საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე დასმული კითვის პასუხად, პრემიერმინისტრმა ტრადიციულად ნაციონალურ მოძრაობას წარსული შეახსენა. პრემიერს ჰკითხეს, რას აკეთებს სახელმწიფო ამ პირების გასათავისუფლებლად, მან კი იმაზე ისაუბრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაღუპულთა ცხედრები დაუტოვა ოკუპანტებს, ომის შემდეგ კი დაზვერვის ოფიცრები დატოვა რუსეთში.

ღარიბაშვილმა ისევ განაცხადა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ აირიდა ომი და ყველა პრობლემა, რაც შემდეგ წამოიშვა — ბორდერიზაცია, გატაცება — "მათი ბრალეულობა" და "მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია".

აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რას აკეთებს ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად, თქვენ მეგობრებო მინდა რომ შეგახსენოთ შემდეგი და მოსახლეობას მინდა რომ ვუთხრა. ომის დროს კარგად მოგეხსნებათ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში. [...]

ამას გარდა, რუსეთში ჩატოვეთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები. ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა რუსეთის ფედერაციაში ჩატოვეს ჩვენი ოფიცრები. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იყვნენ 2008-დან 2012 წლამდე", — განაცხაადა ღარიბაშვილმა.

მისი მტკიცებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოხუმის და ცხინვალის ციხეში ჩატოვებული სპეცრაზმელებისა და ოფიცრების გათავისუფლებაში შეიტანა წვილი და დაამატა: "აი, კითხვა, რომ გაქვთ მე რა გავაკეთე, აი ეს გავაკეთე და თქვენ რა გააკეთეთ, ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, ცხინვალში და სოხუმში".

მხოლოდ ამ საუბრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ყველა სამსახურია ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში და თქვა: "გამოვიყვანთ ბატონ გახელაძეს, ბებუასაც და ყველას. აი, ეს არის ჩვენი პასუხი".

11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

გაიგეთ მეტი:

30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში აფხაზური ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს. ამ ფორმით მან გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.

დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 დეკემბერს მიუსაჯესა.

გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში, თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების უფლება მისცეს, ადგილობრივი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იქ არსებული ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, აფხაზურ მხარეს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.