თამაზის სათბური და ემას ფუტკრები — როგორ უჭერს მხარს UNDP შშმ პირებს
თამაზ გაბლაია აფხაზეთიდან დევნილია. ომში ფეხი დაიზიანა და მას შემდეგ სრულფასოვნად ვერ გადაადგილდება. სოხუმის დაცემის შემდეგ ოჩამჩირის რაიონიდან წამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა.
გასული წლის ნოემბერში ოჯახთან ერთად მცირე ზომის სათბური მოაწყო, სადაც რამდენიმე სახის ბოსტნეული მოჰყავს და ყიდის.
"მე თუ საკმარისად მოვიყვანე, მეზობლებისთვის მიყიდვაც საკმარისი იქნება. 42 ოჯახი ცხოვრობს აქ. აგერ მოვკრიფავ და ვაძლევ. თანაც, ბაზართან შედარებით მათ იაფად ვაძლევ, მაინც მეზობელია", — ამბობს გაბლაია.
სათბურის გაკეთება მან UNDP-სა და ორგანიზაცია ჰანგის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეძლო, რომელიც შშმ პირებისთვის ეკონომიკურ საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ახლა გათბობის მოწყობა სურს, რათა სათბურმა ზამთარშიც იმუშაოს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად, გაეროს განვითარების პროგრამა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ჰანგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტრენინგები ჩატარდა, სადაც მათ მცირე საოჯახო ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის უნარ-ჩვევები შეიძინეს, ამასთან, გაეცნენ საგადასახადო რეგულაციებს.
სოფელ ალერტკარის მაცხოვრებელი, მეფუტკრე ემა გულუა ერთ-ერთია, ვინც წარმოებისთვის დაფინანსება მიიღო. მას ბრონქული ასთმა აქვს.
"ახლა უფრო რეალიზაციით ვარ დაკავებული, რადგან ალერგიულ ფონზე მეშინია, არ გამირთულდეს და პრობლემები შემექმნას. ამიტომ თაფლის ამოღებაში სხვა მეხმარება", — აღნიშნავს გულუა.
ამბობს, რომ თაფლს ძირითადად მეზობლები ყიდულობენ და გასაყიდად ზუგდიდშიც მიაქვს:
"ფუტკრით დავინტერესდი, რადგან რაც თავი მახსოვს, მამაჩემს მუდმივად ჰყავდა ფუტკარი, უვლიდა და ძალიან მიყვარდა. პროფესიაც კარგია, რადგან ფუტკართან ურთიერთობაა კარგი. თაფლიც ყველაზე სასარგებლოა".
ასოციაცია ჰანგი 1999 წლიდან არსებობს და ამ ხნის განმავლობაში შშმ პირთა საკითხებზე მუშაობს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუსლან საჯაია ამბობს, UNDP-ის კონკურში მონაწილეობა იმიტომ მიიღეს, რომ შშმ პირებისთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობები გაეჩინათ.
პროექტის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში გაავრცელეს და 90 ბენეფიციარს ტრენინგები ჩაუტარეს. ჯამში შვიდი მუნიციპალიტეტიდან 33 განაცხადი მიიღეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამარჯვებული ბენეფიციარებისა და ჰანგის მონაწილეობით საქართველოში პირველად მეწარმე შშმ პირთა ასოციაცია ჩამოყალიბდა. ასოციაციის მიზანი იქნება წევრი მეწარმეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს, ამასთან, მოიძიოს დამატებითი თანხები და იდეების განხორციელებაში სხვა შშმ პირებს ხელი შეუწყოს.
თამაზი და ემა ერთადერთები არ არიან, ვინც შეძლო, ამ პროექტით საკუთარი საქმიანობა წამოეწყო. შვიდ მუნიციპალიტეტში 14 იდეა დაფინანსდა: მათ შორის არის მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება, სასათბურე მეურნეობები, მავთულ-ბადის დამზადება/რეალიზაცია, ჩირსაშრობი და თევზსაშენები.
კომენტარები