რეალური მხარდაჭერა თუ ფარული სამთავრობო კამპანია ფეისბუქზე
ქართულ პოლიტიკაში სოციალური ქსელი რომ პიარისა და დისკრედიტაციის საბრძოლო ველად აქცია, ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის. არაერთხელ გვიამბია მმართველ გუნდთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ძალადობრივ ჯგუფებთან და პრორუსულ ძალებთან დაკავშირებულ გვერდებზე, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ფეისბუქი ასეთი ქსელების გამოვლენას უმეტესად ახერხებს და შლის, თუმცა საკმაოდ ხშირად ისინი თავიდან ცოცხლდებიან და ისევ ავრცელებენ მანიპულაციურ ამბებსა და დეზინფორმაციას.
დღეს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ახალ ტაქტიკაზე გიამბობთ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და სტრატკომებმა შეიმუშავეს. კერძოდ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგით დგინდება ფარული საინფორმაციო კამპანიის კავშირი სამთავრობო უწყებებთან. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედებენ გვერდები, რომლებიც მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ანონიმურად ითავსებენ.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეს გვერდები მთავრობის განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ამავდროულად, მათი ნაწილი სხვა პარტიების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ კამპანიასაც აწარმოებს. მსგავს ფეისბუქგვერდებზე ქვეყნდება რეკლამებიც, რომელთათვის დახარჯული თანხის წარმომავლობა გაუმჭვირვალეა.
სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, ამგვარი ფეისბუქგვერდების ნაწილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, მათ მართვასა და კოორდინირებაში კი ამ უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების თანამშრომელთა ჩართულობა იკვეთება. მეტიც, ანგარიშის მიხედვით, ამ პროცესში ჩართული გვერდები და ჯგუფები სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროს აპიარებდნენ, როცა ღარიბაშვილი იყო მინისტრი, გაპრემიერების შემდეგ კი მთავრობის პიარი დაიწყეს.
მთავრობასთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრის გვერდებს ამჟამად ორი მხარდამჭერი ფეისბუქგვერდი უკავშირდება: Bidzina Ivanishvili for Georgia და Irakli Garibashvili 4 Georgia. ამ გვერდებზე ე.წ. ქროსპოსტინგის ფუნქციით ქვეყნდება ფეისბუქის პირდაპირი ვიდეოჩართვები საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდებიდან. ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეო ან პირდაპირი ჩართვა სხვადასხვა გვერდზე ერთდროულად განთავსდეს. ამისთვის საჭიროა ან ერთი ადამიანი/გვერდი მართავდეს რამდენიმე ფეიჯს, ან ვიდეოს გამშვები გვერდისგან ქროსფოსტინგზე თანხმობა იყოს გაცემული.
ორგანიზაციის განცხადებით, არაოფიციალურ მხარდამჭერ გვერდებზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდიდან ქროსპოსტინგით პირდაპირი ჩართვების გაშვება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრად ღარიბაშვილი დაინიშნა. მანამდე კი, მისი მინისტრობისას, ეს გვერდები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული.
ორგანიზაციამ გამოავლინა ისიც, რომ ამ ორ გვერდზე გამოსაქვეყნებელი პოსტებისთვის ერთი და იმავე შინაარსისა და დიზაინის, მცირედი დეტალებით განსხვავებული ფოტოები იქმნება.
"ეს გვერდები, ღარიბაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად, სწორედ ამ ფორმით, ერთდროულად ჩაერთნენ პრემიერმინისტრის მხარდამჭერ კამპანიაში, 5 ივლისის, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგაც", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ISFED-ის განცხადებით, მხარდამჭერი ფეისბუქგვერდების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კავშირზე მათთან დაკავშირებული ჯგუფებიც მეტყველებს. ანგარიშს მიხედვით, გვერდი Bidzina Ivanishvili for Georgia ფეისბუქზე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფს, ღარიბაშვილის ფაქტორს მართავს (2021 წლის 28 აპრილამდე ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახელწოდებით მოქმედებდა). მათივე თქმით, მოცემულ გვერდთან ერთად, ჯგუფი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბექა მჭედლიშვილის სახელით იმართება.
"მჭედლიშვილმა აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში, ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიკავა. მანამდე, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ციფრული კომუნიკაციების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციის განცხადებით, ფეისბუქზე კიდევ ორ ჯგუფს ჰქვია ღარიბაშვილის ფაქტორი და მათგან ერთს Irakli Garibashvili 4 Georgia მართავს. მათივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი მიმდინარე წლის 16 თებერვალს შეიქმნა და, გვერდთან ერთად, მის ადმინისტრატორად ბარბარე მერაბიშვილია მითითებული, რომელიც ასევე თავდაცის სამინისტროსთან არის დაკავშირებული.
"მისი Linkedin-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მერაბიშვილის ელ. ფოსტა თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდის მიერ რეკლამების განმათავსებლადაც იყო მითითებული. ბოლო რეკლამა მისი საკონტაქტო ინფორმაციით სტრატკომის გვერდზე 2021 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამჟამად კი სხვა მონაცემებია მითითებული. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბიშვილის ანგარიშიდან ჯგუფებში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სიახლეების გავრცელება დღემდე გრძელდება", — წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის განცხადებით, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ერთ დღეს შეიქმნა გვერდები გმირი და ჯარი. მათი თქმით, გვერდმა ჯარი ამავე სახელწოდების ჯგუფში მიმდინარე წლის თებერვალში ჯგუფ ღარიბაშვილის ფაქტორის ბმული გამოაქვეყნა მასში გაწევრებისკენ მოწოდებით, რაც მათ შორის კოორდინაციაზე მეტყველებს.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ყველა გვერდზე პერიოდულად შეინიშნებოდა მასალების ერთნაირი დიზაინიც, რომელიც ემთხვევა თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრატკომის მიერ გამოქვეყნებული პოსტების დიზაინს. ამდენად, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოსტები ერთმა ადამიანმა/ადამიანთა ჯგუფმა შექმნა, თუმცა მცირედით განსხვავებული დიზაინით.
ჩვენს მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ქართული ოცნება დატოვა, ფეისბუქგვერდმა Bidzina Ivanishvili & Media-მ სახელი შეიცვალა და Gakharia & Media დაირქვა. სახელი შეეცვალა სხვადასხვა ჯგუფსაც, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მთავრობაში ყოფნისას ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად არიან ჩართული სოციალურ ქსელში მხარდაჭერისა და დისკრედიტაციის კამპანიის მობილიზებაში.
ფარულად დასპონსორებული "მხარდაჭერა"
ორგანიზაციის განცხადებით, გვერდზე Bidzina Ivanishvili for Georgia ფეისბუქის Ad Library-ში საქართველოში ბიბლიოთეკის ამოქმედების დღიდან, ანუ 2020 წლის 4 აგვისტოდან გამოქვეყნებული 150 რეკლამა იძებნება, რომლის ღირებულება, ჯამში, $7 754 შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გვერდის მიერ განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში გადამხდელად მითითებულია Bidzina Ivanishvili For Georgia, ელ.ფოსტის მისამართი [email protected] და ვებგვერდი www.forgeorgia.ge, რაც რეკლამების დაფინანსების წარმომავლობის გაგებას შეუძლებელს ხდის.
"გვერდის Bidzina Ivanishvili for Georgia დასპონსორებულ პოსტებში, ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების აქტივობები და განცხადებებია მოყვანილი. რეკლამები ეძღვნება მმართველი პარტიის მისამართით ექსპერტების დადებით შეფასებებსა და ოპოზიციური ძალების საწინააღმდეგო გზავნილებსაც", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ერთ-ერთ დასპონსორებულ პოსტში, გვერდი Bidzina Ivanishvili for Georgia გამომწერებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. მათი თქმით, ჯგუფი 2021 წლის 15 მარტს შეიქმნა და მას ბარბარე მერაბიშვილისა და პაატა გამჯაშვილის პერსონალური ანგარიშები მართავენ, რომელსაც სამუშაო ადგილად თავდაცვის სამინისტრო ჰქონდა მითითებული.
"ამასთან, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რეკლამების განმათავსებლად მისი სახელი და ელ. ფოსტა იყო მითითებული. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით კი, როდესაც გვერდზე რეკლამები თავად ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის სახელით (disclaimer) ქვეყნდებოდა, კვლავ გამჯაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ფეისბუქის რეკლამებს დეკლარირების გარეშე აქვეყნებდნენ თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი გვერდებიც.
მთავრობასთან დაკავშირებული ვებგვერდები
ორგანიზაციის განცხადებით, გვერდების Bidzina Ivanishvili for Georgia და Irakli Garibashvili 4 Georgia კავშირზე პორტალი Forgeorgia.ge-ც მიუთითებს. მათი თქმით, პორტალი 2021 წლის 24 მარტს შეიქმნა და, ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილისა და ფონდ ქართუს შესახებ პოზიტიურ სიახლეებს აქვეყნებს. ამ საიტზე საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ორი ფეისბუქგვერდის ფანჯარაა ჩაშენებული.
გარდა ამისა, გვერდებისა და საიტის კავშირი იკვეთება პროსახელისუფლებო პორტალ Raketdeba.ge-სთან. ISFED-ის განცხადებით, მას, Forgeorgia.ge-ს იდენტურ ვიზუალურ მხარესთან ერთად, მსგავსი მიზანიც აქვს — მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ სიახლეების გამოქვეყნება. პორტალი 2020 წლის 6 მარტს შეიქმნა, თუმცა ამჟამად მიუწვდომელია. ამავე სახელწოდების ფეისბუქგვერდი 2018 წლის 17 ნოემბრიდან მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ვებპორტალს raketdeba.ge ფეისბუქზე გვერდი Bidzina Ivanishvili for Georgia-ც უკეთებს რეკლამას.
ოფიციალურად, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებად დასახულია ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, მედიასთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სხვა. თუმცა, ISFED-ის განცხადებით, არადეკლარირებული რეკლამების განთავსება და მხარდამჭერი გვერდებისა და ჯგუფების სტრატკომების თანამშრომლებთან კავშირი ქმნის ეჭვს, რომ უწყებების რესურსი, რომლებიც ზემოაღნიშნულ საკითხებთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, არამიზნობრივადაც გამოიყენება. მათივე თქმით, ეს მთლიანობაში, აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქმე საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასთან გვაქვს.
გაიგეთ მეტი სოციალურ ქსელში კოორდინირებულ ქსელებზე:
კომენტარები