მეცნიერებმა ობობას მსგავსი საშინელი მუტანტები შექმნეს
როგორც CNET იუწყება, მეცნიერებმა გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით პატარა მხეცები — გრძელფეხება მამილოს სახელით ცნობილი მთიბავები (Opiliones) შექმნეს. მათი მიზანი მუტაციის გზით მოკლეფეხება არსებების მიღება იყო იმის გასაგებად, თუ როგორ განიცდიდა არაქნიდების გენომი ევოლუციას დროთა განმავლობაში და რატომ გაიზარდა მათი ფეხები სიგრძეში.
ამ ნაშრომმა, შესაძლოა, შეცვალოს და გაამდიდროს ჩვენი წარმოდგენა გენეტიკის შესახებ. გენეტიკურად მოდიფიცირებული პატარა მონსტრების სურათი აშკარად შემაშფოთებელია, რასაც ვერ ვიტყვით საკონტროლო ჯგუფზე, რომლებსაც გენეტიკური მოდიფიკაციები არ შეხებიათ.
გუნდმა, რომელსაც გილიერმი გაინეტი ხელმძღვანელობდა ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტიდან, თავდაპირველად გრძელფეხება მამილოების 6 000 ცნობილი სახეობიდან ერთ-ერთის გენომი შეისწავლეს. ეს უკანასკნელნი, ტექნიკურად, ობობების ახლო ბიძაშვილები არიან.
ამის შემდეგ, ამ სახეობების ასობით ემბრიონის გენებიდან ფეხების განვითარებასთან დაკავშირებული წყვილის გასათიშად "რნმ-ის ინტერფერენციის" ტექნიკა გამოიყენეს. ჟურნალ Proceedings of the Royal Society B.-ში გამოქვეყნებული მათი მოხსენების მიხედვით, მიღებული ექვსი მუტანტის რვავე ფეხი, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით განუვითარებელი და მოკლე აღმოაჩნდა. კიდურებმა ასევე დაკარგეს ფეხის ნაწილი, რომელიც მათ მოჭიდების საშუალებას აძლევდა.
"გრძელფეხება მამილოების გენომს დიდი პოტენციალი აქვს, დაგვეხმაროს არაქნიდების გენომისა და მათი სხეულების ევოლუციის გაგებაში, ასევე იმის გამოვლენაში, თუ როგორ უვითარდება ამ რიგის სახეობებს მათთვის დამახასიათებელი გრძელი კიდურები", — განუცხადა გაინეტმა CNET-ს.
"ჩვენ იმის გაგება გვჭირდება, თუ როგორ წარმოქმნის არაქნიდების გენები ისეთ ახალ მახასიათებლებს, როგორებიცაა ობობას ეშვები და მორიელის მარწუხები. ასევე ვაპირებთ მათი გენომის გამოყენებას პირველი ტრანსგენური მთიბავების შესაქმნელად", — დაამატა მან.
კომენტარები