გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლა, რომლის შენობაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რეაბილიტაციის მიზნით დახურეს, ერთ თვეში არსებულ შენობაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ველისციხის სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლე და 50-მდე პედაგოგი ირიცხება, სწავლა 18 სექტემბერს შეწყდა. მათაც, ისევე როგორც თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 17 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ სკოლა სარემონტოდ დაიხურა, სწავლა კი ონლაინ ფორმატში გაგრძელდებოდა. აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა.

"პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.

პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები", — წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე არაერთი სკოლის შენობის დახურვის გადაწყვეტილება გამოცხადდა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.