2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
ფოტო: Towfiqu barbhuiya/Unsplash
ოჯახის საკვებით უზრუნველყოფა მარტივი არც ახლაა, მაგრამ პოპულაციის ზრდის პარალელურად მოსალოდნელია, რომ პროდუქტების ფასებმა უფრო მოიმატოს. მეცნიერთა ახალი პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა, მილიონობით ადამიანი, საჭმლის საყიდლად საკუთარი შემოსავლის დაახლოებით ნახევარს დახარჯავს.
გამოცემა Earth's Future-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თითქმის 4000 ჰიპოთეზური სცენარის სიმულაციური მოდელი შექმნეს. მათ მრავალი ფაქტორი გაითვალისწინეს, რათა გაეგოთ, როგორ დატვირთვას უნდა ველოდოთ სამომავლოდ მსოფლიო რესურსებზე, ანუ როგორი იქნება "რესურსების უსაფრთხოება" (საკვების, ენერგიის, წყლის ხელმისაწვდომობა).
ამ საკითხზე კვლევების უმეტესობა ცალკეულ რესურსზეა კონცენტრირებული, არადა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ, ახლა სპეციალისტებმა უფრო სიღრმისეული ანალიზი გადაწყვიტეს და მასშტაბური გლობალური ცვლილების ანალიზის მოდელი (GCAM) გამოიყენეს. ის სიმულაციურად გვიჩვენებს, როგორ ერთობლივ ევოლუციას განიცდის წყლის, ენერგიის, მიწის, სოციოეკონომიკური და დედამიწის სისტემები სხვადასხვა მოვლენის პასუხად. მასში 32 გეოპოლიტიკური რეგიონია განხილული, რომლებშიც შემოსავლის მიხედვით პოპულაცია 10 ქვეჯგუფადაა დაყოფილი.
მოდელის მეშვეობით 3735 სცენარი მიიღეს. ისინი ცხადყოფს, რა როლი აქვს ზემოხსენებულ ქვეჯგუფებს რესურსების უსაფრთხოების განსაზღვრაში. გასაკვირი არაა, რომ შედეგების უმეტესობაში ყველაზე ცუდ სიტუაციაში სწორედ მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები აღმოჩნდნენ, ანუ მოსალოდნელია, რომ მათთვის რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს.
სცენარების ერთობლივი საშუალო შედეგი მიანიშნებს, რომ საკვების ყიდვა განსაკუთრებულად დიდი პრობლემა აფრიკისა და ინდოეთის რეგიონებისთვის იქნება. 2050 წლისთვის აფრიკის დასავლეთში, აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში მცხოვრები ყველაზე გაჭირვებული ხალხის 10%-ს საჭმლისთვის შემოსავლის 48.4, 42.5 და 49.6%-ის დახარჯვა მოუწევთ. ამის მიზეზი ზოგადი რეგიონული არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა და საკვების მაღალი ფასებია. ეს მაშინაა მოსალოდნელი, თუ მიწის ნაწილი ტყის გაშენებას ან ბიოკულტურების მოყვანას მოხმარდება (ნახშირბადის ემისიების შემცირების გზები) და არა ჩვეულებრივი საკვების წარმოებას.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ხარჯებიც საკვების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. კვლევა აჩვენებს, რომ ამ მხრივ არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, ენერგოსისტემები და მომხმარებელთა ქცევა.
მოდელირების ერთ-ერთი დასკვნა ისაა, რომ საკვების ფასების ზრდა ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედებს. მაგალითად, თუკი სამხრეთ აფრიკაში ყველაზე გაჭირვებული ადამიანები საჭმელში შემოსავლის თითქმის ნახევარს დახარჯავენ, იმავე რეგიონში ყველაზე მდიდრებს ამისთვის შემოსავლის მხოლოდ 5.5% დასჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ფინანსური პირობების როლი დიდია. შესაბამისად, შეიძლება საკვების უსაფრთხოების რისკის პროგნოზში საშუალო რეგიონული მაჩვენებელი დაბალი იყოს, მაგრამ ფინანსურად დაყოფილ ქვეჯგუფებში საკმაო აცდენა ფიქსირდებოდეს.
საკვების გარდა, სხვა რესურსებიც პრობლემურია. სცენარების მიხედვით, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აფრიკაში შეიძლება ხალხმა ენერგიის მისაღებადაც მეტი დახარჯოს. ეს იმიტომ, რომ იქ შენობების გაგრილებასა და წიაღისეულ საწვავზე მეტად არიან დამოკიდებულნი. ასევე, სამხრეთ აზია, შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა წყლის კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან იქ მიწისქვეშა რეზერვუარებს აქტიურად იყენებენ და პოპულაციაც სწრაფად იზრდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს 4000-ამდე სცენარი სავარაუდოა და მათგან ყველაზე რეალისტური არ გამოუვლენიათ.

კომენტარები