ცოტა ხნის წინ კომპანია Anthropic-ის მკვლევრებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს (AI) 2030 წლისთვის კაცობრიობის განადგურება შეუძლია. მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ ინიციატივა წამოაყენა, რომ ტექნოლოგიის განვითარება შენელდეს. საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებმა ამოდეის წინადადებას იშვიათი ერთსულოვნებით დაუჭირეს მხარი.

ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი

ინიციატივას, სახელწოდებით "მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ტემპი უნდა შევანელოთ" (We Must Pace the Frontier), მალევე გამოეხმაურნენ OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, Google DeepMind-ის ხელმძღვანელი დემის ჰასაბისი და xAI-ს მფლობელი ილონ მასკი.

"ვეთანხმები დარიოს, რომ ტემპის შენელება გვჭირდება. დამოუკიდებელი შემფასებლების მოწვევა, რომლებსაც საკითხთან წვდომა თანამშრომლის დონეზე ექნებათ, შესანიშნავი იდეაა და ჩვენც იმავეს გავაკეთებთ", — დაწერა სემ ალტმანმა X-ზე.

დემის ჰასაბისმა აღნიშნა, რომ "დარიოს ესეი სწორი გზისკენ მიგვითითებს", ხოლო ილონ მასკმა მოკლედ დაწერა: "დარიო მართალია".

რას გულისხმობს დარიო ამოდეის ინიციატივა?

Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის, წინადადება სამ მთავარ პუნქტს ეფუძნება. ინიციატივის პირველი ნაწილი გულისხმობს გარე შემფასებლების მოწვევასა და მათთვის თანამშრომლის დონის წვდომის მინიჭებას. ეს იმისთვისაა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგი სრულფასოვნად შეძლონ.

ინიციატივის დანარჩენი ორი ასპექტი უსაფრთხოების საერთაშორისო პოლიტიკასა და გლობალურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. ამოდეის ხედვით, აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა AI-ს უსაფრთხოების სტანდარტებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ამასთანავე, უსაფრთხოების საკითხებზე გლობალური კოორდინაციაა საჭირო ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც, მათ შორის ჩინეთთან.

რას ამბობენ ექსპერტები?

ტექნოლოგიური გიგანტების ამ ინიციატივამ მკვლევრებისა და კრიტიკოსების დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ AI კომპანიები ამ ნაბიჯით მკაცრი სამთავრობო რეგულაციების თავიდან არიდებასა და ინდუსტრიაში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ყოფილი კონგრესმენი რამ ემანუელი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

"შემიძლია გითხრათ, როდის მოითხოვა ბოლოს აღმასრულებელმა დირექტორმა ან მთლიანად ინდუსტრიამ რეგულირება: არასდროს. სწორედ ეს ხდის დარიოს წერილს ასეთ გასაოცარს. ეს იმის აღიარებაა, რომ ბნელ, მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მივდივართ, სველ ასფალტზე, გამორთული ფარებით. და სად არის პრეზიდენტი ტრამპი? როგორც ჩანს, ისევ ჩაეძინა".

კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ უსაფრთხოების მონიტორინგს და თავად ირჩევენ შემფასებლებს, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის მკაცრ მარეგულირებლებს დაექვემდებარონ.

"AI ექსკლუზიურობამ მიგვიყვანა სრულ მარცხამდე იმ სტანდარტების დაცვაში, რომლებიც განსაზღვრავს, რა პროდუქტია უსაფრთხო გამოსაყენებლად", — დაწერა X-ზე AI Now Institute-ის თანახელმძღვანელმა სარა მაიერს ვესტმა.

ალექს ბორესმა, რომელიც AI-ის რეგულირების აქტიური მხარდამჭერია, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა: "ყველას, ვისაც გულწრფელად სურს ხელოვნური ინტელექტის რეალური რეგულირება, გთხოვთ, არ წამოეგოთ მათ თამაშებს".

ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია

კომპანიების მოთხოვნები ამერიკის ადმინისტრაციის ხედვებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმით, აშშ დომინანტი სუპერსახელმწიფო უნდა გახდეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

ირლანდიაში ვიზიტისას ტრამპმა კვლავ უარყო AI-ის განვითარების შენელების იდეა. მან ჩინეთთან კონკურენციაზე გაამახვილა ყურადღება და ჟურნალისტებს განუცხადა: "ვინც მოიგებს AI-ს, მოიგებს ყველაფერს".

ტრამპის თქმით: "შეგვიძლია დავაწესოთ დამცავი მექანიზმები. შეგვიძლია გავაკეთოთ ეს და ის, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ბევრი ძალიან ნეგატიური ძალა, რომლებსაც ეს თემა არ უნდა წამოეჭრათ, და ისინი საუბრობენ იმაზე, რაც არ მოხდება".

კონგრესის ჩართულობაზე უარი თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმაც. მან განაცხადა, რომ კონგრესი AI უსაფრთხოების რეგულირებას არ უხელმძღვანელებს და პასუხისმგებლობა მთლიანად კომპანიებს დააკისრა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.