27 მაისს გუმათში დაკავებულ აქტივისტებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ მუხლზე შენიშვნა მისცა, ხოლო მეორეზე საქმის წარმოება შეწყდა. საუბარია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებზე. აქტივისტებს შენიშვნა ხულიგნობის მუხლისთვის მიეცათ, ხოლო საქმის წარმოება სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე შეწყდა.

26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი აბრახუნებდნენ რკინის ჯებირზე, რომელიც პოლიციამ გზის გადასაკეტად აღმართა. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, რომ ბარიკადების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტებმა კი აღნიშნეს, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

27 მაისს გუმათში რიონის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის ჯებირებზე ბრახუნი დაიწყო, ნაწილმა კი სცადა ჯებირებზე მიწოლა. უკან დახევაზე ორგანიზატორების მოწოდების მიუხედავად, ყველას გაკონტროლება ვერ მოხერხდა და სიტუაცია დაიძაბა. დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის.