5 ივლისს ღირსების მარშის ნაცვლად ჟურნალისტებს ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციების გაშუქება მოგვიწია.

მოქალაქეებზე და მედიაზე თავდასხმაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირიბი განცხადებებით პასუხისმგებლობა მოიხსნა და ის თბილისი პრაიდს და იმ ადამიანებს დააკისრა, რომლებიც 5 ივლისს სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.

მოძალადეები იჭრებოდნენ ოფისებში და ადამიანების განადგურებით იმუქრებოდნენ. მედია ერთადერთი იყო ადგილზე, რომელსაც საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენება შეეძლო. ძალადობრივი აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს პირდაპირ ეთერში სცემდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ.

პოლიცია უმოქმედო ან არასაკმარისი იყო — არ გვიცავდა ან ვერ გვიცავდა. დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო ერთი ჩვენგანი 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

11 ივლისს ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალების დღესვე ნაცემი ოპერატორის სიკვდილის მიზეზად ზედოზირება გააჟღერა. უწყების მიერ გავრცელებული ნარატივის გასაძლიერებლად ცრუ გვერდებმა ფეისბუქზე პოსტების დარეკლამება დაიწყეს.

დეზინფორმაციასთან ომში ჩვენი მკითხველი არასდროს დაგვიტოვებია მარტო, ამიტომ განვიხილოთ, ვინ ცდილობს მანიპულაციებით ჩვენს შეცდომაში შეყვანას, რამდენი იხარჯება საზოგადოების მოტყუებასა და ჩვენს განწყობებზე ზემოქმედებაში.

1. საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog

რეკლამის დამკვეთის შესახებ ინფორმაციის Ad Library-ში საჯაროდ განთავსება ფეისბუქმა გასული წლის აგვისტოში გახადა სავალდებულო.

ფოტო: საინფორმაციო ბლოგი / Ad Library

საინფორმაციო ბლოგი 2020 წლის 21 ივნისს შეიქმნა და ამ დროისთვის 9 900-ზე მეტი გამომწერი და ასობით დასპონსორებული პოსტი აქვს. გვერდს სამი ადმინისტრატორი მართავს და მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში აღნიშნული გვერდის რეკლამების დიდი ნაწილის ავტორად მანანა კახიძეა მონიშნული.

საინფორმაციო ბლოგმა ლექსო ლაშქარავას სიკვდილის დღესვე დაასპონსორა პოსტები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე გაჟღერებულ "ზედოზირების" ვერსიას ამყარებდა.

აღნიშნული 4 პოსტიდან ბოლო ორი 2-ჯერაა დარეკლამებული, მათგან ერთ-ერთი ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგაც აქტიური იყო.

ამ 4 რეკლამაში საინფორმაციო ბლოგმა ჯამში 400 დოლარამდე დახარჯა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს საინფორმაციო ბლოგის მიერ ფეისბუქზე დასპონსორებული რამდენიმე პოსტი.

ფოტო: საინფორმაციო ბლოგი / Ad Library

საინფორმაციო ბლოგი ლექსო ლაშქარავას შესახებ სხვა ინფორმაციასაც ასპონსორებს, რომელსაც "ექსპერტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აღნიშნული გვერდი გარდაცვლილი ადამიანის წარსულიდან ისეთ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც სიმართლის შემთხვევაში მანამდე მხოლოდ სამართალდამცავებისთვის იქნებოდა ცნობილი.

გასულ ზაფხულს გვერდი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ცხოვრებაზეც ასპონსორებდა პოსტებს. საინფორმაციო ბლოგი წარსულში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შესახებ დაკითხვის დეტალებს ასაჯაროებდა და ბაჩალიაშვილის სიკვდილს მშობლების უთანხმოებასთან აკავშირებდა.

ფოტო: საინფორმაციო ბლოგი / Ad Library; ნინო რიჟამაძე / Ad Library

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ბლოგის დარეკლამებული ყველა პოსტი არ იძებნება. როგორც სამართლიანი არჩევნების იურისტი, ნინო რიჟამაძე ჩვენთან ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ რეკლამები პოლიტიკურად არ იყო მონიშნული და ცრუ გვერდები თავიდანვე არ ახდენდნენ დეკლარირებას. გასული წლის აგვისტოდან ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამების განთავსება მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.

თუმცა, გვერდის მიერ დარეკლამებულ პოსტებში ფეისბუქმა პოლიტიკოსები ავტომატურად ამოიცნო და რამდენიმე მათგანი ავტომატურად გადაიტანა ბიბლიოთეკაში. ამ დროისთვის საინფორმაციო ბლოგის პირველი პოლიტიკური სარეკლამო პოსტები აგვისტოს ომზე ნიკოლა სარკოზის მოგონებებს და ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებს ეხება.

Ambad/ამბად

რეკლამის დამკვეთის შესახებ ინფორმაციის Ad Library-ში საჯაროდ განთავსება ფეისბუქმა გასული წლის აგვისტოში გახადა სავალდებულო.

ფოტო: ამბად/Ambad / Ad Library

Just For Fun (გასართობად) — ვკითხულობთ ფეისბუქგვერდის დანიშნულებაში, თუმცა მისი პოსტები მხოლოდ გასართობი შინაარსის მასალა არაა. გვერდის პროფილის ფოტოზე სალამურიან ნახატს ვხედავთ, რომელიც გერმანული ხალხური ლეგენდის მაცდური პერსონაჟია. ფეისბუქგვერდი 2021 წლის 14 მაისს შეიქმნა და 320 გამომწერი ჰყავს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს გვერდმა ორი პოსტი დაასპონსორა:

  1. შსს-ს ბრიფინგი, სადაც გარდაცვლილი ოპერატორის გადაადგილების კადრები ჩანს;
  2. ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კუტალაძე, რომელიც ბრიფინგის შემდეგ საკუთარ უდანაშაულობას ირწმუნება და იმუქრება.

ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილე კუტალაძე შსს-მ ოპერატორის გარდაცვალების მეორე დღეს დააკავა და მას შემდეგ, მისი ვიდეო აღნიშნულ ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება, თუმცა შემონახულია ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში. "მართალს ამბობს ეს კაცი", ვკითხულობთ ფეისბუქვერდის დასპონსორებული ვიდეოს აღწერაში კუტალაძეზე.

რეკლამებში 200 დოლარამდეა დახარჯული. ამ დროისთვის, ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ შსს-ს ბრიფინგს 75 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ფოტო: ამბად/Ambad / Ad Library

12, 13 და 14 ივლისს გვერდის მიერ დარეკლამებულია სხვა ვიდეოებიც, რომლებშიც ფეისბუქგვერდი Ambad/ამბად ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ვერსიას, ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალებაზე.

ამ სამ რეკლამაში 300 დოლარამდეა დახარჯული და მათი ვიდეოების ჯამური ნახვა 240 ათასს აღწევს.

ფოტო: ამბად/Ambad / Ad Library

ფეისბუქგვერდი Ambad/ამბად ასევე აქვეყნებს პოსტებს ფეხბურთის, ისტორიის, არქეოლოგიის და კლიმატის ცვლილებების შესახებ და გამოწერის შემთხვევაში აუდიტორიას "საინტერესო ამბებს" ჰპირდება.

არჩევნები 2021 / Elections 2021

აღნიშნული ფეისბუქგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებს არ არეკლამებს, თუმცა ბუსტავს პროსახელისუფლებო პოსტებს იმ მედიამენეჯერების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.

ფოტო: არჩევნები 2021 / Elections 2021 / Ad Library

ამ ფეისბუქგვერდით დასპონსორებული პოსტების ავტორადაც ზემოთ ნახსენები მანანა კახიძე გვხვდება, რომელიც ასევე საინფორმაციო ბლოგების პოსტებს არეკლამებდა. ფეისბუქგვერდის თავდაპირველი სახელი არჩევნები 2020 იყო და ის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2020 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა. ამ დროისთვის მას 1500 გამომწერი ჰყავს.

ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებული ინფორმაციის დარეკლამებაში გვერდმა 400 დოლარამდე დახარჯა.

ცრუ გვერდები და შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ ორი ფეისბუქგვერდი, საინფორმაციო ბლოგი და ამბად/Ambad, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ პოსტებს არეკლამებდა, მასალად სწორედ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს იყენებდა.

თუმცა, ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეომასალები შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაასპონსორა და ფეისბუქის რეკლამაში ჯამში 700 დოლარამდე დახარჯა.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ad Library

პირველი ვიდეო შსს-მ 11 ივლისს გამოაქვეყნა. 2-დღიან ბუსტში, რომელიც 13 ივლისს დასრულდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებამ 300-დან 399 დოლარამდე დახარჯა. პოტენციური აუდიტორია 1 მილიონი ადამიანი იყო, საბოლოო მონაცემებით კი ვიდეოს 350-400 ათასი ჩვენება ჰქონდა, რაც შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნახვას ერთი და იმავე ადამიანის მიერ.

მეორე ვიდეო 12 ივლისს არის გამოქვეყნებული და ორჯერ არის დასპონსორებული. ერთხელ 100 დოლარამდე, მეორედ კი 100-დან 199 დოლარამდე თანხით.

ფეისბუქის Ad Library-ში შსს-ს მიერ ზოგადად დარეკლამების სტატისტიკაზე გადახედვა გვაჩვენებს, რომ 2021 წელს უწყებამ სულ 7 პოსტი დაარეკლამა და აქედან 3 ლაშქარავაზე.

ვიდეოების დასპონსორების გამო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგები შსს-მ ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის გავრცელებას მიუძღვნა. უწყება არ საუბრობდა იმაზე, რომ 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, შესაძლოა, მიყენებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. უწყების მესიჯბოქსი ემყარებოდა შემდეგ ფრაზებს: "გარდაცვალებამდე ლაშქარავა ფონიჭალაში მივიდა", "აფთიაქში ფსიქოტროპული შეიძინა" და ა.შ.

დასკვნა

როდესაც საზოგადოება ბრაზობს და აპროტესტებს, სწორედ მაშინ ხდება საჭირო დასაშოშმინებლად მათ შეხედულებებებზე ზემოქმედება. ქართული საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ცნობილი ხერხებია დეზინფორმაცია, ტროლ-ბოტების მობილიზება და შეთქმულების თეორიების აგორება. ის ერთ მიზანს — ადამიანების ემოციებისა და შეხედულებების ტყუილებით მართვას ემსახურება. პროცესი ცალსახად არადემოკრატიული და შეურაცხმყოფელია, თუმცა დეზინფორმაციის ავტორებს სინდისს ვერ მოვთხოვთ. ისინი შეუჩერებლად მუშაობენ მაშინაც, როცა ადამიანები იღუპებიან.

"მათი ქსელი ბევრად დიდია, ოღონდ სტრატეგია აქვთ ასეთი, რომ პერიოდულობით რაღაც გვერდები აქტიურობენ, მერე სხვები", — ამბობს ნინო რიჟამაძე. გამოვლენილი ცრუ გვერდების ქსელის სია შეგიძლიათ ISFED-ზე იხილოთ.

წარწერა: "ბოდიში პროტესტისთვის, იქნებ შემდეგში საკუთარი მოქალაქეები აღარ მოკლათ?"

11 ივლისი, 2021 წელი.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა მას სირცხვილიას ოფისში შეჭრისას სცემეს, მაშინ, როცა ჰომოფობებსა და მოძალადეებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა:

"კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს".

მისივე გადმოცემით, თავდასხმის მომენტში ადგილზე ერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რომელიც მის დაცვას ვერ შეძლებდა.

გვაქვს 2 მოცემულობა:

  • მედიის წარმომადგენელი 5 ივლისს სამსახურში წავიდა. მას მუშაობისას სასტიკად სცემეს და სახელმწიფომ არათუ აარიდა ძალადობა, ის არც კი დაიცვა;
  • 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ახლა დეზინფორმაციის მანქანა ცდილობს, ამ ორ მოვლენას შორის რაც მოხდა ისე შეფუთოს, რომ როგორღაც დაგვაჯეროს, თითქოს მედიის წარმომადგენლის სიკვდილში სახელმწიფოს უმოქმედობას გადამწყვეტი როლი არ უთამაშია.

თითქოს იგივე შედეგი დადგებოდა სახელმწიფოს მოქალაქეების გამოხატვის კონსტიტუციური უფლება რომ დაეცვა, ან პოლიციას ჟურნალისტები ფიზიკური განადგურებისგან დაეცვა, ან მოძალადეები მხარზე ხელის გადახვევის ნაცვლად დაეკავებინა, ან სახიფათო, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები, წახალისების ნაცვლად, ბევრად ადრე აღეკვეთა.

ახლა სხვებთან ერთად მედიაც ბრაზობს და ამ ბრაზს არც ვმალავთ.