წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა
ფოტო: Mar Zuki/iStock/Getty Images Plus
ახალი კვლევის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე გარემოს ცვლილებისა და თევზჭერის გამო საკვების გარეშე დარჩენილი ათობით ათასი აფრიკული პინგვინი მოკვდა. ამან იქ 8 წელიწადში მათი პოპულაცია 95%-ით შეამცირა.
"კლების ასეთი მაჩვენებელი სხვა ადგილებშიც ფიქსირდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში აფრიკული პინგვინების პოპულაცია გლობალურად თითქმის 80%-ით შემცირდა", — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ბიოლოგი, რიჩარდ შერლი.
ფოტო: Jen Dries/Unsplash
აფრიკული პინგვინები (Spheniscus demersus) ძველი ბუმბულის გამოსაცვლელად ხმელეთზე ყოველწლიურად დაახლოებით 20 დღეს ატარებენ. აღნიშნულ პროცესს ქართულად განგური (ქერცლის, ბეწვის, ბუმბულის ცვლა) ეწოდება და მისი მიზანი ამ ცხოველებში წყალგაუმტარობისა და სითბოს შენარჩუნებაა.
ეს სახეობა ძირითადად სარდინებით იკვებება და პინგვინები ამ 20-დღიანი პერიოდისთვის საკმარის საკვებს წინასწარ იმარაგებენ ხოლმე. ამის მიუხედავად, 2004-იდან 2011 წლამდე სარდინების მარაგი 25%-ით შემცირდა.
"თუ განგურამდე ან უშუალოდ მის შემდეგ საკვების შოვნა ძნელია, მათ შიმშილობისგან გადასარჩენად საკმარისი რესურსი არ ექნებათ. ჩვენ ხმელეთზე მკვდარი პინგვინების ბევრ ნაშთს ვერ ვპოულობთ, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ ზღვაში იხოცებიან", — ამბობს შერლი.
ეკოლოგმა რობერტ კროუფორდმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ თევზის მარაგების შემცირებასთან ერთად სახეობის პრობლემა გარემოში ტემპერატურისა და მარილიანობის ცვლილებაცაა. ეს მოვლენები ადამიანების მიერ პროვოცირებული კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.
2004-2011 წლებში საკვების დეფიციტით განპირობებულმა შიმშილობამ აფრიკული პინგვინების გამრავლების ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე გამანადგურებლად იმოქმედა. შედეგად, ამან 60 000-ზე მეტი ზრდასრული ინდივიდის სიკვდილი გამოიწვია.
მას შემდეგ აფრიკული პინგვინების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 2024 წლისთვის სახეობა კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფად კლასიფიცირდა, რადგან ამჟამად 10 000-ზე ნაკლები გამრავლებისუნარიანი წყვილია დარჩენილი.
მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ გარემოს ცვლილებებზე რეაგირების გარეშე პინგვინების პოპულაციის აღდგენა რთული იქნება. მათი პროგნოზით, ამჟამინდელი მდგომარეობით აფრიკულ პინგვინებს 10 წელიწადში გადაშენება ემუქრება.
კვლევა ჟურნალ Ostrich-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები