ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით.

საგადასახადო ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს, დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირებისა და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. "ნულოვანი დეკლარაცია" (გარდა მიწისა), თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.

ვის ექნება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება?

  • თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.
  • თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით "RS ჩათი" ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.