მწერლები, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრები თავიანთ ნაწარმოებებში ამხილეს
მერი ტრამპის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დისშვილის მემუარები ერთ-ერთია იმ წიგნებიდან, ოჯახური მტრობის ამბებს რომ ახადეს ფარდა. სტატიაში სწორედ ამ ისტორიებზე მოგითხრობთ.
როგორც ალან ბენეტმა თქვა, "ყოველ ოჯახს ის საიდუმლო აქვს, რომ სხვა ოჯახებს არა ჰგავს". და ოჯახებს ნამდვილად არ მოსწონთ, როცა მათ საიდუმლოებებს ვინმე ააშკარავებს. მეორე მხრივ, ადამიანებს მსგავსი ისტორიებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მერი ტრამპის მემუარები, ზედმეტი და მუდამ არასაკმარისი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი გახდა.
ტრამპების მართლაც რომ ყველასგან განსხვავებული ოჯახის შესახებ დაწერილი ეს წიგნი გამოცემის პირველივე დღეს თითქმის მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. მასში მერი, კლინიკური ფსიქოლოგი, დონალდ ტრამპის პიროვნებას იკვლევს და იმას ხსნის, თუ რა გავლენა იქონია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე ტოქსიკურ ოჯახზე გაბატონებულმა გულცივმა მამამ.
წიგნი რომ არ გამოქვეყნებულიყო, ტრამპებმა მერის წინააღმდეგ საქმე მის მიერ უწინდელ პროცესზე დადებული კონფიდენციალურობის შეთანხმების საფუძველზე აღძრეს, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ახლა უკვე ყველას შეუძლია, ოჯახისადმი მერის მრავალფეროვან ბრალდებებს გაეცნოს: იმას, რომ დონალდ ტრამპმა კოლეჯში მისაღები გამოცდა ფულის სანაცვლოდ სხვას ჩააბარებინა; და იმასაც, თუ როგორ სცადა მან, და-ძმებისათვის მემკვიდრეობით მიღებული ქონება წაერთმია. წიგნში, ამასთან, შედარებით უმნიშვნელო თუმცა მრავლისმთქმელ ამბებს ვეცნობით — მაგალითად, იმაზე, თუ როგორ აჩუქეს მერის საშობაოდ ტრამპმა და მისმა ყოფილმა ცოლმა, ივანამ, სხვისგან საჩუქრად მიღებული საჭმლის კალათა, რომლიდანაც ხიზილალის ქილა ამოეღოთ.
თავად ტრამპმა მერის ბრალდებები უარყო და წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, როგორც სჩვეოდა, ტვიტერზე დაწერა, რომ მერი "გადარეულია" და რომ მას დონალდის მშობლები "ვერ იტანდნენ". მერის წიგნი, ტრამპზე ბოლო დროს დაწერილი წიგნების კასკადისაგან განსხვავებით, იმდენად პირადული და ინტიმურია, რომ ზოგიერთ მკითხველში სრულიად ახალ გრძნობას — ტრამპის მიმართ სიბრალულს აღძრავს.
თუმცა, მერი ტრამპი პირველი როდია, ვინც ოჯახიდან საიდუმლოებების გამხელის გამო გარიყეს. ცოტა საჯარო ფიგურა თუ ყოფილა საზოგადოებას ისე მოწყვეტილი, როგორც ჯერომ სელინჯერი. მისმა შვილმა, მარგარეტმა თავისი მემუარები, სიზმრების მჭერი, 2000 წელს გამოაქვეყნა. სხვა უჩვეულო დეტალებთან ერთად, მარგარეტმა სელინჯერი შეშლილ კულტებთან ერთად გასხივოსნების ძიებისას საკუთარი შარდის დალევაში, "უნივერსალური სიცოცხლის ძალის" დასაგროვებლად ლითონის ყუთში ჯდომაში და ისეთი დიეტის დაცვაში ამხილა, რომელიც მწერალს "ავადმყოფურად მწვანე" შესახედაობას აძლევდა. მარგარეტის მტკიცებით, ამ ყველაფერს სელინჯერი თავისი მიზნის, ცხოვრების 120 წლამდე გაგრძელების, მისაღწევად აკეთებდა (ის 91 წლისა გარდაიცვალა).
ამჯერადაც ოჯახის სხვა წევრებმა ბრალდებები უარყვეს. თუმცა სელინჯერის ბოლო ნამუშევრებზე დაკვირვებით, ისინი უსაფუძვლო სულაც არ ჩანს. მაგალითად, ვრცელ მოთხრობას, ზუი, ჯორჯ სტაინერმა "კაპრიზების ულაზათო დაკმაყოფილება" უწოდა. სიმორი: შესავალი კი ნამდვილად ჰგავს სელინჯერის მიერ გამოცდილი სულიერი განწმენდის გზების სიას.
სიზმრების მჭერზე მწერალს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ძნელი არაა იმ კაცის პოზიციის გამოცნობა, რომელიც ჰოლდენ კოლფილდის პირით ამბობს, "ჩემებს აქეთ თავისი დაემართებოდათ, მათზე რო დამეწყო პირადული ამბების მოყოლა. ეგეთი რამეები მაგრა გულზე ხვდებათ". აი, მარგარეტის ძმამ, მეთიუმ კი დუმილის შენარჩუნება არ ისურვა და დის წიგნი საჯაროდ გააკრიტიკა. სელინჯერს ალბათ სულაც არ ეხალისებოდა შვილების კამათის The New York Observer-ის გვერდებზე ნახვა. "სახლში ერთადერთი შემაშინებელი ადამიანი მხოლოდ ჩემი და იყო ხოლმე. ცოტა არ იყოს, პათეტიკური ამბავია", — ამბობდა მეთიუ ინტერვიუებში. "იმედია, თავის თავში ოდესმე გაერკვევა", — ასე გამოეპასუხა ძმას მარგარეტი.
დედები და შვილები
ოჯახური დრამების საჯაროდ გამომფენი შვილის ყოლა საჯარო ფიგურებისათვის ერთგვარი პროფესიული რისკია. 1985 წლის დედის დღეზე ჩხუბისთავობით სახელგანთქმული მსახიობის, ბეტი დეივისის შვილმა, ბიდი ჰაიმანმა მემუარები, სახელად, დედაჩემის მფარველი, გამოაქვეყნა.
ერთი რეცენზენტის თქმით, წიგნი იმხანად ინსულტგადატანილ დეივისს "ენამწარე, ეგომანიაკ, ლოთ თვალთმაქციად" ახასიათებდა, რომელიც თავის კარიერულ გზაზე ყველას ანადგურებდა, თვითმკვლელობებს დგამდა, შვილებს ატყუებდა, რომ ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და შემდეგ მთელი ღამე სააბაზანოში იკეტებოდა. "იმედია, კარგი გაკვეთილი ისწავლეთ", — ეუბნებოდა ის ბავშვებს მეორე დილას, თუმცა ბუნდოვანი იყო, რომელი გაკვეთილი ჰქონდა მხედველობაში. კიდევ უფრო დრამატულია ჯოან კროუფორდისადმი თავისი შვილის ბრალდებები შვიდი წლით ადრე გამოქვეყნებულ წიგნში, ძვირფასი დედიკო. როგორც ვიცით, დეივისი და კროუფორდი ერთმანეთს ემტერებოდნენ, ამიტომ რთული სათქმელია, რა რეაქცია ექნებოდა მას ამ წიგნზე.
შეიძლება, მემუარები რამდენიმე წლის წინ დეივისის მიერ ინტერვიუში გაკეთებულ იმ კომენტარზე იყო პასუხი, რომელშიც შვილზე საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ნიჭი შთამომავლებზე ერთი თაობის გამოტოვებით გადადის. დეივისს არც მომავალში შეუკავებია თავი და ერთ-ერთ შოუში ბიდის მემუარები "ინსულტის მსგავს კატასტროფად" დაახასიათა. რაც ყველაზე გასაოცარია, მან წიგნს ორი წლის შემდეგ თავისი მემუარებით, ის და ეს, უპასუხა და ის შვილისათვის მიწერილი წერილით დაასრულა, რომელიც სულაც არ ყოფილა შემრიგებლური ტონის. "მხატვრული ლიტერატურის შეთხზვა ნამდვილად გეხერხება", — წერდა დეივისი.
საშიშროება გაცილებით დიდია, როცა შვილი პროფესიით მწერალია. "ოჯახში მწერლის დაბადება ამ ოჯახის აღსასრულის ტოლფასია", — წერდა პოეტი ჩესლავ მილოში. თუმცა საკამათო შეხედულებებით ცნობილი ნოველისტის, მიშელ უელბეკის შემთხვევაში, ოჯახს არც არასდროს ულხინდა. დონალდ ტრამპის მსგავსად, მასაც ბავშვობაში მშობლების ყურადღება აკლდა. დედა პატარა მიშელს ბებიას უტოვებდა ხოლმე, თავად კი მოგზაურობდა. თავის მეორე წიგნში, ელემენტარული ნაწილაკები, უელბეკმა დედამისის მიხედვით პერსონაჟი შექმნა და, დამატებითი სიცხადისთვის, მისივე სახელი დაარქვა. უელბეკის გმირი ეგოისტი, "სექსზე გადარეული" ჰიპია, რომელმაც შვილი მიატოვა. პროტაგონისტი სიკვდილის პირას მყოფ დედას ეუბნება: "შენს სხეულს დავაწვევინებ. რაც შენგან დარჩება, პატარა ქოთანში ჩავდებ და ყოველ დილით, როცა ავდგები, შენს ფერფლს ზედ დავაფსამ".
უელბეკის დედამ, ლუსი სეკალდიმ შვილზე შური 2008 წელს წიგნის, უდანაშაულოს, გამოქვეყნებით იძია. თავის წიგნზე საუბრისას სეკალდის თავი არ შეუკავებია და განაცხადა, რომ მიშელი "მატყუარა, თვითმარქვია, პარაზიტია" და რომ შესძლებოდა, "იქამდე ურტყამდა ჯოხს სახეში, სანამ კბილები არ ჩამოსცვივდებოდა". სეკალდის თქმით, უელბეკის წიგნები "სრული სისულელეა და მსგავს მონაჩმახს არასოდეს წაიკითხავდა, თავისი შვილის დაწერილი რომ არ ყოფილიყო". დედა-შვილს შორის უთანხმოება ამით არ დასრულებულა. 2017 წელს უელბეკმა განაცხადა, რომ "დედამისს ის საკმარისად არ ჰყვარებია".
დების შუღლი
უელბეკისა და დედამისის ამგვარი ურთიერთობა ადრეულ ასაკშივე ჩასახულმა ძირეულმა უთანხმოებამ გამოიწვია, თუმცა ზოგიერთ შუღლს არც ასე ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. შესანიშნავი მწერალი დების, მარგარეტ დრებლისა და ეი. ეს. ბაიეტის მაგალითზე ნათელია, რომ სიმწრით მიღწეული შეთანხმება კოვზების გაყოფის გამოც კი შეიძლება ჩამოინგრეს. ამ შემთხვევაში, დები ბავშვობის სათამაშოზე ვერ მორიგდნენ. ბაიეტმა დრებლი მის ერთ წიგნში იმ ჩაის სერვიზის ხსენების გამო მოიმდურა, რომელსაც პატარაობისას ფლობდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ამაზე დაწერა თავად სურდა. "თითქოს, ისეთი რამ მივითვისე, რაც არ მეკუთვნოდა", — განაცხადა ამ ინციდენტზე დრებლმა.
დების ურთიერთობა მოზარდობის ასაკში დაიძაბა, რაც მათში პატარაობაში ჩანერგილმა აზარტულმა ამბიციამ გამოიწვია. ბაიეტმა შუღლის შერბილება დისთვის თავისი მეორე წიგნის, თამაშის ეგზემპლარის გაგზავნითა და მასში გაკეთებული იმ ჩანაწერით სცადა, რომელშიც ბოდიშს უხდიდა. თუმცა დრებლმა წიგნს "სულმდაბლური" უწოდა. საპასუხოდ, ბაიეტმა დის წიგნში, ლაქებიანი ღამის პეპელა, მათი დედის მიხედვით შექმნილ პერსონაჟზე განაცხადა, რომ სულაც არ სურდა, ხალხს დედამისის სხვისეული ვერსია გაეცნო. დედის "დედაჩემად" მოხსენიება აშკარას ხდის, რომ დების ურთიერთობის გამოსწორება, როგორც ეს დრებლმაც აღნიშნა, შეუძლებელია.
"სუროგატი ოჯახი"
ზოგიერთს — მაგალითად, ტრუმენ კაპოტეს, რომელიც ცნობილი წიგნების, საუზმე ტიფანისთან და ხელის აუკანკალებლად, ავტორია — საოჯახო განხეთქილების გამოსაწვევად ოჯახი არც კი დასჭირვებია. 1975 წელს კაპოტემ ჟურნალ Esquire-ში თავის შეძლებულ მეგობრებზე, ე.წ. "სუროგატ ოჯახზე" მხატვრული მემუარების გამოქვეყნება დაიწყო, რომელსაც შესმენილი ვედრებები უწოდა. კაპოტე მათ პირად ჰიგიენასა და საყვარლებზე წერდა და ღრმად სწამდა, რომ ვერ გამოიჭერდნენ. "ზედმეტად სულელები არიან. თავებს ვერ ამოიცნობენო", — გამოაცხადა მწერალმა. თუმცა მეგობრებმა თავი ამოიცნეს და საპასუხოდ კაპოტესთან ურთიერთობა გაწყვიტეს. მწერალი მაინც დადიოდა მათი შეხვედრის ადგილებში და პატიებას ითხოვდა, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა განაცხადა, "მისთვის სახეში აღარასოდეს შეუხედავს".
კაპოტესთვის, რომელსაც საუკეთესო სამწერლო დღეები უკვე უკან მოეტოვებინა და ისე ცხოვრობდა, როგორც საჯარო პერსონა, ეს აღსასრული გახლდათ. მწერლის, ჯონ ნოულსის თქმით, "კაპოტეს სოციალური სტატუსი არ გააჩნდა. ოჯახი არ ჰყავდა. დეკორაციაღა იყო. ყოველგვარი საყრდენი გამოეცალა". ამის შემდეგ კაპოტეს, ერთ დროს ახალგაზრდა ვირტუოზს, ახალი აღარაფერი გამოუცია და ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. ცხრა წლის შემდეგ, 1984-ში კი ღვიძლის დაავადებითა და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
კაპოტეს საჯარო დაცემის ამბავი განსაკუთრებით ტრაგიკულია, თუმცა სევდა ზემოთ მოყოლილ ყოველ ისტორიაში შეინიშნება. ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, უელბეკის დედასთან ინტერვიუს ჩაწერისას "აშკარა იყო, რომ ამ გზით ის შვილისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა".
კაპოტე თუ უელბეკი, ბიდი ჰაიმანი თუ მარგარეტ სელინჯერი — ეს ის ხალხია, რომლებმაც არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვათა ამბებზე დაწერეს და თავიანთი ოჯახების პირადი სივრცის ხელშეუხებლობა წიგნების გამოქვეყნების სიტკბოს შესწირეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამან ბედნიერება სულაც არ მოუტანათ. და არც ის ვიცით, მიიღეს თუ არა ის, რაც სურდათ. დედა ტერეზას თანახმად, რომლისგანაც კაპოტემ სათაური ისესხა, შესმენილ ვედრებებს გაცილებით მეტი ცრემლი ახლავთ, ვიდრე შეუსმენლებს.
კომენტარები