინის კარი გახსნა, რის შემდეგაც რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი კაბინაში შევიდა და თავდამსხმელი გაანეიტრალა. ბორტზე მყოფმა ექიმმა, შოთა მუსაევმა, მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. თვითმფრინავმა საბოლოოდ საგანგებო დაშვება საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში განახორციელა და ბორტზე მყოფი 174 ადამიანი უსაფრთხოდ გადმოვიდა.