მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო
ფოტო: NASA
ახალი კვლევის თანახმად, მარსზე ძველად ტენიანი რეგიონები იყო, სადაც ძლიერად წვიმდა — ისე, როგორც დედამიწის ტროპიკულ არეალებში. ეს დასკვნა მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე არსებული გაღიავებული ქვების მიხედვით გამოიტანეს.
ეს ქვები NASA-ს მავალმა Perseverance იმ კრატერში დააფიქსირა, რომელსაც იკვლევს. ახლო დაკვირვებამ ცხადყო, რომ ეს მინერალი კაოლინიტია, რომელიც ალუმინით მდიდარი თიხოვანი ქანია. ის დედამიწაზე თითქმის ყოველთვის ძალიან თბილ და ტენიან პირობებში წარმოიქმნება, როგორიც ტროპიკული ჯუნგლებია. ასევე, იგი ისეთ ქვებზე ფორმირდება, რომლებიდანაც მილიონობით წლის განმავლობაში რეგულარული წვიმების გავლენით სხვა მინერალები მოშორდა.
დღევანდელი მარსი, რა თქმა უნდა, მშრალი და ცივია, მის ზედაპირზე კი არც თხევადი წყალია. მეცნიერების თქმით, ასეთ გარემოში კაოლინიტის აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს პლანეტა ყოველთვის ასეთი არ ყოფილა, არამედ იქ ადრე ბევრად მეტი წყალი იყო (ამჟამად მხოლოდ ყინულის სახით გვხვდება).
სპეციალისტებმა Perseverance-ის ინსტრუმენტებით გაანალიზებული კაოლინიტი დედამიწაზე არსებულს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მათ შორის საოცარი მსგავსებაა, ანუ შეიძლება ისინი ერთნაირ პირობებში წარმოქმნილიყო. უფრო მოზრდილი ამგვარი ქვები ზონდებით მარსის სხვა რეგიონებშიცაა დაფიქსირებული, თუმცა იქაურობა მავალებს ჯერ არ შეუსწავლია.
"სანამ ამ დიდ ქანებს მავალის მეშვეობით გამოვიკვლევთ, ეს პატარა ქვები ზედაპირზე არსებული ერთადერთი მტკიცებულებებია", — აცხადებენ ავტორები.
უკანასკნელი კვლევა განამტკიცებს ჰიპოთეზას, რომ მარსი შორეულ წარსულში ტენიანი "ოაზისი" იყო. ის, თუ ზუსტად როდის და როგორ გახდა იგი მშრალი, მსჯელობის საგანია. გავრცელებული მოსაზრება ისაა, რომ პლანეტამ წყალი 3-იდან 4-ამდე მილიარდი წლის წინ დაკარგა, როცა მისი მაგნიტური ველი მზის ქარის გავლენით დასუსტდა და ატმოსფეროც განადგურდა.
დიდი ალბათობით, ეს პროცესი მრავალ ფაქტორს მოიაზრებდა, რის შესახებაც ინფორმაცია შეიძლება სწორედ ასეთმა ქვებმა მოგვაწოდოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.

კომენტარები