"გაუგი! გაუგი! ანააა!" — დილის ექვს საათზე თინა ითხოვს თავისი საწოლიდან ჩვენთან გადმოყვანას. ოპერაციის შესრულებაზე მორიგეობა გვაქვს აღნიშნული. ეს ნამდვილი ბრძოლაა. სანგრიდან უცბად ამოძრომა, მტრის ნაწილში გადაპარვა და იქიდან თანამებრძოლის სამშვიდობოს გადმოყვანა ამ უკანასკნელის დაჟინებული ძახილის ფონზე — ანააა! გაუგი! გაუგი!

სამი საათი ერთად გვძინავს. როგორც წესი, დილის ცხრა საათიდან საწოლიდან წამოხტება ხოლმე და ჩვენც გვაიძულებს, ვხტუნავდეთ მარდად, სიხარულით და მასსავით დაუღალავად. იწყება ზრუნვა. მე ვბან ხელ-პირს, ვუვარცხნი თმას, ვუკეთებ კოპწია კოსას, ანა უმზადებს ფაფას და აჭმევს, მერე მე ისევ ხელებს ვბან და ლოყებს ვუკოცნი. ლოყებზე ხუთი მარცვლის სუნი ასდის. მეექვსე თვითონ არის და ალბათ შემომეჭმება.

შემდეგ ორივენი, მეც და ანაც ძლივს ვაკავებთ ვეშაპის გვერდით მცურავი ზვიგენივით მოძრავ თინას და პამპერსს ვუცვლით. მერე იწყება წიგნებისა და ვინილების მონაკვეთი, რა პერიოდშიც ანა ისვენებს. ვკითხულობთ მზის სისტემაზე, ვარსკვლავებზე, დედამიწაზე, ვეშაპებსა და ზვიგენებზე, ადამიანის აგებულებაზე. "ჩონჩიი, ჩონჩი, დავში ტინი" — ამბობს მკვირცხლად, მკვირცხლი თინი. ვუსმენთ ვინილებს, როგორც თავად ეძახის, ფირტიტებს და ვცეკვავთ. "ბიტელსი ჩათე, ჩათეეე, ჯოი, პოი, რანდუ, ჯოჯიიიიი!" — გაჰყვირის თინა.

ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ჩემი შესვენება და ანა აგრძელებს ციბრუტ თინასთან თამაშს. თინა ამზადებს ბურგერს, ანა უჭამს. თინა მღერის, ანა უსმენს. თინა ყრის, ანა გვის. შუადღეზე ანა ბოსტნეულის წვნიანს აჭმევს ბალახისმჭამელ თინოზავრს, რომელიც ბედნიერია და შხლუპ-შხლუპის გახმოვანებით გემოთი კმაყოფილებას გამოხატავს. ამის შემდეგ აწყობენ ფაზლებს. მალე მეც ვუბრუნდები საბრძოლო ველს და საბანაოდ მიმყავს.

რაც დაიბადა, მე ვაბანავებ. "გაუგი, გაუგი, ჭუპჭუპა მინდა", შემომძახებს ხოლმე. მეც დავსვამ აბაზანაში თავის სკამზე და ვაჭყუმპალავებ. თმაზე შამპუნს რომ ავუქაფქაფებ, ცოტას მეჩხუბება, მაგრამ, რას იზამ, აბა თქვენ გიქაფქაფებდეთ ვინმე თავზე შამპუნს? აბაზანიდან ვერ გამოიყვან, დელფ(თ)ინია!

საღამოსკენ ორი-სამი საათით გარეთ გამყავს და სამყაროს აღმოჩენას იწყებს. აკვირდება ქვებს, ხეებს, ფოთლებს, გუბეეებს, კატებს, ძაღლებს, კატისნაირ და ძაღლისნაირ ადამიანებს. დავდივართ ყველგან, რესტორნებში, ბარებში, გასართობ ცენტრებსა თუ ბოსტნეულის მაღაზიებში. "ბოკოლი მინდა", გაჰყვირის თინა, ბროკოლს თუ უნდა მყვირალა თინა?! ვყიდულობთ ბროკოლს, კომბოსტოს, მწვანილსა და სხვა სასარგებლო ბოსტნეულს. უბანში ყველა გვცნობს, როგორც დუეტს. ყველამ იცის ჩვენი უარყოფითი (თინა ხშირად მთხოვს ქუჩაში მარტო დავტოვო და ჩემს გზას დავადგე — "წადი, წადი, შემეში!") და დადებითი მხარეების (თუ მე მართლა ჩემს გზას ვადგები, მეძახის — "გაუგი მოდიი, ამიკანეეე" და აყვანის მერე ლოყაზე ასჯერ მკოცნის) შესახებ. ყველგან გვცნობენ და გვესალმებიან. ხშირად იმასაც მეუბნებიან, კარგი მამა ხარ, ამდენ დროს რომ ატარებ შვილთანო. მაქებენ და მადიდებენ. ვიბღინძები, მიხარია.

მხოლოდ ერთი კაცია, რეზო ბიძია, ყველაფრით უკმაყოფილო, ჭაღარა და სათვალიანი. ხშირად უბნის სკვერში ზის, გადასახვევ სიგარეტს აბოლებს და ყველას ჭკუას გვარიგებს ხოლმე. ერთხელ, როდესაც უბნელი დეიდები თინაზე ზრუნვის გამო ხოტბას მასხამდნენ, მოვიდა და მითხრა, სულაც არ არის მზრუნველი მამის შექება აუცილებელიო.

მომიყვა, შვილის ყოლასთან ერთად, თავის დროზე როგორ ერგო მამის ცარიელი სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში მამობასთან დაკავშირებული დაუმსახურებელი პრივილეგიები ავტომატურად მოუტანა. გაიხსენა, რომ პირველ რიგში, თვალში მოხვდა შეცვლილი, თბილი დამოკიდებულება ხალხისგან — "თითქოს რაიმე დიდი საქმე გავაკეთე, მხოლოდ ბიოლოგიური მამობით". მისი აზრით, მამობა კაცისთვის პირველ რიგში, საზოგადოების დაფასებულ წევრად აღიარების საშუალება ხდება, ვითომ ნორმალურობის საბუთი. კაცებს მარტო ბავშვის დაბადებაში მონაწილეობისთვის გვაქებენო. ბოლოს დაამატა, რომ მამობა პირველ რიგში ოჯახის წევრებზე ზრუნვაა, ზრუნვა, როგორც განმეორებითი ქცევა, რომელსაც არ სჭირდება ხაზგასმა და ტაშის დაკვრა. თუკი ოდესმე რამემ სითბო და ბედნიერება მომიტანა, ჩემს შვილებზე ზრუნვა და მათთან სიახლოვე იყოო.

ფოტო: UNFPA

სახლში რომ ვბრუნდებით მე და თინა, ზოგჯერ უკმაყოფილო რეზო ბიძიას ნათქვამზე ვფიქრობ. მართალია, მამის ზრუნვა ისეთივე უხილავი უნდა გახდეს, როგორც აქამდე დედის იყო, რომელსაც არავინ აქებს შვილებთან გატარებული ათასობით საათისა და სითბოს გამოხატვის გამო. როგორც დედობის, ასევე, მამობის როლის შემადგენელი ნაწილი ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველი ქცევა და სითბოს გამოხატვა უნდა გახდეს. ამ ფიქრებიდან სახლის კართან მდგარ თინას ყვირილს გამოვყავარ ხოლმე: "ანაააა, გააღე კარიიი!". ანა ხელ-პირს ბანს და მალევე, პიჟამოში გამოწყობილი ხინკალივით თინკალი ლოგინისკენ მიიძურწება. უმეტესად მე ვაძინებ. ეს ბურთივით მრგვალი და ლიბერალი ადამიანი ისეთი რადიოლაა, ზღაპრის მოყოლას რომ ვთავაზობ, მაწყვეტინებს და დიდი მონდომებით თვითონ აგრძელებს სხვადასხვა პერსონაჟის სახელებით შეთხზულ ამბებს.

თინას ჩაძინების შემდეგ მე და ანა ოთახში ჩუმად ვსხვდებით და სიმშვიდეში ვცდილობთ ენერგია შემდეგი დილის ჩვეული ბრძოლებისათვის მოვაგროვოთ.


წინამდებარე პუბლიკაცია კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ", პროგრამა "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მისი შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიზრუნოთ ერთად" პასუხისმგებლობას წარმოადგენს და, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის და UNFPA-ს ხედვას.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაციის — "ვიზრუნოთ ერთად" მიერ.