"ცუდი დედა არ ვარ, არც ვიქნები და არც არასოდეს ვყოფილვარ. ეს იცოდეს ყველამ. ჩემს შვილებთან მე მტკიცებულებები არ მჭირდება", — ასე იწყებს საუბარს ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით სამი წელი და სამი თვე ციხეში იხდიდა სასჯელს. ინგა ამბობს, რომ უდანაშაულოა და გისოსებს მიღმა ქმრის შურისძიების გამო მოხვდა — მას შემდეგ, რაც მისგან ძალადობის გამო პოლიციას მიმართა.

ამ საქმეში გამართლებული არ არის, თუმცა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა და ციხე ე.წ. ელექტრონული სამაჯურის საფუძველზე დატოვა — მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს სამივე ინსტანციის სასამართლო მოუგო. სასჯელის დარჩენილ 9 თვეს სახლში, შვილების გვერდით გაატარებს. საკუთარ ქვეყანაში სამართლიანობის ძიებისას მხოლოდ ეს შეძლო, ამიტომ აპირებს, ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს და იქ დაამტკიცოს, რომ შვილებზე არასდროს უძალადია.

ინგას ორი შვილი ჰყავს — 13 წლის ნანკა და 11 წლის ნიკუშა. ბავშვები ჩვენთან მორცხვობენ, თუმცა დედის სახლში დაბრუნებით გამოწვეული აჟიტირება მაინც ეტყობათ.

"გუშინ უნდა დაგენახათ, დაფრინავდნენ სიხარულისგან. პატარა ციხესთან დამხვდა. გაჩერებული არ იყო მანქანა, გააღო კარები და გადმოხტა, ჩამეხუტა და იტირა. ნანკამ ტელეფონით მითხრა, მე სახლში დაგხვდები დედიკო, ბებიას სადილების გაკეთებაში მივეხმარები, რომ კაი საჭმელები დაგახვედროო", — გვიყვება ინგა.

ინგა კაპანაძე შვილებთან ერთად

ფოტო: On.ge/მარიამ ქავთარაძე

"ძალიან გგვანან" — ვუთხარი, როცა ბავშვები გავიდნენ და ინტერვიუს ჩასაწერად მოვემზადეთ.

"ადრე უფრო მგავდნენ" — მიპასუხა — "ყოველთვის ასეთი ცხვირი კი არ მქონდა, ჩემი ქმრის ნახელავია. არც ასეთი გატეხილი წარბები მქონდა, არც ასეთი გახეთქილი ტუჩი. შემომხედეთ, სახეზე ერთი იარა არაა, მისგან რომ არ მქონდეს".

ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო — ინგამ ოჯახში ძალადობა აღარ მოითმინა და პოლიციაში დარეკა. ეს 2018 წლის 10 მაისს მოხდა.

"9-ში რომ ვიჩხუბეთ, პირდაპირ ვუთხარი, ნარკოდამოკიდებული მეგობრები და ნარკოტიკი დაგაკარგვინებს ოჯახს-მეთქი. ასეც მოხდა. 10 მაისს მართლა დააკარგვინა ოჯახი — მეც და შვილებიც [...] შევატყობინე 112-ს ჩემი გულისტკივილი. ვუთხარი, რა დღეში ვიყავი, რა მდგომარეობაში. შეიძლება ვიღაცამ გამკიცხოს ამის გამო, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეგვეძლო. ოჯახი იკარგებოდა. ნადგურდებოდა ოჯახი უკვე და სხვა გზა არ მქონდა. ჩემი შვილები უნდა გადამერჩინა ამ ჭაობისგან. ისინი ჩემთან ერთად მოდიოდნენ ჭაობში", — ამბობს ინგა.

გვიყვება, რომ პოლიციამ მისი ქმარი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა და ადმინისტრაციული ჯარიმით იმ დღესვე გაათავისუფლა. სახლში დაბრუნებულმა ინგაზე შურისძიება გადაწყვიტა, ამიტომ შვილებზე ძალადობა დააბრალა, თავად ბავშვები კი აიძულა, დედის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება.

ზუსტად იგივე განყოფილებამ დამაკავა, სადაც პირველად ჩემგან შევიდა ზარი. პატრულის ზუსტად იგივე თანამშრომლებმა წამიყვანეს, ვინც პირველ ჯერზე ჩემი მეუღლე გადაიყვანეს ნარკოლოგიური ტესტის ჩასატარებლად. ზუსტად იგივე პროკურორმა დამაკავა. შუადღის 2 საათზე მიმიყვანეს და ღამის 12 საათზე უკვე ბრალი წამიყენეს.

ინგა კაპანაძე

ინგა ამბობს, რომ ბრალი საკუთარი შვილებისა და ქმრის ოჯახის მიერ მოსყიდული "ნეიტრალური" მოწმეების ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს.

თავისუფლება შვილების სანაცვლოდ

ინგას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დასახმარებლად მან ორგანიზაცია საფარს მიმართა. სწორედ საფართან ერთად დაიწყო დავა ქმრის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობისა და შვილებისთვის ცრუ ჩვენების იძულების გამო. ამან, როგორც ჩანს, ინგას ქმარი შეაშინა და ცოლს გარიგება შესთავაზა.

როდესაც ჩემთან პაემანზე შემოვიდა და ჩემი შვილი შემოიყვანა, პირდაპირ მითხრა, შური ვიძიე შენზეო. თუ გინდა კენედის მკვლელობას დავაბრალებინებ ჩემს შვილებსო. იმის გამო იძია შური, რომ მე 112-ს შევატყობინე.

ინგა კაპანაძე

"იყო ასეთი შემოთავაზება, რომ შვილებზე უნდა მეთქვა უარი და გამომიშვებდნენ. უარით გავისტუმრე უკან, არც გაბედონ ამაზე ფიქრი-მეთქი, შევუთვალე. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი შვილების ფსიქოლოგიით მეთამაშა და ისინი ჩემს თავისუფლებაზე გამეყიდა", — ამბობს ინგა.

რატომ უნდოდათ ბავშვებზე უარი ეთქვა? — ინგას თქმით, მის ქმარს ეშინოდა, რომ თუ ბავშვები დედასთან ან სხვაგან, მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში იქნებოდნენ, იტყოდნენ, როგორ აიძულა მამამ ცრუ ჩვენების მიცემა დედის წინააღმდეგ. უკვე ყოფილი პატიმარი გვიყვება, რომ სწორედ ამიტომ, ქმარი ყველანაირად ცდილობდა პატიმარ ქალს შვილების ნახვის უფლება არ ჰქონოდა. ინგას თქმით, შვილებთან 24-საათიანი პაემნის უფლების მოთხოვნის საპასუხოდ, კაცმა ბავშვები კიდევ ერთხელ აიძულა ცრუ ჩვენება მიეცათ და დედა ამჯერად ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაედანაშაულებინათ. ციხეში მყოფ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და შვილების ნახვა აუკრძალეს. საფარის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ 15-მდე პროცესი ჩაატარა და საბოლოოდ ორდერი გააუქმებინა. ინგას შვილების ნახვის უფლება მიეცა.

"ციხის მთელი ადმინისტრაცია შოკში იყო ხოლმე, როცა ხედავდნენ, როგორ სიხარულით მოდიოდნენ ბავშვები და წასვლა არ უნდოდათ. ღამის პაემნებზე დადიოდნენ, ორ საათიან პაემნებზე დადიოდნენ.

სხვა მუხლით ბრალდებულებს უჭირდათ შვილების პაემნებზე შემოყვანა, მე პირდაპირი შვილების თემაზე მქონდა ბრალი წაყენებული და ერთი შეფერხებაც კი არ მქონია არავისგან", — ამბობს ინგა.

ინგას გამოგზავნილი წერილი ციხიდან

ფოტო: On.ge/მარიამ ქავთარაძე

უარი საპროცესო შეთანხმებაზე

პატიმრობის ორი წლის თავზე ინგას გათავისუფლება ისევ შესთავაზეს. ამჯერად პროკურატურამ, ოღონდ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ.

"14 თებერვალი იყო, ზუსტად მახსოვს. უზენაესში მქონდა საქმე გასაჩივრებული და დილის საათებში შემოვიდა გამომძიებელი. მითხრა, რომ საპროცესო შეთანხმებას გიკეთებთ და სახლში გიშვებთო, ოღონდ აღიარებითი ჩვენება უნდა მისცეო. ქეისიც არ გავაშლევინე, პირდაპირ ასე ვუთხარი: მოსვლა თქვენი ნება იყო, წასვლა ჩემი ნებაა-მეთქი", — იხსენებს ინგა.

პროკურატურა ერთი უარით არ დაკმაყოფილდა. ინგა ამბობს, რომ გამომძიებელი ციხეში რამდენჯერმე შევიდა და სხვადასხვა მეთოდით არწმუნებდა, საპროცესოს დასთანხმებოდა.

"მერე დამიწყეს, შვილები გყავს, პატარები არიან, დედა ხარო. სპეკულირება დამიწყეს ბავშვებით. კიდევ უარი ვუთხარი [...] შემდეგ, ვითომ შანტაჟზე გადავიდნენ. საერთოდ მჩუქნიდნენ ორ წელს, პირობითშიც არ მიტარებდნენ, მაგრამ მე უარი ვთქვი ამაზე. ვერც იმათმა შანტაჟმა შემაშინა, ვერც სპეკულირებამ. მე ვუთხარი, თვით ჩემს თავისუფლებაზე არ გავყიდი ჩემს შვილებს-მეთქი. აქ ვიჯდები და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, ბავშვებსაც დავიბრუნებ-მეთქი. ასეც მოხდა", — ამბობს ინგა.

ქმრის დაკავება

ამ ყველაფრის პარალელურად, საფარმა საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა იმისთვის, რომ ინგას ქმარს ცოლსა და შვილებზე ძალადობა დამტკიცებოდა. ის 2019 წლის 10 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ საპროცესო გარიგება მასაც შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა, შესაბამისად, ორივე ბრალდება აღიარა.

ინგამ ქმრის წინააღმდეგ საფართან ერთად კიდევ ერთი საქმე წამოიწყო — მამის მიერ შვილების იძულება, ცრუ ჩვენება მიეცათ დედის წინააღმდეგ. საფარის ადვოკატის, ელისო რუხაძის განმარტებით, ამ საქმის მოგება ინგას ბრალის გადახედვისთვის რეალურ საფუძველს შექმნიდა, რაც საბოლოოდ სასჯელისგან გათავისუფლებამდე მიიყვანდა. თუმცა რუხაძე ამბობს, რომ პროკურატურა ამ პროცესს უსაფუძვლოდ აჭიანურებს.

არც ადვოკატს და არც თავად ინგას ამ საქმის საქართველოში გაგრძელების იმედი აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, საფარი ახლა ინგას სახელით კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს, ამჯერად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სტრასბურგის სასამართლოსთვის.

ბავშვები

ინგას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ქმარმა არა მხოლოდ დააბრალა შვილებზე ძალადობა, არამედ ისე მოაწყო, რომ მტკიცების ტვირთი ბავშვებს აჰკიდა.

"10 წლის დავტოვე ნანკა და 8-ის ნიკუშა. მამასთან მარტო, ასეთ მდგომარეობაში, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, მაინც უნდა ეთქვათ ეს ტყუილი. ბავშვებს ეშინოდათ, მაშინ პატარები იყვნენ", — ამბობს ინგა.

ჩემმა მეუღლემ ჩემი შვილები ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა.

ინგა კაპანაძე

ინგა საუბრობს იმ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, რაც ბავშვებს ცრუ ჩვენების მიცემის იძულებით მიადგათ.

"ნანკას განსაკუთრებით აწუხებდა ეს განცდა — ჩემ გამო წავიდა დედიკო ციხეშიო. უფროსი იყო მაინც, ნიკასთან შედარებით. ფიქრობდა, რომ ცოდვა ედო ზურგზე და აწუხებდა ეს. ჩემთან პაემანზე რომ შემოვიდა, ვუთხარი, ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ მე შენზე გაბრაზებული ვარ, ან შენ რამეში გადანაშაულებ-მეთქი", — გვიყვება ინგა.

მისი თქმით, ბავშვებს ეს მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდათ, როცა მამამ მათზე ძალადობა აღიარა.

"ისეთი სიხარულით მესაუბრებოდა ნანკასთან რომ დავრეკე, რომ დე, იცი, აღიარა. ტვირთი მოეხსნა თითქოს ზურგიდან, რომ მისი ბრალი არ იყო. ყველანაირად ვცდილობ ახლა, რომ ეს ტკივილი დავავიწყებინო და გავუქრო. ვცდილობ არა, ამას აუცილებლად გავაკეთებ", — ამბობს ინგა.

ინგა შვილის წერილი დედას

ფოტო: On.ge/მარიამ ქავთარაძე

ამჟამად ინგასაც და ქმარსაც მშობლის უფლება დროებით შეჩერებული აქვთ, ბავშვების მეურვე კი ინგას მამა, როსტომ კაპანაძეა. ეს თავად ინგამ მოითხოვა მას შემდეგ, რაც ორივე მშობელი დააკავეს, ბავშვები კი სოციალურმა სამსახურმა აღსაზრდელად კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სხვა ოჯახს მიაბარა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა სწორედ აღმზრდელ ოჯახში, ნეიტრალურ გარემოში შეძლეს პირველად იმის თქმა, რომ მათ ჩვენების მიცემა აიძულეს.

"არაჩვეულებრივ ოჯახში მოხვდნენ. ქალბატონ მარინასთან და ბატონ ვალიკოსთან, ზურაბიშვილებთან. ძალიან გამიმართლა, დღემდე ვუხდი მათ მადლობას. მეორედ დავიბადე, რომ ჩემი შვილები ასეთი ჯოჯოხეთიდან იხსნეს. მგლის ხახას გამოგლიჯეს ხელიდან", — ამბობს ინგა.

როგორი ურთიერთობა ექნებათ ბავშვებს მამასთან მომავალში? — ინგა ამბობს, რომ ეს თავად ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ.

"შარშან, 16 ნოემბერს, ნანკას დაბადების დღეზე მამაჩემს დაურეკა, მილოცვა მინდაო. მე ვუთხარი, ბავშვს არ დაუმალოთ-მეთქი. უთხარით და თვითონ გადაწყვიტოს, გაესაუბრება თუ არა-მეთქი. უნდა სცოდნოდა. უფრო მეტი სტრესი იქნებოდა მისთვის, რომ დაგვემალა. მივეცით იმის საშუალება, რომ თვითონ გადაეწყვიტა და გადაწყვიტა. ბავშვმა უარი თქვა. არ დაელაპარაკა. ნაწყენია.

მათი რეაქცია უნდა გავითვალისწინო აუცილებლად. სანამ მათი სურვილი არ იქნება, მე არასოდეს ვაიძულებ, რომ გინდა თუ არა, დაელაპარაკეთ მამას. ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ", — ამბობს ინგა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ინგას ქმარი ციხეს დაახლოებით ორ თვეში დატოვებს.

"საერთოდ არ მეშინია, თუ მაგის კითხვა გინდა", — მიპასუხა ინგამ იქამდე, სანამ კითხვის დასასმელად შესაფერის სიტყვებს ვეძებდი — "ის ინგა აღარ დახვდება, რაც დატოვა. ინგა, რომელიც რაღაცებს თმობდა, რომელსაც რაღაცების ეშინოდა".

რჩევა სხვა ქალებს

როცა ქმარი ძალადობდა, ინგა თავიდან ბევრს ფიქრობდა იმაზე, რას იტყოდნენ გარშემომყოფები. ფიქრობდა იმასაც, რომ ბავშვებისთვის სჯობდა დედაც და მამაც ერთად ჰყოლოდათ, თუმცა, საბოლოოდ, შვილებისვე კეთილდღეობისთვის, ამ აზრებზე მაღლა დადგა.

ინგა კაპანაძე შვილებთან ერთად

ფოტო: On.ge/მარიამ ქავთარაძე

"რაღაც პერიოდი მქონდა ის არგუმენტი, რომ ბავშვებს ერთიც სჭირდება, მეორეც. ასევე, ხალხს ვითვალისწინებთ და ჩვენს თავებს არასდროს ვითვალისწინებთ. ეს რაღაცები მქონდა და ნელ-ნელა ჩაიწია ამ ყველაფერმა. ორივე მშობელი ეკარგებოდათ შვილებს და თვითონაც იკარგებოდნენ.

26 წლის გავთხოვდი, 3 წლის შემდეგ ნანკა შემეძინა. გააზრებული მქონდა დედობრივი გრძნობაც, ოჯახის ურთიერთობაც და ის პატარა გოგო არ ვიყავი, რომ დღეს ამეშენებინა ოჯახი და ხვალ დამენგრია, ამიტომ, ერთი გადავწყვიტე და გავაკეთე კიდეც [...] შეიძლება ხმა არ ამომეღო, შვილები რომ არ მყოლოდა. ცოტა დრო მიმეცა ჩემი თავისთვის, რომ რაღაც ტკივილისთვის კიდევ გამეძლო, მაგრამ ბავშვების გამო ჩემი თავი დავხიე უკან და ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგი. ერთი წამითაც არ ვნანობ, ჩემი შვილები უკეთესად იქნებიან და უკეთეს მომავალს შევუქმნი", — ამბობს ინგა.

სხვა ქალებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში არიან ან შეიძლება მომავალში აღმოჩნდნენ, გამბედაობას უსურვებს. გამბედაობას სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

"იბრძოლეთ სიმართლისთვის, თავი არ დააჩაგვრინოთ არავის არასოდეს. მე ამას გეუბნებით ჩემი გადმოსახედიდან. ვისაც რა დროს, როგორც და რანაირად დავჭირდები, ყველას დავუდგები გვერდით. ერთი წამითაც არ დავახამხამებ თვალს, არავის გამო არ დავიხევ უკან, ყველას დავეხმარები, ვისაც დასჭირდება", — ამბობს ინგა.

მიზანი

"ჩემი შვილები ყველაზე ბედნიერი ბავშვები უნდა იყვნენ მთელ მსოფლიოში. აუცილებლად დავავიწყებ ამ ტკივილს და ავუნაზღაურებ იმ დაკარგულ წლებს, დედის სითბოსა და სიყვარულს", — ამბობს ინგა.