რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბუდაპეშტის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, რუსეთიდან უნგრელი დიპლომატების გაძევება იგეგმება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ თვეში ბუდაპეშტის მიერ 10 რუსი დიპლომატის გაძევება, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებში (სადაზვერვო საქმიანობაში) დაადანაშაულეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

"საპასუხო ზომის სახით, მოსკოვში უნგრეთის საელჩოსა და სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში უნგრეთის გენერალური საკონსულოების თანამშრომელთა ჯგუფმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს", — აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უნგრეთი დაძაბულობის ესკალაციით დაინტერესებული არაა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის წინა პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელმაც ხელისუფლება აპრილში 16 წლის შემდეგ დაკარგა, უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, პუტინთან მჭიდრო კავშირსა და რუსული ენერგორესურსების შესყიდვას განაგრძობდა. ახალი პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარისა და მისი მთავრობის განცხადებით კი, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებია.