ქართული ოცნების თვმჯდომარის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების საჭიროების ვერ ხედავს.

"ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ოპოზიციურ პარტიებთან. ჰქონდათ მათ შანსი შემოერთებოდნენ სრულად იმ შეთანხმებას, რომელსაც 19 აპრილს მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს არ გაკეთდა მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რითაც მათ მოახერხეს ფაქტობრივად ამ შეთანხმების ანულირება. ეს იყო მათი ნაბიჯი და მათმა ნაბიჯმა გამოიწვია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, არავითარი საჭიროება მოლაპარაკებების აღარ არსებობს", — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.

28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. თუმცა, ენმ-ის მიერ ხელმოწერის საჭიროებაზე მანამდეც კეთდებოდა განცხადებები.