1 ნოემბრიდან, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინგზო მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შესახებ "აზერბაიჯანის რკინიგზამ" ადგილობრივ გამოცემა Report-ს აცნობა.

შედეგად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას ნიშნავს. Report-ის ინფორმაციით, დამატებითი რეისებისთვის სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი 36 მანათიდან დაიწყება, რაც ტარიფის 30%-იან შემცირებას წარმოადგენს.

თბილისის მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება (ერთი გზა) იქნება: ბაქოდან — 54 მანათი (ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 82 ლარი), ევლახიდან — 44 მანათი (67 ლარი), განჯიდან — 41 მანათი (63 ლარი), აღსტაფადან — 38 მანათი (58 ლარი) და ბოიუკ-კასიკიდან — 36 მანათი (55 ლარი). შედარებისთვის, ამჟამინდელი მინიმალური ტარიფი ბაქო-თბილისის მიმართულებით 77,50 მანათს (118 ლარი), ხოლო განჯიდან — 56,80 მანათს (87 ლარი) შეადგენს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დამატებითი რეისებისთვის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 2 ოქტომბერს დაიწყება. მგზავრებს ექნებათ როგორც ღამის, ისე დღისით მგზავრობის შესაძლებლობა.

ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ბაქოს არსებული მატარებელი ბაქოდან 23:00 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს, 08:41 საათზე ჩავა; უკუმიმართულებით მატარებელი 11:00 საათზე გამოემგზავრება და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა. ახალი რეისი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩავა, ხოლო უკუმიმართულებით 22:00 საათზე გამოემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს, 07:57 საათზე ჩავა.

ბილეთების ონლაინ შესაძენად, მგზავრებმა ADY-ს ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში უნდა დაადასტურონ MyGov ID-ისა და FIN-კოდის გამოყენებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ ქვეყნის დასახელება და ტელეფონის ნომერი.

ცნობისთვის, ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგა, რეისები Stadler-ის სამგზავრო შემადგენლობით სრულდება, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა.