რა ხდება ორგანიზმში მას შემდეგ, რაც სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ
თამბაქოს მოწევისას ნიკოტინი ადამიანის ტვინში სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს, თუმცა შეგრძნება იმდენად ცოტა ხანს გრძელდება, რომ მორიგი ღერის მოწევის სურვილი მალევე იღვიძებს. პროცესი საბოლოოდ ნიკოტინდამოკიდებულების სახით ფორმირდება და მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება. აქედან 2 ათასზე მეტი არამწეველია.
ნიკოტინზე დამოკიდებულება იწვევს ქოშინს, სუნთქვის გაძნელებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის კიბოს და სხვა პათოლოგიებს. თამბაქოს მოწევისას იკლებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, შენელებულია კოლაგენის სინთეზი და გაცილებით მეტად გამოხატულია დაბერების ნიშნები. სამწუხარო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პასიური მწეველების, ანუ ადამიანების, რომელთა ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლების წრე მუდმივად მოიხმარს ნიკოტინს, ჯანმრთელობა ასევე რისკ-ჯგუფშია. არასდროს არის გვიან, თქვათ უარი თამბაქოზე დამოკიდებულებაზე.
დღეს კი მოგიყვებით იმას, თუ რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ანებებთ.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 20 წუთში:
თქვენი ორგანიზმი მწყობრში ასე მალე ვერ დგება, თუმცა დადებითი ზეგავლენა უკვე საგრძნობია. სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება, ბრონქიოლების ბოლოებში არსებულ საჰაერო პარკებში, ალვეოლებში, აირების მიმოცვლა ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 8 საათში:
რვა საათში, ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალიზდება. თამბაქოს მოწევისას სწორედ ეს ქიმიური ელემენტი ანაცვლებს სისხლში ჟანგბადის მოლეკულებს, რაც მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება; იკლებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, მწეველს აწუხებს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, უენერგიობა.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 24 საათში:
თუ ბოლო სიგარეტის მოწევიდან 24 საათი გავიდა, ითვლება, რომ გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 48 საათში:
2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. შესაძლოა იმ შეგრძნებების გაუმჯობესება, რომელიც მოწევისას დაქვეითებული გქონდათ. გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 72 საათში:
3 დღის შემდეგ უფრო მარტივად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ეს დადებითად აისახება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლაზე.
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.
ერთი კვირა სიგარეტის გარეშე:
ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. სტატისტიკურად, ამ ნიშნულზე მისული ადამიანებისთვის, მოწევაზე საბოლოო უარის თქმის შანსი 9-ჯერ არის გაზრდილი.
ბოლო ღერი სიგარეტიდან ორ კვირში:
გაუმჯობესებული ცირკულაცია და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება აისახება არა მხოლოდ უკეთ სუნთქვაში, არამედ უფრო მსუბუქად სიარულშიც. გილოცავთ, თქვენი ფილტვების ფუნქცია 30%-ით გაუმჯობესებულია.
ერთი თვე უსიგარეტოდ:
გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დანებებიდან ერთი თვის თავზე გრძნობს მომატებულ ენერგიას, ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს, შემცირებულია ქოშინი და მოწევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.
ამავდროულად, ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.
სამი თვე სიგარეტის გარეშე:
ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 6 თვეში:
წარმოიდგინეთ, გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სტრესულ სიტუაციებში სიგარეტისკენ ხელი აღარ გაურბით, ნაკლებს ახველებენ, ხველებისას ლორწოს აღარ უჩივიან, რადგან სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ნელ-ნელა იკურნება.
ერთი წელი უსიგარეტოდ:
თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში:
გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწევლის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში:
ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.
15 წელი სიგარეტის გარეშე:
გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი.
გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში!
სამედიცინო ცენტრი ციტო ჯანმრთელობას გისურვებთ!
კომენტარები