მკრთალი ზღვარი ხელოვნებასა და პორნოგრაფიას შორის
იმ დროს, როდესაც ანტირასისტულმა მოძრაობამ "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" (Black Lives Matter) დიდ ბრიტანეთში საზოგადოების ყურადღება მონებით მოვაჭრეების ქანდაკებებისკენ მიმართა, ერთი აქტივისტი ყველას მზერის მიპყრობას ქალების ქანდაკებებისკენ ცდილობდა. "უბრალოდ შეხედეთ, რას მიგაჩვიეს, რომ ნორმად მიიღოთ..." — წერია აქტივისტის პლაკატზე, რომელიც მანჩესტერში, ტრეფორდის სავაჭრო ცენტრის გარეთ მდგარი ქანდაკებისკენ მიუთითებს. ქანდაკება გამოსახავს მჯდომარე კაცს, რომელსაც ფეხებს გარშემორტყმული ნახევრადშიშველი, მოალერსე ქალები ჰბანენ. კიდევ ერთი პლაკატი აშშ–ში, აიოვას შტატში მდგარ ქანდაკებას აპროტესტებს: ბრინჯაოს წელზევით შიშველი ქალი ოდნავ მოხრილია და ხელებით თავისი მკერდი უჭირავს, თითქოს, უკეთესად უნდა გამოაჩინოსო. პლაკატზე წერია: "აიოვა, როგორც დედა, თავის შვილებს საკვებს სთავაზობს? დიახ".
ეს პლაკატები ქანდაკებებთან ArtActivistBarbie–ს (ხელოვნების აქტივისტი ბარბი) უჭირავს — ბარბის თოჯინას, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარე ჰადერსფილდის უნივერსიტეტის ლექტორის, სარა უილიამსონის კომიკური ალტერ ეგოა. მან ეს პროექტი სტუდენტებისთვის ფემინისტური იდეების გასაცნობად დაიწყო, უფრო ზუსტად კი იმისთვის, რომ მათთვის დაენახვებინა, თუ როგორ არიან ქალები ხელოვნებაში წარმოდგენილნი. "ასე უფრო ფრთხილად შემიძლია საუბრებში ადამიანების ჩართვა", — ამბობს უილიამსონი BBC culture–თან ინტერვიუში. "ეს ერთგვარი ფემინისტური თოჯინების თეატრია — ჩემს ხმას თოჯინა (ArtActivistBarbie) აჟღერებს".
ტვიტერის ერთ–ერთ პოსტში ArtActivistBarbie რაით ბარკერის 1889 წლის ნახატის კირკე შექმნას აღწერს, რომელზეც ნახევრად შიშველი, ლომებით გარშემორტყმული ქალია გამოსახული: "ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი მინდა, ნახევრად გახდილი, უშველებელი ცხოველებით გარშემორტყმული', თქვა დამკვეთმა. 'კირკეზე რას იტყვით, 5–6 ვეფხვი რომ დავუყენოთ გვერდით? ყველა შეგაქებთ ბერძნული მითოლოგიის მიმართ თქვენი განსწავლულობით', მიუგო მხატვარმა" — წერია პოსტის აღწერაში. ArtActivistBarbie სარკასტულად კითხულობს, კლასიკური სცენის აღწერაა ეს თუ მსუბუქად შენიღბული ვიქტორიანული ეპოქის პორნო.
ანტიკური ხანის მკვლევარმა და პროფესორმა მერი ბირდმა იგივე კითხვა დასვა თავის სატელევიზიო გადაცემაში სიშიშვლის ელდა. გადაცემა მიმოიხილავს იმ უამრავ ხერხს, რომლითაც კაცი ხელოვანები თავიანთ ნახატებში შიშველი ქალების გამოსახვის გამართლებას ცდილობდნენ: მაგალითად, წამოწოლილი შიშველი ქალები, რომლებიც, თითქოს, შემთხვევით "გამოიჭირეს", ბანაობენ ან ჩაძინებულები რატომღაც შიშვლები არიან.
ჩნდება კითხვა: ის, რაც ასეთ ნამუშევრებშია ასახული, ხელოვნებაა თუ პორნოგრაფია?
"ეს ძალიან რთული შეკითხვაა და მას, ვინც ფიქრობს, რომ მკაფიო პასუხი აქვს, უკეთესად დაფიქრება მართებს!" — ამბობს პროფესორი ბირდი. "ხელოვნებასა და პორნოგრაფიას შორის ზღვარი ყოველთვის საფრთხილოა და ისიც ასევე გასათვალისწინებელია, რომ როცა წარსულზე ვსაუბრობთ, ამჟამინდელ შეხედულებებთან ერთად მაშინდელი გარემო-პირობებიც უნდა მივიღოთ მხედველობაში. როგორც წარსულს, ისე წარსულის შეცდომებსაც უნდა გავუსწოროთ თვალი".
სადავო საკითხი
100 წელზე მეტია, რაც ფემინისტები ხელოვნების სამყაროში არსებულ სექსისტურ დამოკიდებულებებზე ყურადღების გამახვილებას ცდილობენ. 1914 წელს სუფრაჟისტმა მერი რიჩარდსონმა ველასკესის ნახატის ვენერა სარკის წინ ნაჯახით დაზიანება სცადა. ნახატზე გამოსახულია ვენერა, რომელიც დამთვალიერებლისგან ზურგშექცევით სარკეში იყურება, მისი შიშველი საჯდომი კი ნახატის ცენტრშია მოქცეული. რიჩარდსონის თქმით, მისი პროტესტი იმან გამოიწვია, თუ როგორ აშტერდებოდნენ პირდაღებული კაცები ნახატს, რომელიც დღეს ლონდონის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი.
"მეტროპოლიტენის მუზეუმში ქალები რომ მოხვდნენ, აუცილებლად შიშვლები უნდა იყვნენ?", — ეწერა ბილბორდზე, რომელიც ნიუ–იორკის ხელოვნების მუზეუმის წინ ფემინისტი აქტივისტების ჯგუფმა, სახელწოდებით "პარტიზანი გოგოები" (Guerrilla Girls), 1980–იან წლებში გამოფინა. მაშინ მუზეუმებში იმდროინდელი თანამედროვე ხელოვნების სექციაში წარმოდგენილი ნიმუშების მხოლოდ 4%-ს ჰყავდა ქალი ავტორი, ხოლო ნახატებში წარმოდგენილი შიშველი ფიგურების 76%-ზე ქალების სხეული იყო. ბილბორდებზე დაწერილი ჭკვიანური და ეფექტური გზავნილებით "პარტიზანმა გოგოებმა" ხელოვნების სამყაროს კრიტიკა დაისახეს მიზნად, სამყაროს, რომელიც ქალებს და სხვა უმცირესობებს უგულებელყოფდა.
2018 წელს ბრიტანელმა ხელოვანმა სონია ბოისმა ამ საკითხზე ყურადღების მისაქცევად განსხვავებული მიდგომა აირჩია, როდესაც მანჩესტერის ხელოვნების გალერეაში აუდიტორიის თვალწინ ჯონ უოტერჰაუსის ნახატის ჰილასი და ნიმფები ჩამოხსნა გაითამაშა. ადგილი კედელზე, სადაც ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ქალების ჯგუფის ნახატი ეკიდა, ერთი კვირა ცარიელი იყო. "ჩემი მიზანი იყო, ყურადღება გამემახვილებინა და კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა მუზეუმების მიდგომები, რომელთა საფუძველზეც წყდება, თუ რას გამოფენენ დამთვალიერებლებისათვის", თქვა ბოისმა მას შემდეგ, რაც მისმა ქცევამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და ცენზურის, პოლიტკორექტულობისა და ფემინისტური ექსტრემიზმის ბრალდებებიც გამოითქვა. "ნახატის ჩამოხსნას დისკუსია უნდა დაეწყო და არა მედიისგან თავდასხმა", აღნიშნავს ის, რეალურად კი, ორივე მოხდა. ხელოვნებისა და პორნოგრაფიის საკითხი დღემდე დიდი დავის საგანია.
"პორნოგრაფიასა და ხელოვნებას შორის გავლებული საზღვრები ყოველთვის ძნელად გასარჩევი იყო", ამბობს კენტის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ლექტორი, ჰანს მაესი, რომელიც ამ საკითხს დიდხანს იკვლევდა. "ზოგადად, მიჩნეულია, რომ პორნოგრაფია ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: მასში დაუფარავად არის ნაჩვენები სექსუალური ხასიათის ქმედება და მისი მიზანი მნახველის სექსუალურად აღგზნებაა. ისტორიიდან მრავლად შემორჩა სხვადასხვა კულტურის დიდებული ნიმუშები, რომლებიც ამ ნიშნებს თავის თავში აერთიანებს. გაიხსენეთ მოზაიკები პომპეიში, კამასუტრას ქანდაკებები ან გუსტავ კლიმტის ნახატები. გოიას შიშველი მაია შეადარეთ ფლეიბოის ჟურნალს და მითხარით, რომ მათ შორის ზღვრის გავლება მარტივია".
2014 წელს ხელოვანმა დებორა დე რობერტისმა გადაწყვიტა, გუსტავ კურბეს ნახატის სამყაროს წარმოშობა წინ გაშიშვლებულიყო, რათა ნახატში წარმოდგენილი ქალის გენიტალიები პარიზში მდებარე ორსეს მუზეუმის სტუმრებისთვის ცოცხლად აღედგინა. იგი ედუარდ მანეს ნახატის ოლიმპია წინ შიშვლად პოზირებისთვის დააკავეს, რომელიც ასევე ორსეს მუზეუმში იყო გამოფენილი. ამ გზით დებორას სურდა, ეკითხა: რატომ არის ადამიანის სხეულის ერთი გამოსახულება პორნოგრაფია, ხოლო მეორე — ხელოვნება?
წარსულში ცენზურა მსგავს გამოსახულებებს კონსერვატიული თუ რელიგიური ღირებულებებითა და მორალური ხრწნის მოტივით ებრძოდა. ამის საპირისპიროდ, ფემინისტებს, რომლებიც ქალების სექსუალური ხასიათის ნახატებს აკრიტიკებენ, თანაბარი უფლებები სურთ ქალებისთვის და ეშინიათ, რომ მსგავსი ნიმუშები ქალებს მხოლოდ სექსუალურ ობიექტებად წარმოაჩენს და მათი გავრცელება უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში დიდ წინაღობას შექმნის. მანჩესტერში, როცა ბოისმა გალერეაში ჯონ უოტერჰაუსის ნახატი ჩამოხსნა, ჰარვი ვაინშტაინის, ჯეფრი ეპშტეინისა თუ სხვათა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ფონზე ფემინიზმის მეოთხე ტალღა იკრებდა ძალას. ამის პარალელურად კი ცხარე განხილვები მიმდინარეობდა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ხელოვნების მიმართ, რომელიც თანამედროვეობისგან სრულიად განსხვავებულ ეთიკურ ჩარჩოებში შეიქმნა.
დიდხანს ძებნა არ გვჭირდება, რომ ამის მაგალითები ვიპოვოთ. ბენვენუტო ჩელინი დაჟინებით ითხოვდა, რომ ნატურად ახალგაზრდა ქალწულები გამოეყენებინა და ნახატის დასრულების შემდეგ მათთვის "ქალწულობა წაერთვა". ერიკ გილი საკუთარ ქალიშვილებს იყენებდა ნატურად და მათზე სექსუალურად ძალადობდა. "ჩვენ, ალბათ, უნდა განვასხვავოთ ნახატით ტკბობის კონტექსტი და ნახატის შექმნის კონტექსტი", ამბობს მაესი BBC Culture–თან ინტერვიუში. "მაგრამ თუ ვიცით, რომ ხელოვანი ძალადობდა ქალებზე და მისი ეს დამოკიდებულება შემოქმედებაშიც აისახება, მაშინ ეს ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობაზეც ახდენს გავლენას. ასეთი ხელოვანის ქმნილება მორალურად გაუმართლებისა და გულისამრევის შთაბეჭდილებას დატოვებს მაშინვე, როგორც კი გაიაზრებ, თუ როგორ შეიქმნა ის".
ჯეფრი ეპშტეინზე გადაღებულ ნეტფლიქსის დოკუმენტურ სერიალში ერთ–ერთი პოლიციელი ხაზს უსვამს იმას, რომ სექსუალურ ძალადობაში გასამართლებულ ამ გავლენიან კაცს თავის სასახლეში წარმოუდგენელი რაოდენობის ნახატები ჰქონდა გამოფენილი, რომლებზეც შიშველი ფიგურები იყო გამოსახული. ნებისმიერ მუზეუმსა თუ გალერეაში ჩვეულებრივი გამოფენის დროსაც მსგავსი ნახატები ასეთი ტკბობის ობიექტი შეიძლება გახდეს.
"ეს ნამდვილად დამაფიქრებელია", თანხმდება სარა უილიამსონი. "ჩვენს ხელოვნების საჯარო გალერეებში ყმაწვილი ქალების გამოსახულებით ბევრი ნახატია, რომელთა ხილვაც უსიამოვნებას გვგვრის. მაგალითად, მანჩესტერის ხელოვნების გალერეაში გამოფენილი არტურ ჰაკერის ნახატში სირინგა გამოსახულია შიშველი გოგო, რომელიც მოწყვლადისა და შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ნახატის ნახვა დისკომფორტს მიქმნის. მაგრამ ამ სფეროს ინსტიტუციები პატივს სცემენ "ძველი ოსტატების" შემოქმედებით ხედვასა და მათ შედევრებს, რასაც ავტომატურად ვთანხმდებით და გაუაზრებლად უცვლელ მოცემულობად მივიჩნევთ".
შიშველი სხეულების ხატვა დღესაც მიღებული პრაქტიკაა სახვითი ხელოვნების განათლებაში და მოდელების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. "რა თქმა უნდა, "კაცის მზერა" კვლავ იგრძნობა ნატურის ხატვის გაკვეთილებზე", ამბობს მერი ბიარდი, რომელიც თავად პოზირებდა გადაცემისთვის სიშიშვლის ელდა ჩატარებულ კვლევაში. "მრავალი გზით სცადეს, რომ ეს დამოკიდებულება გაექროთ და სხვადასხვა ლინგვისტური მეთოდი შეიმუშავეს, რათა ქალი მოდელისა და მხატვრის ურთიერთობის დესექსუალიზაცია მომხდარიყო, მაგრამ უშედეგოდ".
"ვირტუალურად პოზირება ის იყო, რისთვისაც თავის არიდებას ვცდილობდი", წერს ფრა ბიჩერი თავის ბლოგში პანდემიისას ნატურად მუშაობის გამოცდილებაზე. "არავის ვაძლევ უფლებას, ფოტო გადამიღოს, როცა მხატვრებისთვის ვპოზირებ. ონლაინ მუშაობისას კი ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაცა ფარულად, უკითხავად გადაიღებს შენს ფოტოს. მიუხედავად იმისა, რომ შიშველი სხეულების ფოტოგრაფიას არაფერს ვერჩი, ჩემი შიშველი ფოტოს ონლაინ გამოჩენა ძალიან მაშინებს". ფრას კიდევ ერთმა კოლეგამაც გამოხატა უკმაყოფილება: სამხატვრო ოთახის ნაცვლად სახლებიდან დისტანციურად ნატურაზე დამკვირვებლებს თავისუფლად შეეძლოთ, ხატვის ნაცვლად მასტურბაციით დაკავებულიყვნენ.
ამ ორივე ქალის წუხილი გვაჩვენებს, როგორი მკრთალი ზღვარია ხელოვნებასა და პორნოგრაფიას შორის და რამდენად რთულია გარკვეულ მკაფიო განსაზღვრებამდე მისვლა. მერი ბიარდმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელოვნებაში შიშველი სხეულების გამოსახვას ყოველთვის ემუქრება საფრთხე, რომ "ელიტების პორნოდ" შეიძლება იქცეს, რასაც ტვიტერსა და სტატიის კომენტარებში მეტწილად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბოისის მსგავსად, მან აღმოაჩინა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ინტერესის მაგივრად მტრობას აღძრავს ხალხში.
სწორედ ამიტომ ArtActivistBarbie, ბარბის პლასტმასის თოჯინა, რომელიც ფემინისტებისთვის გენდერული სტერეოტიპის განსახიერებაა, გენიალური სვლა იყო მისი შემქმნელის მხრიდან. "პრობლემა დისკუსიის დაწყებასა და რაღაცების განსხვავებულად დანახვაშია", ამბობს სარა უილიამსონი. "ArtActivistBarbie პრობლემის გადაჭრას სახალისოს ხდის და ამ პროცესში ქმნის სამყაროს, რომელშიც ქალებისთვის მეტი თანასწორობაა და ქალები მხოლოდ კაცის მზერის ობიექტები არ არიან".
ArtActivistBarbie–ს ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ პოსტში ის იატაკზე პოზირებს გალერეაში, მანეს ნახატის საუზმე ბალახზე წინ. პირველ სურათში ბარბი შიშველია ნახატზე გამოსახული ქალივით, გვერდით კი, ნახატის მსგავსად, სრულად ჩაცმული კაცი თოჯინები უზის. შემდეგ სურათში კი სცენა შეტრიალებულია და ბარბი თავის სამოსში არის გამოწყობილი, კაცი თოჯინები კი შიშვლები არიან.
საინტერესო კონტრასტია, ისეთი, როგორიც ნამდვილად დაგაფიქრებს.
კომენტარები