მოყვარულ ასტრონომებსა და ასტროფოტოგრაფებს ახლახან აღმოჩენილ ზეახალ ვარსკვლავზე, ანუ აფეთქებულ მნათობზე, დაკვირვებისა და მისი გადაღების იშვიათი შესაძლებლობა აქვთ, სანამ მისი სინათლე ჯერ კიდევ ჩანს.

ეს Ia ტიპის ზეახალია, სახელწოდებით SN 2026aaiv. ის გალაქტიკა NGC 7331-ში მდებარეობს, რომელიც დედამიწიდან 45 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. პეგასის თანავარსკვლავედში მომხდარი ეს კოსმოსური მოვლენა დაკვირვებადია როგორც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ისე სამხრეთ ნახევარსფეროს შუა განედებიდან.

ცნობისთვის, Ia ტიპის ზეახალი ისეთი აფეთქებაა, რომელიც ბინარულ სისტემაში ხდება, სადაც ორი მნათობია. მათგან ერთი თეთრი ჯუჯაა, ანუ ვარსკვლავის ნარჩენი. აფეთქებას სწორედ ამ ობიექტების ურთიერთქმედება იწვევს, კერძოდ — კომპანიონისგან მატერიის მიზიდვა, რის შედეგადაც დიდი მასის მიღწევისას თერმობირთვული რეაქცია იწყება.

იშვიათ კოსმოსურ მოვლენაზე დაკვირვება საქართველოდანაც შესაძლებელია, რადგან სექტემბრის ღამეებში პეგასის თანავარსკვლავედი ჩვენი ქვეყნის ცაზე თითქმის ზენიტში ექცევა.

ეს ზეახალი ვარსკვლავი პირველად ასტრონომიული კვლევითი პროექტის, ATLAS-ის, ფარგლებში 1-ელ სექტემბერს დააფიქსირეს. მას შემდეგ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასტრონომებისა და ფოტოგრაფების მთავარ სამიზნედ იქცა.

ასობით ასტროფოტოგრაფმა სანახაობის აღბეჭდვა უკვე შეძლო. მათ შორისაა ენდრიუ მაკკარტი, რომელმაც კადრები 7 სექტემბერს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გაუმართლა, რადგან ზუსტად ამ გალაქტიკის მასშტაბურ პროექტზე მუშაობდა. მან ტელესკოპით ოთხსაათიანი მონაცემები შეაგროვა.

მოვლენა 10 სექტემბერს, 60-დუიმიანი ტელესკოპის გამოყენებით, მაუნტ-უილსონის ობსერვატორიის ოპერაციების მენეჯერმა, ტომ მასტერსონმაც, გადაიღო:

როგორ დავაკვირდეთ SN 2026aaiv-ს?

2026 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, ზეახალის სიკაშკაშე 15.7 ვარსკვლავიერ სიდიდეს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით მკრთალია, მისი სინათლე კვლავ მატულობს. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების უმეტესობა პროფესიონალური ან ბნელ რეგიონებში არსებული დისტანციური ტელესკოპებითაა გადაღებული, მაგრამ მოვლენაზე დაკვირვება სამოყვარულო აღჭურვილობითაც შესაძლებელია.

გალაქტიკის დასანახად მინიმუმ დიდი ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ, უშუალოდ ზეახალის დასაფიქსირებლად კი დიდი ზომის ტელესკოპია რეკომენდებული. ასტრონომები გირჩევენ, გამოიყენოთ ე.წ. "არიდებული მზერის" მეთოდი, რომელიც გალაქტიკის ბირთვის ოდნავ გვერდით ყურებას გულისხმობს, რათა თვალის სინათლისადმი მგრძნობიარე რეცეპტორებმა მკრთალი დეტალების უკეთ აღქმა შეძლოს. მოვლენის დაფიქსირების ყველაზე მარტივი გზა თანამედროვე ჭკვიანი ტელესკოპის გამოყენებაა, რომლითაც ზეახალის გადაღება 10-წამიანი ექსპოზიციებითაც კი არის შესაძლებელი.

გალაქტიკის მდებარეობა პეგასის თანავარსკვლავედთან.

ფოტო: Starry Night

ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან დაისის შემდეგ აღმოსავლეთით უნდა გაიხედოთ. იქ 4 კაშკაშა ვარსკვლავს დაინახავთ — ეს პეგასის დიდი კვადრატია (თანავარსკვლავედის ნაწილი). ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მნათობი ბეტა პეგასია, მის მაღლა კი ეტა პეგასია. ზეახალი მათთან ახლოსაა.

SN 2026aaiv-ის კოორდინატებია: პირდაპირი აღვლენა 22 სთ, 37 წთ, 05.618 წმ. და დახრილობა +34° 24′ 35.37".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.