გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში შესვლა არ იქნება ნებადართული.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, წითელ სიაში შეყვანილი ქვეყნები მაღალ რისკს წარმოადგენენ ბრიტანეთისთვის, ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარების გამო.

წითელი და მწვანე ზონების სიას ბრიტანეთის მთავრობა 2021 წლის 7 მაისიდან ავრცელებს. ბოლო განახლება გუშინ, 4 აგვისტოს შევიდა და საქართველოსთან ერთად წითელ სიაში დაამატა მექსიკა, მაიოტი და რეუნიონი. აღნიშნული ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4 საათიდან ამოქმედდება.

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 626, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 393 453-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.