ევოლუციური მახე ახალგაზრდა ზღვის კუებს პლასტმასას გადაყლაპვისკენ უბიძგებს
ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ზღვის კუების იდეალური ჰაბიტატები დაბინძურების შედეგად შეიცვალა და რისკის ქვეშ დადგა, ამ ქმნილებებმა დიდი რაოდენობით პლასტმასის მიღება დაიწყეს.
პლასტმასით დაბინძურების გავლენა ველურ ბუნებაზე კვლევის მზარდი სფეროა. აქამდე არსებულმა მოხსენებებმა ცხოველებში პლასტმასით მიღებული დაზიანებების, პლასტმასის მიღების შემდეგ სიკვდილის ან ამ ნივთიერებებში გადახლართვის უამრავი შემთხვევა გამოავლინეს. ერთ-ერთი კვლევის შეფასებით, მხოლოდ 2010 წელს მსოფლიო ოკეანეში დაახლოებით 4.8 - 12.7 მილიონი ტონა პლასტმასა მოხვდა, ავსტრალიის მთავრობის სამეცნიერო სააგენტოს — CSIRO-ის თანამედროვე მიმოხილვების მიხედვით კი, 80 სხვადასხვა სახეობის ცხოველი, მათ შორის კუები პლასტმასის ყლაპვის შედეგად იხოცებიან.
მკვლევრები, რომლებიც ახალშობილებიდან დაწყებული 50 სმ-მდე სიგრძის ბაკნის მქონე კუებს სწავლობენ, ამბობენ, რომ ოკეანეში პლასტმასის არსებობა ევოლუციურ ადაპტაციებს გამოიწვევს, რომლებიც ერთ დროს ამ ქმნილებებს გარემოსთან წარმატებით შეგუებაში ეხმარებოდა, ახლა კი მათ რისკის ქვეშ აყენებს.
ჟურნალ Frontiers in Marine Science-ს მიხედვით, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მკვლევრებმა აღწერეს, თუ როგორ ეძებდნენ ისინი პლასტმასას ხუთი სხვადასხვა სახეობის 121 ზღვის კუს შინაგან ორგანოებში. აღნიშნული კუების ნაწილი ინდოეთის ოკეაეში, ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროებთან იპოვეს, ნაწილი კი წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროებთან. ზოგიერთი მათგანი გამიზნულად, ზოგიერთიც უნებლიედ დაიჭირეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბისას სახეობის კუების გარდა (რომელთაგან მხოლოდ 7 წარმომადგენელი შეისწავლეს), პლასტმასას ფრაგმენტები აღმოჩნდა დანარჩენი ოთხივე სახეობის წარმომადგენლების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აღსანიშნავია ისიც, რომ წყნარი ოკეანის კუები ამ მხრივ უფრო მეტად იყვნენ დაზარალებულნი.
ამ წყლებიდან მწვანე კუების 83%-ში აღმოაჩინეს პლასტმასა — ინდოეთის ოკეანეში ამავე სახეობისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ს შეადგენს — მათში ეს ნივთიერება სხეულის საერთო მასის 0.9%-ს შეადგენს. წყნარი ოკეანის ერთ-ერთ მწვანე სახეობის კუს ორგანიზმში პლასტმასას 1 მმ-ზე დიდი ზომის 144 ნაჭერი აღმოაჩინეს.
გუნდმა აღნიშნა, რომ კუების ორგანიზმში აღმოჩენილი პლასტმასას უდიდეს ნაწილს მოიცავდა პოლიეთილენი ან პოლიპროპილენი, მაგრამ ამ ფართოდგამოყენებადი პოლიმერების კონკრეტული წყაროს დადგენა შეუძლებელი იყო.
დოქტორი ემილი დუნკანი კორნუოლის ეგზეტერის პენრინ კამპუსის ეკოლოგიისა და კონსერვაციის ცენტრიდან, რომელიც ასევე კვლევის თანაავტორია, ამბობს, რომ ზღვის კუებმა ღია ზღვაში განიცადეს ევოლუცია, სადაც მათთვის შედარებით უსაფრთხო გარემო იყო.
"თუმცა, შედეგები გვთავაზობს, რომ ეს ევოლუციური ქცევა ახლა მათ ხაფანგისკენ უბიძგებს — ისინი დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე ისეთი ადგილებისკენ მიემართებიან, როგორიცაა წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი გროვა",— ამბობს ის განცხადებაში.
დუნკანმა დაამატა, რომ ჯერჯერობით გარკვეული არაა, თუ რა ეფექტი აქვს პლასტმასას ახალგაზრდა კუებზე, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ქმედება, შესაძლოა, გამანადგურებელი იყოს არამხოლოდ ცალკეული ორგანიზმის, ასევე პოპულაციის დონეზე.
ბუნების მსოფლიო ფონდის მეცნიერების მიმართულების დირექტორმა, მარკ რაიტმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ზღვის კუების შვიდიდან ექვსი სახეობა გადაშენების საფრთხის პირასაა და რომ პლასტმასით დაბინძურება კიდევ დამატებითი საფრთხეა, რომლის წინაშეც ისინი დგანან.
"შედარებით ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდა კუ ახერხებს 1 წლის ასაკამდე მიღწევას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ ის საფრთხეები, რომლებიც ამ არაჩვეულებრივი სახეობების გადარჩენას უქმნის საფრთხეს", — ამბობს იგი.
კომენტარები